ტრაგედია დაკარზე: რალიმ 29-ე მონაწილე შეიწირა

დაკარის რალის დღევანდელი ეტაპი ტრაგედიის გამო გაუქმდა – 40 წლის პორტუგალიელი მოტომრბოლი პაულო გონსალვეში ავარიას შეეწირა.

გამოცდილ მოტომრბოლს ავარია რიადიდან ვადი ად დავასირამდე გაშლილი 546-კილომეტრიანი ეტაპის 276-ე კილომეტრზე შეემთხვა. ექიმების ვერტმფრენი რამდენიმე წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, სპორტსმენი ქალაქ ლაილას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე წუთში ოფიციალურად დადასტურდა მისი გარდაცვალება. გავრცელებული ცნობით, გონსალვეში მაღალ სიჩქარეზე შეასკდა ქვიშით დაფარულ ლოდს, გამდოვარდა, ავარიის შედეგად მიღებული ტრავმები კი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გამოდგა.

მოტოსპორტში 23 საერთაშორისო ტიტულის მომგები გონსალვეში 2006 წლიდან ასპარეზობდა დაკარის რალიში. სხვადასხვა დროს მან 3 ეტაპი მოიგო, 2015 წელს კი II ადგილი დაიკავა საერთო ჩათვლაში – მხოლოდ გამოცდილ ესპანელ მარკ კომას ჩამორჩა.

პაულო გონსალვეშის გარდაცვალებას დაკარის რალის საორგანიზაციო კომიტეტის გარდა პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზაც გამოეხმაურა.

აქვე გეტყვით, რომ დაკარის რალი 1979 წლიდან ტარდება და პაულო გონსალვეში 29-ე მონაწილეა, რომელიც რბოლას შეეწირა.
შეგახსენებთ: მოტომრბოლთა საერთო ჩათვლაში კვლავ ამერიკელი რიკი ბრაბეცი (ჰონდა) ლიდერობს, რომელიც 24:48 წუთით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ პაბლო კუინტანილიას.

დაკარის რალის მე-9 ეტაპი ხვალ გაიმართება. სტარტი ვადი ალ დავასირშია დანიშნული, ფინიში კი 410 კილომეტრის შემდეგ ჰარადშია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 13 იანვარი)

ka_GEGeorgian