U21: საქართველო 4:0 სან მარინო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან მარინო 4:0 დაამარცხა. შეხვედრა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ქართველმა 21-წლამდელებმა ტაიმებში 2-2 გოლი გაიტანეს: მე-10 წუთზე გიორგი ხარაიშვილმა ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში – მარცხენა ფლანგიდან ბურთი „მოჭრილი“ დარტყმით გაახვია ელია ბენედეტინის კარში – 1:0.

33-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ პენალტი გამოიყენა – 2:0. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მას შემდეგ დაინიშნა, რაც სანმარინოელებმა საჯარიმოში შეჭრილი კაჭარავა წესების დარღვევით შეაჩერეს.

შესვენებიდან 3 წუთში ნიკა კაჭარავამ დუბლი მიითვალა – საჯარიმოს მარჯვენა ფლანგზე ბაჩანა არაბულმა ეფექტურად ითამაშა, მისი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილ კაჭარავას კი ზუსტად დარტყმა არ გასჭირვებია – 3:0.

81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შესულმა ლევან შენგელიამ დააფიქსირა – 4:0.

შეგახსენებთ: ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან მარინო სტუმრად 3:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ უმცროსი „ჯვაროსნები“ 6-გუნდიან შესარჩევ ჯგუფში 7 მატჩში 9 ქულით კვლავ IV ადგილზე არიან.

მომდევნო შესარჩევ შეხვედრას გია გეგუჩაძის გუნდი 3 ივნისს, შვედეთში ჩაატარებს, თუმცა მანამდე ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 28 მარტს, ზესტაფონში, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.

23 მარტი, 2016. ევრო 2017 – შესარჩევი მატჩი. თბილისი, მიხეილ მესხი. 400
საქართველო 4:0 სან მარინო
გოლებ: 1:0 გიორგი ხარაიშვილი (10), 2:0 ნიკა კაჭარავა (33, პენ), 3:0 ნიკა კაჭარავა (48), 4:0 ლევან შენგელია (81)
საქართველო: ბექა ქურდაძე, ლევან გეგეჭკორი, ლაშა დვალი, დაჩი ცნობილაძე, გიორგი თევზაძე, გიორგი აბურჯანია (კაპ), გიორგი გოროზია (ლევან შენგელია 72), გიორგი ხარაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი (პაპუნა ფონიავა 80), ბაჩანა არაბული, ნიკა კაჭარავა (რომან ჭანტურია 66)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სან მარინო: ელია ბენედეტინი, ალესანდრო დადარიო, ჯანლუკა პროლი, პიეტრო ძანოტი, მიკელე როსი, ანდრეა გრანდონი, ტომაზო ძაფერანი (თომას რაში 72), მასიმო მურაჩინი (ლუკა ჩენსონი 46), მარკო ბერნარდი, ალესანდრო გოლინუჩი (კაპ) (მიკაელ ბატისსტინი 82), ფაბიო ტომაზინი
მწვრთნელი: მირკო პაპინი (იტალია)
გაფრთხილება: პიეტრო ძანოტი, ტომაზო ძაფერანი, ალესანდრო დადარიო
მსაჯები: ა.ტეანი; ვ.ერმიშინი, ს.ტროფანი (მოლდოვა)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 23 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian