ტურ დე ფრანსი 2019 – ლეგენდები: კრის ფრუმი

კრის ფრუმი თანამედროვეობის საუკეთესო ველომრბოლია. კენიაში დაბადებული ბრიტანელი ყველა რბოლის ფავორიტად ითვლება, აი წლევანდელ ტურ დე ფრანსს კი გაზაფხულზე მიღებული ტრავმის გამო ტოვებს.

34 წლის ინგლისელი კრიტერიუმ დუ დოფინის მე-4 ეტაპზე დაშავდა – ტურისთვის ემზადებოდა, თუმცა დიდი სიჩქარით დაეცა და რამდენიმე ნეკნი გაიტეხა.

კრის ფრუმი იმ იშვიათ ველომრბოლთა შორისაა, რომლებსაც სამივე გრან ტური მოუგიათ: 2013, 2015, 2016 და 2017 წლებში მან საფრანგეთში გაიმარჯვა, 2017 წელს ვუელტაზე, შარშან კი ჯირო დ’იტალია მოიგო.

ბრიტანელი პროფესიონალი ველომრბოლი 22 წლის ასაკში გახდა, როცა კონიკა მინოლტას შეუერთდა. მოგვიანებით რამდენიმე გუნდი გამოიცვალა, 2010 წელს კი სქაის შეუერთდა და მას შემდეგ ბრიტანული გრანდის ლიდერია.

სქაისთან ერთად ფრუმმა 2011 და 2012 წლებში ვუელტასა და ტურ დე ფრანსზე საუკეთესო სამეულში შესვლა მოახერხა, მომდევნო წელს კი მსოფლიო რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.

2013 წლის გამარჯვებები ცალკე აღნიშვნას იმსახურებს: შთამბეჭდავი ფინიშები ტურ დე ფრანსზე, რომანდიის ტურზე, კრიტერიუმ დუ დოფინზე, ომანის ტურში და კრიტერიუმ ინთერნეშენალში! 5 პრესტიჟული ტიტული ერთ სეზონში!

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა ველო მეგეზინმა 2013, 2015 და 2017 წლებში კრის ფრუმი წლის მრბოლად დაასახელა და „ოქროს ველო“ გადასცა, 2017 წელს კი ფრუმი ბრიტანელ სპორტულ ჟურნალისტთა კავშირმა წლის სპორტსმენად აღიარა.

2015 წლის ტურ დე ფრანსის მე-13 ეტაპიდან კრის ფრუმის ველოსიპედს მარტორქის გამოსახულება ამშვენებს.

რატომ? იმ წელს ბრიტანელი ბუნების დამცველთა საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი გახდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 ივლისი)

ka_GEGeorgian