ტრადიციულად: ფორცა იტალია!
დღეს უეფას ერთა ლიგის მეორე ფინალური ეტაპი იწყება: ჩემი ფავორიტი იტალია, ზაფხულში ევროპის ჩემპიონობით რომ გამახარა, მილანში ესპანეთს დაუპირისპირდება, ხვალ კი ტურინში, იუვენტუსის საშინაო არენაზე ბელგია და საფრანგეთი ითამაშებენ. ნახევარფინალში გამარჯვებულები 10 ოქტომბერს მილანში, სან სიროზე გაითამაშებენ თასს, ხოლო ხელმოცარულები რამდენიმე საათით ადრე ტურინში გამოავლენენ მესამეადგილოსანს.
ერთა ლიგის თასი პირველად 2019 წელს გათამაშდა და ის კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიამ მოიგო, წლევანდელ ტურნირში მონაწილე ოთხეული კი პირველად იბრძვის მისთვის.
ერთიც ამ ოთხეულზე და მერე მხოლოდ იტალიაზე გადავალ: 2021 წლის 6 ოქტომბრისთვის გუნდებს ფიფას რეიტინგში ეს ადგილები უჭირავთ – ბელგია პირველია, საფრანგეთი მეოთხე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალია მეხუთეა, ესპანეთი კი მერვე. მოკლედ, სუპერტურნირისთვის ყველა პირობაა.
როგორ ხვდება იტალია დღევანდელ მატჩს?
როგორ და ახალი ლოგოთი. უფრო სწორად, ფეხბურთის ფედერაციის ახალი ემბლემით, თორემ ნაკრები გუნდების მაისურებზე რაც იყო გამოსახული – სახელმწიფო დროშის ფერებით დამშვენებული ფარი ოთხი ვარსკვლავით, ის უცვლელი რჩება. ბელგიის, ესპანეთის და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციებმა/კავშირებმა წელს ნაკრებისგან განსხვავებული ლოგოები აირჩიეს და იტალიაც, ასე ვთქვათ, მოდას აჰყვა.
რაც შეეხება კონკრეტულად ესპანეთთან ჯახს.
რობერტო მანჩინის გუნდი ზედიზედ 37 წაუგებელი თამაშით ხვდება დღევანდელ დაპირისპირებას, რაც მსოფლიო რეკორდია. და მჯერა მას, ისევე როგორც ბიჭებს, ამ სერიის გაგრძელება სურთ. მანჩინი ამ საკითხზე საუბარს კი თავს არიდებს, მაგრამ აი ჯორჯო კიელინიმ თქვა სადაც აქამდე მოვედით, ესე იგი მეტი შეგვიძლია და ყველაფერს გავაკეთებთ 2021 წელი მეორე თასით რომ დავხუროთო.
გაძეტა დელო სპორტი კიდევ უფრო შორს წავიდა და წაუგებელი სერიის საგაისო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებამდე გაგრძელება მოითხოვა. და რახან ეს გამოცემა ვახსენე, დღეს მისი ციფრული ვერსია გადავფურცლე და იქ ამოვიკითხე, რომ შეტევაში ფედერიკო კიეზას ლორენცო ინსინიე შეუწყვილდება. ვნახოთ.
და მეტოქე? ლუის ენრიკე ოქტომბრის მატჩებსაც რეალის ფეხბურთელების გარეშე ხვდება. იმედია ამ ახირებულ კაცს ისევ არ გაუმართლებს.
ბოლოს ისტორიის სახელმძღვანელოს გადავფურცლავ. იტალია-ესპანეთის დაპირისპირება 38 მატჩს ითვლის და სტატისტიკურად, თუ ბურთებში სკუადრას მცირე უპირატესობას არ ჩავთვლი – 44:41, სრული თანაფარდობაა: 16 მატჩი ფრედ დასრულდა, 11-11 კი მეტოქეებმა მოიგეს.
მანჩინის და ენრიკეს ბიჭები წელს მეორედ დადგებიან ერთმანეთის პირისპირ. 6 ივლისის ლონდონური დაპირისპირება, მგონი, ჯერ კიდევ ბევრს გემახსოვრებათ (მე ნაღდად არასდროს დამავიწყდება): ევრონახევარფინალი სკუადრა აძურამ პენალტების სერიაში 4:2 მოიგო. მანამდე იუვენტუსელებმა გაცვალეს გოლები – კიეზას ზუსტ დარტყმას ალვარო მორატამ უპასუხა.
საინტერესო კიდევ ისაა, რომ იტალია ესპანეთს მეოთხედ უმასპინძლებს მილანში. 1924 წლის 9 მარტს გამართული ამხანაგური 0:0 დასრულდა, 1942 წლის 19 აპრილს, ისევ ამხანაგურში უკვე იტალია აღმოჩნდა ძლიერი – 4:0, 1980 წლის 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ მატჩში კი გოლი ვერცერთმა გაიტანა.
მოკლედ: ფორცა იტალია! როგორც ყოველთვის!
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 6 ოქტომბერი)
ფოტო: UEFA.com