უცხო ჩიტი

ქალაქი, რომლისკენაც ერთაოზი დაიძრა, არ აღინიშნება დღესაც ყველა რუკაზე და ჩვენს დროშიც „სხვადასხვა დასახლებულ პუნქტად“ ასახელებენ.
ამ ქალაქს შუაში პატარა მდინარე ჩაუდიოდა, რომლისთვისაც უფრო სწორი იქნებოდა მოსიარულე წყალი გვეწოდებინა. ეკლარის ქვით ნაშენი სახლებიდან მუდამჟამს გიტარის სევდის მომგვრელი კვნესა ისმოდა…

ასე იწყება რეზო გაბრიაძის გენიალური მოთხრობის, „უცხო ჩიტის“ მეორე თავი, სადაც ერთაოზ ბრეგვაძის ქალაქში ჩასვლაა აღწერილი. რამდენიმე აბზაცის შემდეგ ვხვდებით ნემეცის ქუჩაზე მცხოვრებ ობერკონდუქტორს, ტრიფონ ამყოლაძეს და მის მეორე მეუღლეს, პირმშვენიერ მარგალიტას და მერე ისეთი ამბები იწყებაააა! მიმიქარავს ყველაზე დაძაბულ-ჩახუჭუჭებული სერიალები…

არც მეორე თავში, ისევე როგორც მთლიან ნაწარმოებში, ავტორი ქალაქს არ ასახელებს. მაგრამ ჩემთვის ის დასახლება, სადაც „უცხო ჩიტის“ დაუჯერებელი ამბავი ვითარდება, ყოველთვის ქუთაისი იყო, იმერეთის გული.

„დასახლებული პუნქტის“ გაბრიაძისეული აღწერიდან უმეტესობა სრულიად ფანტასტიკურია და მხოლოდ მისნაირი შემოქმედის გონებაში თუ დაიბადებოდა. მაგალითად ასეთები:

…ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ერთი ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო. მეორე ნახევარი კი უფრო მთვრალი, ანდა პირიქით.

…ღამღამობით მგლები ტყიდან ტყეში ქალაქის ქუჩებით გადადიოდნენ, მოკლეზე.

…უყვარდათ სიტყვები „გენიოზი“, „გრადუზი“, „ბალზაკი“.

…სწამდათ სიზმრების, მარჩიელების, ჭინკების. სწამდათ რომ ხოჯავა მეთულუხჩეს ორი გული აქვს და სრიალა კუდი წინიდან…

ერთაოზ ბრეგვაძის თავგადასავალი მართლა ერთი ამოსუნთქვით იკითხება. „უცხო ჩიტის“ მიხედვით გადაღებული „შერეკილებიც“ დიდებულია!

მაგრამ მეგობრებთანაც ხშირად მითქვამს და აქაც დავწერ: ფილმისადმი უუუდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მოთხრობაში არის სცენები, რომლის გადაღება, ელდარ შენგელაიასთან და ყველა მსახიობთან ბოდიშის მოხდით, შეუძლებელი მგონია.

მაგალითად დასასრულისა. ფილმში ის მშვენიერია, წიგნში კი უბრალოდ გენიალურია!

ბოლოსწინა თავში აღწერილ ლეგენდარულ ჩხუბს კი, რომელსაც ავტორის თქმით „კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იხსენებდნენ“, ღრმად ვარ დარწმუნებული ვერავინ გადაიღებს. თუ გინდა სულ ოსკარებით, ოქროს ლომ-გლობუს-პალმის რტოებით და სხვა პრესტიჟული კინოჯილდოებით იყოს დახუნძლული.

რომელმა რეჟისორმა უნდა დადგას ან ვინ უნდა გაითამაშოს ასეთი სცენები:

„უბანმა გაიღვიძა, გაიღვიძა ქალაქმაც. აკიაფდა ჭრაქები. ყველამ ნემეცის ქუჩას მიაშურა. საუკუნეობით დაგროვილმა სტიქიურმა ძალამ იფეთქა. არავინ კითხულობდა – ვინ, რატომ, ვის ან რისთვის ურტყამდა. დედის, მამის, პატარის, დიდის, ქალის, კაცის გარჩევა მოიშალა.

