ტურ დე ფრანსის ეკვატორი

ტურ დე ფრანსმა ეკვატორი გადალახა: ოცდაერთეტაპიანი შეჯიბრების მეთერთმეტე რბოლა მონაწილეებმა გუშინ მოილიეს. სტარტი 1992 წლის თეთრი ოლიმპიადის მასპინძელ ალბერვილში იყო დანიშნული, ფინიში კი 152 კილომეტრის შემდეგ, კოლ დე გრანონში.

რიგით მესამე სამთო ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლის ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა: 25 წლის დანიელმა იონას ვინგეგაარდმა (ჯამბო ვისმა) 4:18 საათში გადაკვეთა ფინიშის ხაზი, უახლოეს მდევარს, გამოცდილ კოლუმბიელ ნაირო კუინტანას (არკეა) 59 წამით, ხოლო გენერალური კლასიფიკაციის პირველადგილოსანს, სლოვენიელ ტადეი პოგაჩარს (თიმ ემირეითს) 2:51 წუთით აჯობა და ლიდერის ყვითელი მაისურიც მოირგო.

2:16 წუთი – ასეთია ვინგეგაარდის უპირატესობა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე მყოფ რომენ ბარდესთან (DSM), 2020 და 2021 წლების ტურ დე ფრანსის გამარჯვებული პოგაჩარი კი მესამეა, ექვსი წამით ჩამორჩება ბარდეს.

ვინგეგაარდი მეოთხე ველომრბოლია, რომელმაც მიმდინარე ტურში ყვითელი მაისური მოირგო. წინა ათ რბოლაში ეს პატივი ბელგიელ ივ ლამპერს (I), მის თანამემამულე ვო ვან ერს (II-V) და პოგაჩარს (VI-X) ხვდათ წილად.

109-ე ტურ დე ფრანსი 24 ივლისს დასრულდება პარიზში, ელისეს მინდვრებზე. რბოლის საერთო სიგრძე 3 349.8 კილომეტრია.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 14 ივლისი)
ფოტო: letour.fr

ka_GEGeorgian