ტურ დე ფრანსი 2019 – ლეგენდები: ბერნარ ინო

ბერნარ ინო ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ველომრბოლი და ტურ დე ფრანსის ბოლო ფრანგი გამარჯვებულია.

64 წლისა ერთ-ერთია იმ ორიდან, რომელმაც ტურ დე ფრანსი, ჯირო დ’იტალია და ვუელტა მინიმუმ 2-ჯერ მოიგო. მეორე ესპანელი ალბერტო კონტადორი გახლავთ.

ბერნარ ინო ველობილიკებზე 1972 წელს გამოჩნდა – საფრანგეთის საგზატკეცილო ჩემპიონატი მოიგო იუნიორთა შორის.

1975-76 წლებში ის ძალიან წარმატებული გახლდათ – 8 სხვადასხვა ტიტული მოიპოვა, 1977 წელს კი პროფესიონალთა შორის გადაინაცვლა და თითქმის 10 წლის განმავლობაში საუკეთესოთა შორის იყო.

გრან ტურებზე გამარჯვებებით ინო მხოლოდ ედი მერქსს ჩამორჩება. ბელგიელმა ყველაზე პრესტიჟული ველორბოლები 11-ჯერ მოიგო, ინომ – 10-ჯერ.

1978, 1979, 1981, 1982 და 1985 წლებში ინომ ტურ დე ფრანსზე გაიმარჯვა, 1980, 1982 და 1985 წლებში ჯირო დ’იტალია დაასრულა I ადგილზე, 1978 და 1983 წლებში კი ესპანეთის ტური – ვუელტა მოიგო.

კარიერის დასრულების შემდეგ ბერნან ინო ფერმერი გახდა. თქვა, რომ ყოველთვის ოცნებობდა საკუთარ ფერმაზე, თუმცა მალე ტურ დე ფრანსის ორგანიზატორებს უარი ვერ უთხრა და რბოლას დაუბრუნდა, ერთ-ერთი ხელმძღვანელის როლში.

1988-93 წლებში ბერნარ ინო საფრანგეთის ველომრბოლთა ნაკრების სელექციონერი იყო, 2016 წელს კი, ტურ დე ფრანსის დასრულების შემდეგ, ველოსპორტს საბოლოოდ გამოეთხოვა და დღეს მხოლოდ გულშემატკივარია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 9 ივლისი)

ka_GEGeorgian