ტურ დე ფრანსი 2019 – ლეგენდები: ლუის ბობე

ლუის ბობე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და II მსოფლიო ომის შემდგომი პირველი დიდი ფრანგი ველომრბოლი იყო.

ბობე ერთ-ერთია იმ შვიდთაგან, რომლებმაც ტურ დე ფრანსი მინიმუმ 3-ჯერ მოიგეს, ხოლო 1953, 1954 და 1955 წლების ტრიუმფებით ის გახდა პირველი, ვინც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ეს გრან ტური.

ლუის ბობეს დებიუტი გრან ტურებზე 1947 წელს, საფრანგეთში შედგა, ერთი წლის შემდეგ კი ტურზე ჩინებული ასპარეზობით, საყოველთაო ყურადღება მიიქცია – 2 ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაში მე-4 ადგილზე გავიდა.

1950 წელს ფრანგი პირველ დიდ ტიტულებს იგებს: საფრანგეთის ჩემპიონი გახდა საგზატკეცილო რბოლაში, ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ერთდღიან კრიტერიუმ დე ასში, ტურ დე ფრანსზე კი მთის მეფის ტიტული მოიგო.

1951 წლის შედეგებით ფრანგი მსოფლიოს საუკეთესო ველოსპორტსმენთა შორის იმკვიდრებს ადგილს: მთის მეფე ხდება უკვე იტალიაში, ჯირო დ’იტალიაზე.

ამას გარდა, მეორედ ხდება ქვეყნის ჩემპიონი და კიდევ 5 კლასიკურ რბოლას ასრულებს პირველ ადგილზე, მათ შორის კრიტერიუმ ინთერნეშენალს, ჯირო დი ლომბარდიას და პრესტიჟულ მილან-სან რემოს.

1953-55 წლებში ლუის ბობე ფრანგების ფავორიტია: ტურ დე ფრანსზე ზედიზედ 3 ტრიუმფით მან უზომოდ პოპულარული რბოლის ისტორია დაწერა! იმ წლებში მან 7 ეტაპიც მოიგო.

1954 წელს ბობე მსოფლიოს ჩემპიონი ხდება საგზატკეცილო რბოლაში, მისი ბოლო დიდი გამარჯვება კი ბორდო-პარიზის ერთდღიანი კლასიკური შეჯიბრი იყო.

1960 წელს ძმასთან ერთად ავტოავარიაში მოყვა, რამაც დააჩქარა კიდეც ბრწყინვალე სპორტსმენის კარიერის დასასრული.
ლუის ბობე 1983 წლის 13 მარტს, 58-ე დაბადების დღის მეორე დილით გარდაიცვალა. სპორტსმენი სიმსივნემ იმსხვერპლა.

მოგვიანებით მის მშობლიურ ქალაქ სენ-მეენ ლე გრანში ერთ-ერთ ქუჩას ლუის ბობეს სახელი მიენიჭა, ხოლო მის სახლში მუზეუმი გაიხსნა.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 25 ივლისი)

ka_GEGeorgian