ტურ დე ფრანსი 2019 – ლეგენდები: ლენს არმსტრონგი

ტურ დე ფრანსის ისტორიაში ლენს არმსტრონგი გამორჩეული ფიგურაა, მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ მის აქტივში ერთი ტიტულიც არაა.

1999-2005 წლებში ამერიკელმა ზედიზედ 7-ჯერ მოიგო საფრანგეთის მთავარი ველოტური, მაგრამ სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული დოპინგ-სკანდალის გამო ყველა ტიტული ჩამოართვეს!

ყველაფრის მიუხედავად მისი კარიერა საოცარია: არმსტრონგი თავდაპირველად ტრიატლონისტი იყო – 2-ჯერ ამერიკის ჩემპიონიც გახდა, 18 წლისამ კი პროფესიონალი ველომრბოლის კარიერა აირჩია.

1992-96 წლებში მან არაერთი პრესტიჟული საგზატკეცილო რბოლა მოიგო, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატიც, 26 წლისას კი მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – სათესლე ჯირკვლების სიმსივნე, მესამე სტადია.

არმსტრონგმა იბრძოლა, ყველა ხერხს მიმართა და მძიმე დაავადება დაამარცხა, მალე კი საქველმოქმედო ორგანიზაციაც დააარსა, რომელიც სიმსივნით დაავადებულებს ეხმარებოდა.

1998 წელს ლენს არმსტრონგი ლუქსემბურგის ტურს იგებს, 1999 წლიდან კი მისი საოცარი აღზევება დაიწყო: ტურ დე ფრანსზე ტრიუმფებმა მას ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ველომრბოლის სტატუსი მოუტანა.

2005 წელს ერთ-ერთ ლოსანჯელესურ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც დოპინგის გამოყენებაში დასდეს ბრალი. ერთ ბრალდებას მეორე მოჰყვა და მალე სპორტსმენი ამერიკული მართლმსაჯულების წინაშეც წარსდგა.

მიუხედავად იმისა, რომ არმსტრონგმა ყველა ბრალდება უარყო, ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ და ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტომ საბოლოო ჯამში ის მაინც ამხილეს.

მოგვიანებით, ერთ-ერთ ტელეშოუში გამოსვლისას არმსტრონგმა დაადასტურა, რომ ტურ დე ფრანსზე ასპარეზობის განმავლობაში მუდმივად იყენებდა სხვადასხვა პრეპარატებს და არც სისხლის გადასხმაზე ამბობდა უარს.

ლენს არმსტრონგი უმკაცრესად დაისაჯა: 1998-2010 წლებში ნაჩვენები ყველა შედეგი გაუუქმეს და ტურ დე ფრანსის ყველა, შვიდივე ტიტული ჩამოართვეს.

2011 წლიდან არმსტრონგი ტრიატლონს დაუბრუნდა და 2012 წელს ჰავაის და ფლორიდის კლასიკები მოიგო. ეს იყო და ეს – ამერიკელი საბოლოოდ წავიდა დიდი სპორტიდან.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 26 ივლისი)

ka_GEGeorgian