ტოტენჰემი Vs ლივერპული: 20 ამბავი

ყველაზე პრესტიჟული, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ძველი ევროპული საკლუბო ტურნირი რამდენიმე საათში დასრულდება: მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე ტოტენჰემ ჰოთსფური ლივერპულს დაუპირისპირდება.
მეტოქეებმა ამ სეზონში 2-ჯერ ითამაშეს და ორივე შემთხვევაში ლივერპულმა მოიგო, თუმცა ის ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩები იყო, დღეს კი ევროპის საკლუბო ჩემპიონი ვლინდება.
ჩემპიონთა ლიგის ისტორია 1992 წლის შემოდგომიდან იწყება, ეს ტურნირი კი ჩემპიონთა თასის მემკვიდრე გახლავთ, რომელიც თავის მხრივ 1955 წლის ზაფხულიდან იღებს სათავეს.
2018-19 წლების გათამაშება რიგით 64-ეა. განვლილ წლებსა და ტურნირებს უამრავი საინტერესო ფაქტი, ძალიან დიდი გუნდები და სუპერვარსკვლავები ახსოვს, თუმცა ამ ჩამონათვალში მხოლოდ ფინალური რეკორდები და მთავარი მწვერვალები გამოვარჩიეთ. დიდი ფინალის წინ 20 საინტერესო ამბავი, ვფიქრობთ, ურიგო არ უნდა იყოს
.

1: ჩემპიონთა თასის/ლიგის აქამდე გამართული 63 ფინალიდან 6-ში ერთი და იმავე ქვეყნის კლუბებმა იასპარეზეს.
პირველი ასეთი ფინალი 2000 წელს, სტად დე ფრანსზე გაიმართა, სადაც რეალმა 3:0 სძლია ვალენსიას.
2014 და 2016 წლებში კიდევ ორი ესპანური ფინალი ვიხილეთ – რეალმა ორივე შემთხვევაში მადრიდის ატლეტიკოს მოუგო.
2003 წელს მილანმა მანჩესტერში პენალტების სერიაში სძლია იუვენტუსს, 2008 წელს, მოსკოვში, მანჩესტერ იუნაიტედმა ასევე 11-მეტრიანებით დაამარცხა ჩელსი, ხოლო 2013 წელს პირველი გერმანული ფინალი გათამაშდა – ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსიას აჯობა.

2: ევროპის ჩემპიონთა თასის/ლიგის მფლობელი მეხუთედ გამოვლინდება მადრიდში, თუმცა პირველად ატლეტიკოს სარბიელზე. 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში ფინალებს რეალის ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუმ უმასპინძლა.

3: ფინალში გასასვლელად ორივე გუნდს 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუხდა. ლივერპულმა პირველი თამაში კამპ ნოუზე 0:3 წააგო და შინ, ენფილდ როუდზე 4:0 სძლია ბარსელონას, ხოლო ტოტენჰემ ჰოთსფური საშინაო 0:1-ის შემდეგ ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე 2 ბურთით აგებდა აიაქსთან და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.

4: ტოტენჰემ ჰოთსფურის და ლივერპულის ფინალში გასვლით ინგლისმა მე-13 ჩემპიონთა თასი გაინაღდა და ყველა დროის სიაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
იტალიელთა აქტივში 12 თასია, ლიდერი კი ესპანეთია 18 ტრიუმფით. პირენელთა ყველა გამარჯვება მადრიდის რეალსა და ბარსელონაზე მოდის.

5: ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჰეთ-თრიქი არავის შეუსრულებია. ჩემპიონთა თასის ფინალების გათვალისწინებით, მხოლოდ სამმა მოახერხა ერთ მატჩში 3 ან მეტი გოლის გატანა: 1960 წელს მადრიდის რეალის ფორვარდებმა ფერენც პუშკაშმა და ალფრედო დი სტეფანომ ფრანკფურტის აინტრახტს, შესაბამისად, 4 და 3 გოლი შეუგდეს. თამაში რეალმა 7:3 მოიგო.
1962 წელს პუშკაშმა 3 გოლი გაუტანა ბენფიკას, თუმცა მისი რეალი დამარცხდა.
1969 წელს, აიაქსთან 4:1 მოგებულ ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა მილანის იტალიელმა ბომბარდირმა პიერინო პრატიმ.

6: ჩემპიონთა თასის/ლიგის ერთზე მეტ ფინალში 20-მა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი.
ყველაზე მეტი „ფინალური“ ბურთი – 7 – ალფრედო დი სტეფანოს და ფერენც პუშკაშს ეკუთვნით.
დი სტეფანომ ყველაზე მეტ – 5 – ფინალში გამოიჩინა თავი, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 3 გადამწყვეტ შეხვედრაში გაიტანა გოლი.
რონალდუ ასევე ერთადერთია, რომელმაც გოლი 2 კლუბის მაისურით შეაგდო და ორივე შემთხვევაში თასი მოიგო.

7: 2005 წლის ფინალში, ლივერპულის წინააღმდეგ, მილანის ლეგენდარულმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ 51-ე წამზე გახსნა ანგარიში. ეს ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია. მალდინის კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის – პირველი და ბოლო გამარჯვება 18 წლის ინტერვალით იზეიმა.

8: ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში – 1956 წლიდან – მხოლოდ 3 ფეხბურთელი გააძევეს: იენს ლემანი (არსენალი; 2006), დიდიე დროგბა (ჩელსი; 2008) და ხუან კუადრადო (იუვენტუსი; 2017).

9: კლარენს ზეედორფი ერთადერთია, რომელმაც 3 სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი.
მან 1995 წელს აიაქსის, 1998 წელს რეალის მაისურით, 2003 და 2007 წლებში კი მილანთან ერთად გაიმარჯვა.

10: ლივერპულის ლეგენდარული მწვრთნელი ბობ პეისლი გახლდათ პირველი, რომელმაც 3-ჯერ მიიყვანა გუნდი ტრიუმფამდე: 1977, 1978 და 1981 წლებში.
პეისლის რეკორდი მხოლოდ კარლო ანჩელოტიმ (2003, 2007, 2014) და ზინედინ ზიდანმა (2016, 2017, 2018) გაიმეორეს.

11: ჩემპიონთა თასი 2 კლუბთან ერთად მხოლოდ 5 მწვრთნელს მოუგია: ერნსტ ჰაპელს (ფეიენოორდი – 1970, ჰამბურგი – 1983), ოტმარ ჰიცფელდს (დორტმუნდის ბორუსია – 1997, ბაიერნი – 2001), ჟოზე მოურინიუს (პორტუ – 2004, ინტერი – 2010), იუპ ჰაინკესს (რეალი – 1998, ბაიერნი – 2014) და კარლო ანჩელოტის (მილანი – 2003, 2007, რეალი – 2014).

12: ჩემპიონთა თასი/ლიგა ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მხოლოდ 7-მა მოიგო: მიგელ მუნიოსმა (1956, 1957-1960, 1966), ჯოვანი ტრაპატონიმ (1963, 1969-1985), იოჰან კრუიფმა (1971, 1972, 1973-1992), კარლო ანჩელოტიმ (1989, 1990-2003, 2007, 2014), ფრენკ რაიკაარდმა (1989, 1990, 1995-2006), ხოსეპ გვარდიოლამ (1992-2009, 2011) და ზინედინ ზიდანმა (2002-2016, 2017, 2018).

13: უელსელი გარეთ ბეილი პირველია, რომელმაც ფინალში 2 გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა. მან ეს შარშან, ლივერპულის წინააღმდეგ მოახერხა, 3:1 მოგებულ ფინალში.

14: კორეელი პარკ ჯი-სუნი პირველი აზიელია, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო. მან ეს 2008 წელს, მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში შეძლო.

15: ოუენ ჰარგრივზი პირველი ბრიტანელია, რომელმაც ჩემპიონთა თასი/ლიგა 2 კლუბთან ერთად მოიგო: 2001 წელს ბაიერნის შემადგენლობაში, 2008 წელს კი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად.

16: სტივ მაკმანამანი პირველი ბრიტანელია, რომელმაც 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამავდროულად, ის პირველი ინგლისელია, რომელმაც თასი არაბრიტანული კლუბის მაისურით აღმართა – 2000 და 2002 წლებში მადრიდის რეალის შემადგენლობაში.

17: შოტლანდიელი პოლ ლამბერტი პირველი ბრიტანელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა არაბრიტანულ კლუბთან ერთად მოიგო – 1997 წელს დორტმუნდის ბორუსიას შემადგენლობაში.

18: ესპანელი ფრანსისკო ხენტო ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა თასი 6-ჯერ აღმართა. ყველა შემთხვევაში მადრიდის რეალის მაისურით – 1956, 1957, 1958, 1959, 1960 და 1966.
ბოლო ტრიუმფისას ის გუნდის კაპიტანი გახლდათ.

19: მხოლოდ ფრანც ბეკენბაუერმა (ბაიერნი – 1974, 1975, 1976) და სერხიო რამოსმა (რეალი – 2016, 2017, 2018) მოიგეს ჩემპიონთა თასი/ლიგა 3-3-ჯერ კაპიტნის სტატუსით.

20: ფინალის მსაჯია დამირ სკომინა, ვინც ფიფას არბიტრი 2003 წელს გახდა.
სხვადასხვა დროს არაერთ დიდ ტურნირზე იმსაჯა, მათ შორის გამოსარჩევია ევრო 2012, ევრო 2016 და მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატი.
2007 წელს მას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის, 2012 წელს ევროპის სუპერთასის, ხოლო 2017 წელს ევროპალიგის გადამწყვეტი მატჩები ანდეს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 1 ივნისი)

ka_GEGeorgian