UEFA.com: 2012 წლის სიმბოლური ნაკრები

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის უეფას ოფიციალურმა ინტერნეტ-გვერდმა – UEFA.com – გულშემატკივართა გამოკითხვის საფუძველზე ევროპის 2012 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ფავორიტების შერჩევაში წელს ყველაზე მეტმა, 5,3 მილიონმა ქომაგმა მიიღო მონაწილეობა!

წლის სიმბოლურ ნაკრებში ესპანეთის ჩემპიონატიდან ზედიზედ მესამედ მოხვდა 8 მოთამაშე, რომელთაგან 5 ზაფხულში ევროპის ჩემპიონი გახდა.

კლუბებს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი მადრიდის რეალს და ბარსელონას ჰყავთ – 4-4. რაც შეეხება მოთამაშეთა პროცენტულ მაჩვენებლებს, აქ ბარსელონის და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი, ევრო 2012-ის უძლიერეს მოთამაშედ დასახელებული ანდრეს ინიესტა ლიდერობს – მას 351 105-მა გულშემატკივარმა დაუჭირა მხარი.

უეფას წლის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეექვსედ მოხვდნენ რეალის და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, მეკარე იკერ კასილიასი და მისი თანაკლუბელი, პორტუგალიის ნაკრების გუნდისთავი კრიშტიანუ რონალდუ.

2012 წლის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი გერმანელი მესუტ იოზილია – რეალის შუახაზელი 24 წლისაა, უხუცესი კი ტურინის იუვენტუსის 33 წლის ნახევარმცველი ანდრეა პირლო.

2007 წლის შემდეგ ევროპის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა საფრანგეთის ჩემპიონატის მოთამაშე – პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი მცველი ტიაგუ სილვა. ასევე პირველად მოხდა, რომ UEFA.com-ის ნაკრებში ინგლისის პრემიერლიგის ერთი მოთამაშეც არაა.

ტრადიციულად, უეფა სიმბოლური ნაკრების ერთ-ერთ წევრს 100 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯილდოვებს, რომელიც ასევე ტრადიციულად, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეცემა.

UEFA.com-ის 2012 წლის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: იკერ კასილიასი (რეალი, ესპანეთი; ესპანეთი)
მცველები: სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი; ესპანეთი), ჟერარ პიკე (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი), ტიაგუ სილვა (მილანი, იტალია/პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი; ბრაზილია), ფილიპ ლამი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი), ჩავი (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი, იტალია; იტალია), მესუტ იოზილი (რეალი, ესპანეთი; გერმანია)
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია), ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2012)

ka_GEGeorgian