მოცელეს ღობეები, წაიღეს ბაღები, ბოსტნები, ბორცვ-გორები. თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა, ჩიტმა ცა გამოიცვალა. გახურდა ჩხუბი, აღდგა იმერეთი! გაიღო კარი ლხინისა!…

ვიღაცამ ქუჩის კუთხეში ბაგრატ მეფის ჟამს ჩასმული ქვა ამოაძრო და უმიზნოდ ცაში ისროლა…

მეორემ, ასევე უმიზნოდ, ქოსა ძაღლს სტაცა ხელი და ლეღვის ხეზე ააგდო…

სილოვან ბლიკვაძე ღორის ნაწლავებით ახრჩობდა ენუქი ფურცხვანიძეს…

იაშა ფლეიშმანი პანჩურით ხელმძღვანელობდა ორკესტრს…

მაზლის ცოლების დანახვაზე დარუშა შავგულიძემ ბავშვიანი აკვანი კორკიმელაზე ჩამოკიდა და ჩხუბს მიეცა…

ხეზე ჩამოკიდებულმა პატარამ არტახები აიწყვიტა და შიბაქით ამოუგდო თვალი ხრესილის ომის ვეტერანს პაშა აბაშიძეს…

გიმნაზისტი ახვლედიანი სამ მანეთს ითხოვდა ლათინური ენის მასწავლებლის ჭურიდან ამოყვანაში. ლათინისტი ორს იძლეოდა…

შვანგირაძემ ახეული ყური ჯიბეში შეინახა და გოგისვანიძეს თავი დაუშინა გატაცებით…

ბურჯანაძე შუბლაძეს დაბალ-მაღალ კბილებს ერთ ზომაზე უყენებდა…

ორსულები გაიყვანეთ! – მიხვდა ვიღაც ღვთისნიერი“…

ამის გადაღება შეუძლებელია! და თუ ვინმე ოდესმე მაინც გარისკავს და მას შეეჭიდება, მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

რამდენჯერაც ჩხუბის სცენას ვკითხულობ, იმდენჯერ გულიანად ვიცინი. ასე იყო წლების წინ, როცა პირველად გადავშალე ეს წიგნი და ასე მოხდა დღესაც, თბილისში რომ ვბრუნდებოდი და გზაში ამ მოთხრობით ვინ მოთვლის მერამდენედ ვტკბებოდი!

„უცხო ჩიტის“ სულ პირველი, 1978 წლის გამოცემა ხელახლა დაუსტამბავს ვიღაც მადლიანს და რა თქმა უნდა ვიყიდე, თან სამი ცალი. ქუთაისში ღვინისძიებაზე ჩასული ჩემს საყვარელ ქუჩებში დავხეტიალობდი, პარალელურად ფოტოგადაღებით ვერთობოდი და უცბად: „გაბრიაძე ახსენე შვილო და აგერ მაქვს ეს პატარა წიგნი, ხო არ გაინტერესებს“? მითხრა ქალბატონმა, როცა ძველი წიგნების გროვაში ჩაკარგული მისი მეგობარი ვერაფრით დამეხმარა.

ერთი ეგზემპლარი იმ დღესვე იუბილარს ვუსახსოვრე, იმედისმომცემ ყმაწვილს, თვალი ამერიკისკენ რომ უჭირავს. მისალოცად აქვს საქმე, „უცხო ჩიტი“ ჯერ არ წაუკითხავს.

ქუთაისში სტუმრობის მიზეზი მხოლოდ ამ კარგი კაცის დაბადების დღე არ იყო. როგორც იქნა არაჩვეულებრივი გამოფენისთვისაც მოვიცალე. თუმცა ამაზე რამდენიმე დღეში, სხვა ამბით და ფოტოებით.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ქუთაისი; 2021 წლის 12 ოქტომბერი

ka_GEGeorgian