თუშიშვილის დისკვალიფიკაცია: ფედერაციის კომენტარი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის – IJF – გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილი 2-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და 25 მაისის ჩათვლით ვერსად იასპარეზებს.

მძიმეწონოსანი მსოფლიოს ჩემპიონი დაგეგმილ შეჯიბრებთან ერთად ვერც თბილისის გრან პრიზე გამოვა, რომელიც ზეგ, 29 მარტს იწყება.

თუშიშვილის დისკვალიფიკაციის თაობაზე საქარველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა აჭარასპორტს განუცხადა:

„საერთაშორისო ფედერაცია თავის რეიტინგში მყოფ სპორტსმენებს, ასაკობრივი კატეგორიის მიუხედავად, სხვა საბრძოლო შეჯიბრებში მონაწილეობას უკრძალავს. ეს წესი კარგა ხანია მოქმედებს.
გურამ თუშიშვილმა ყაზახური კურაშის მსოფლიო პირველობაზე შარშან, ნოემბერში იასპარეზა.
სამწუხაროდ, არც მას და არც ყაზახურ მხარეს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
IJF-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ თხოვნით მივმართეთ საერთაშორისო ფედერაციას, რომ გურამისთვის თბილისში ასპარეზობის უფლება მიეცა, თუმცა თხოვნა, მოლოდინისამებრ, არ დაკმაყოფილდა.
აქვე გეტყვით, რომ მსგავსი სიტუაციის განმეორების შემთხვევაში სპორტსმენი 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება“.

თბილისის გრან პრი 29-31 მარტს გაიმართება. ტურნირს ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებს. თბილისში IJF-ის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული შეჯირება ზედიზედ მეექვსედ გაიმართება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 27 მარტი)

ka_GEGeorgian