ტურ დე ფრანსი 2019 – ლეგენდები: გრეგ ლემონდი

გრეგ ლემონდი ყველა დროის უდიდეს ამერიკელ ველომრბოლად ითვლება და ერთ-ერთია შვიდთაგან, რომლებმაც 3-ჯერ ან მეტჯერ მოიგეს ტურ დე ფრანსი.

კალიფორნიაში, ლეიქვუდში დაბადებულმა ლემონდმა პირველად 1977 წელს გაიბრწყინა, როცა იუნიორთა შორის ამერიკის საგზატკეცილო ჩემპიონატში გაიმარჯვა.

ერთი წლის შემდეგ ის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთო და ბრინჯაო მოიგო, 1979 წლიდან კი ამერიკის ველომრბოლთა მთავარ ნაკრებში დამკვიდრდა. გრან ტურებში მისი დებიუტი 1983 წელს, ვუელტაზე შედგა, თუმცა რბოლა ვერ დაასრულა, 1984 წელს კი ტურ დე ფრანსზე გამოჩნდა და გრან ტური III ადგილზე დაასრულა. იმ წელს საფრანგეთში მან საუკეთესო ახალგაზრდა ველომრბოლისთვის განკუთვნილი თეთრი მაისურიც მოიგო.

1986 წელს გრეგ ლემონდი პირველად იგებს ტურ დე ფრანსს და ხდება პირველი არაევროპელი, რომელიც ლიდერის ყვითელი მაისურით ასრულებს გრან ტურს.

ის დღემდე ერთადერთი ამერიკელია, რომელმაც ჯირო დ’იტალია, ტურ დე ფრანსი ან ვუელტა მოიგო.

ლემონდი ნადირობის მოყვარული გახლდათ და 1987 წელს, სეზონის დაწყებამდე შარში გაეხვა – მეგობარმა შემთხვევით რამდენიმე ტყვია ესროლა. ველომრბოლი გადარჩა, თუმცა 1987 და 1988 წლები გაუცდა.

1989 წელს ამერიკელი დიდებულად დაბრუნდა: ჯერ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო საგზატკეცილო ველორბოლაში, შემდეგ კი ტურ დე ფრანსი 3 ეტაპიანად. 1990 წელს ლემონდმა მესამედ გაიმარჯვა საფრანგეთში.

ლეგენდარული ამერიკელი, ვინც დღეს ტელეკომენტატორი გახლავთ, პროფესიული ველოსპორტიდან 1992 წელს, პარიზ-რუბეს კლასიკური რბოლის შემდეგ წავიდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 24 ივლისი)

ka_GEGeorgian