U19: ელიტ-რაუნდი მოგებით დაიხურა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2015-ის ელიტ-რაუნდი გამარჯვებით დაასრულა. გიორგი დევდარიანის გუნდმა უკანასკნელ, III ტურში თურქეთს 2:1 სძლია და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.

ქართველი და თურქი ფეხბურთელები საწყის ტურებში 2-ჯერ დამარცხდნენ და აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა – რომელი გუნდი აიცილებდა უკანასკნელ ადგილს. საბედნიეროდ, დევდარიანის გუნდმა თამაში მოიგო, არადა, ცუდად ჩატარებული I ტაიმის გამო თურქები იგებდნენ: 41-ე წუთზე ჩენგიზ უნდერმა დაარყა ზუსტად – 0:1.

ანგარიში 57-ე წუთზე გათანაბრდა – ეს გიორგი თევზაძემ მოახერხა, ზუსტად ნახევარ საათში კი გურამ გოშთელიანმა გამარჯვების ბურთი შეაგდო. საგოლე გადაცემა რომან ჭანტურიამ შეასრულა. შეგახსენებთ, რომ გოშთელიანმა II ტურში, პორტუგალიასთან შეხვედრაშიც გაიტანა გოლი.

„თამაშით კმაყოფილი არ ვარ, ცუდად ვიმოქმედეთ, თუმცა შედეგი, ცხადია, მისაღებია. უცნაურია, მაგრამ პორტუგალიასთან ამაზე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ… ელიტ-რაუნდის შესაფასებლად დრო მჭირდება – ბევრი რამაა გასააზრებელი“, – განაცხადა გიორგი დევდარიანმა.

თბილისში გამართული ელიტ-რაუნდი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა – ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა გუნდმა პორტუგალიას 4:0 სძლია და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურსაც დაეუფლა.

3 ივნისი, 2015. ევრო 2015 – ელიტ-რაუნდი. თბილისი, მიხეილ მესხი. 1 000
საქართველო 2:1 თურქეთი
გოლები: 0:1 ჩ.უნდერი (41), 1:1 გიორგი თევზაძე (57), 2:1 გურამ გოშთელიანი (87)
საქართველო: ოთო გოშაძე, ლადო მოხევიშვილი (რომან ჭანტურია 46), ზურაბ მალანია, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე, გიორგი ხარაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ილია კერძევაძე (კაპ), გურამ გოშთელიანი, გიორგი ბერიძე (გიორგი დუმბაძე 75), მათე კვირკვია (გიორგი თევზაძე 52)
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
თურქეთი: უ.ჩაქირი, მ.ჩელიქი, ჩ.სოიუნჩუ, დ.ერდოღანი (კაპ), ნ.ოქუთანი (მ.ფ.ილდირიმი 66), ბ.ჩამოღლუ (რ.სიველექი 68), ი.ქიოსე (ა.ტაში 90), ს.პოლატი, ა.აიტემური, ჩ.უნდერი, დ.ჰუმეტი
მწვრთნელი: ვედატ ინჩეეფე
გაფრთხილება: ჩ.სოიუნჩუ, ი.ქიოსე, ს.პოლატი, ილია კერძევაძე, მ.ფ.ილდირიმი
მსაჯები: ბ.ფრანკოვსკი (პოლონეთი); დ.ი.გოლისი (პოლონეთი); ა.ჩერეი (რუმინეთი)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 3 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian