ტოტენჰემი Vs ლივერპული: 11 საინტერესო ამბავი ლივერპულზე
11 საერთაშორისო ჯილდოთი ლივერპული ინგლისის ყველაზე ტიტულიანი კლუბია: მერსისაიდელებმა 5-ჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი/ლიგა, 3-3-ჯერ კი უეფას და ევროპის სუპერთასები გამოფინეს ენფილდ როუდზე მდებარე საკლუბო მუზეუმში.
ბევრის აზრით, დღევანდელ ფინალში ფავორიტი ლივერპულია, სკეპტიკოსები კი ამბობენ, რომ წითლებს გადამწყვეტი მატჩების მოგება უჭირთ და დასტურად ბოლო სამ ევროფინალს იხსენებენ: 1:2 მილანთან 2007 წელს, ლიგაზე; 1:3 სევილიასთან 2016 წელს ევროპალიგაზე და შარშანდელი 1:3 რეალთან.
ფანებს ძალიან უყვართ პროგნოზები, ფეხბურთი და, მით უმეტეს, ლიგის ფინალი კი ამის გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ ჩვენ დღეს მხოლოდ იმას გეტყვით, რაც ზუსტად ვიცით.
მაშ ასე, 11 ფაქტი ლივერპულზე:
1: ევროპის საკლუბო ტურნირებში ლივერპული 21-ე შეხვედრას გამართავს ინგლისურ კლუბთან.
ენფილდროუდელთა სტატისტიკა შემდეგ გვამცნობს: 7 გამარჯვება, 8 ფრე და 5 წაგება, ბურთების შეფარდება 25:21.
ბოლო 5 ინგლისური ევროდაპირისპირებიდან ლივერპულმა 3 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა.
2: გამარჯვების შემთხვევაში ლივერპული მეექვსედ მოიგებს თასს და ტურნირის მე-3 ყველაზე ტიტულიანი კლუბი გახდება.
რეკორდსმენი რეალია 13 ტიტულით, მილანის აქტივში კი 7 გამარჯვებაა.
ლივერპულის დარად 5-5 თასი აქვთ მიუნხენის ბაიერნს და ბარსელონას.
ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალების რაოდენობით – 9 – ლივერპულმა ბარსელონას გადაასწრო, თუმცა ბაიერნს ერთით ჩამორჩება. ასევე 9-ჯერ უთამაშია ფინალში იუვენტუსს, მაგრამ იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა თასი მხოლოდ 2-ჯერ მოიგო.
3: წინა გათამაშების ფინალში იურგენ კლოპის გუნდი 1:3 დამარცხდა რეალთან.
მხოლოდ იუვენტუსმა (1997, 1998) და ვალენსიამ (2000, 2001) წააგეს ზედიზედ ორი გადამწყვეტი პაექრობა.
4: ლივერპული მეხუთედ ითამაშებს მადრიდში – მოგება, ფრე და 2 წაგება.
წითლებმა ესპანეთის დედაქალაქში ბოლო 2 მატჩი დათმეს: 2009-10 წლების ევროპალიგის ნახევარფინალი მადრიდის ატლეტიკოსთან – 0:1 და ამავე ანგარიშით 2014-15 წლების ჯგუფური ეტაპის პაექრობა რეალთან.
5: ევროპის საკლუბო ტურნირებში ლივერპული მე-19 მატჩს გამართავს ესპანეთში. 7 გამარჯვება, 5 ფრე და 6 წაგება – ასეთია მერსისპირელთა სადღეისო სტატისტიკა.
საგულისხმოა, რომ ესპანეთში ჩატარებული ბოლო 5 გასვლიდან ლივერპულმა 4 წააგო, მათ შორის ამ სეზონის პირველი ნახევარფინალი ბარსელონასთან – 0:3.
6: ტოტენჰემთან დაპირისპირება ლივერპულის გერმანელი მწვრთნელისთვის მეხუთე კარიერული ფინალია.
დორტმუნდის ბორუსიაში მოღვაწეობისას იურგენ კლოპმა რურის მხარის კლუბი 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა (მარცხი ბაიერნთან), ლივერპულში გადასვლის შემდეგ კი 2016 წელს ინგლისის ლიგის თასი მანჩესტერ სიტისთან დათმო, ხოლო ევროპალიგის ფინალი სევილიასთან.
ერთი წლის წინ კლოპის ლივერპული რეალთან დამარცხდა გადამწყვეტ მატჩში.
7: ევროპის საკლუბო ტურნირებში ლივერპული და ტოტენჰემი მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. 1972-73 წლების უეფას თასის გათამაშების 1/2-ფინალური პაექრობა ფრედ 2:2 დასრულდა – ლივერპულმა ლონდონში, უაით ჰართ ლეინზე გატანილი გოლით მოიპოვა ფინალის საგზური – 1:2, 1:0.
8: მადრიდული ფინალი მეტოქეთა 171-ე დაპირისპირებაა. ინგლისის ჩემპიონატში, თასზე, ლიგის თასსა და ევროთასებზე გამართული 170 თამაშიდან 79 ლივერპულის სასარგებლოდ დასრულდა, 48-ში ტოტენჰემ ჰოთსფურმა გაიმარჯვა, 43-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
ბოლო 14 პაექრობიდან 9 ლივერპულმა მოიგო, ტოტენჰემმა კი მხოლოდ ერთი.
2018-19 წლების პრემიერლიგაში წითლებმა ორივე მატჩში 2:1 გაიმარჯვეს.
9: ხსენებული 170 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი იყო ფინალი: 1982 წელს, ინგლისის ლიგის თასის გადამწყვეტ მატჩში ლივერპულმა დამატებით დროში 3:1 მოუგო ტოტენჰემს. ლონდონელები სტივ არჩიბალდის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა რონი უელანმა დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი ლეგენდარულმა იან რაშმა მიითვალა.
10: საპასუხო ნახევარფინალში, ბარსელონასთან 4:0 მოგებულ მატჩში ვირჯილ ვან დაიკმა 50-ე თამაში ჩაატარა ევროთასებზე. ამ ნიშნულს მიაღწევს შაქირიც, თუ ფინალში იასპარეზა.
11: ლივერპულის შემადგენლობიდან საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე გამოცდილი ჯეიმს მილნერია, რომელმაც ევროპის საკლუბო ტურნირებში 97-ჯერ ითამაშა (9 გოლი).
გოლების მხრივ პირველი მოჰამედ სალაჰია – 26 ზუსტი დარტყმა (77 მატჩში).
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 1 ივნისი)