UEFA.com: შოთა არველაძე – საუკეთესო კაპიტანი

დღეს საღამოს ჰოლანდიის ალკმაარი უეფას თასის ჯგუფურ ტურნირში მორიგ შეხვედრას ატარებს და შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებას ეცდება, კლუბის მწვრთნელ ლუის ვან გაალს კი ლიდერის, შოთა არველაძის ძალიან ეიმედება.

უეფას თასზე ალკმაარი აგერ უკვე მესამე სეზონია წარმატებით თამაშობს. მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ლუის ვან გაალის გუნდმა უკვე 2 შეხვედრა ჩაატარა, 6 ქულა მოიპოვა და 8 გოლი გაიტანა.

თუ დღეს ალკმაარი ჩეხეთის ლიბერეცთან საშინაო შეხვედრაში არ დამარცხდა, შემდეგი ეტაპის საგზურს მოიპოვებს. უეფას თასის პირველ ეტაპზე შოთა არველაძემ თურქეთის ქაისერისფორის კარი დალაშქრა, რასაც ჯგუფურ ტურნირში ორივე შეხვედრაში გოლი მიაყოლა. 33 წლის ქართველი ფორვარდი ამადაც ითვლება ალკმაარის ლიდერად.

შესაძლებელი იყო ლუის ვან გაალისა და არველაძის გზები წლების წინაც გადაკვეთილიყო, მაგრამ 1997 წლის ზაფხულში, როცა თავდამსხმელი თურქეთის ტრაბზონსფორიდან ამსტერდამის აიაქსში გადავიდა, მთავარი მწვრთნელი ესპანეთში გადავიდა და ბარსელონა ჩაიბარა.

2005 წლის ზაფხულში ისინი მაინც შეხვდნენ ერთმანეთს: ლუის ვან გაალი ალკმაარი თავკაცად დაინიშნა, არველაძემ კი ჰოლანდიას შოტლანდიური გლაზგო რეინჯერსიდან მიაშურა.

გასულ სეზონში ქართველმა ფორვარდმა ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და კლუბს ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ამის შემდეგ გუნდმა მასთან ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა – 2008 წლის ზაფხულამდე.

შოთას სურს, რომ ალკმაარში დარჩეს და კლუბთან ერთად გაიზარდოს. თავის მხრივ, ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შეუფასებელი ფუფუნებაა გამოცდილი ქართველი თავდამსხმელის მხარდამხარ თამაში“, – აცხადებს ალკმაარის ტექნიკური დირექტორი მარსელ ბრანდსი.

ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არველაძეს კაპიტნის სამკლავური ჩააბარეს – ალკმაარის გუნდისთავმა დენი ლანძაატმა და ვიცე-კაპიტანმა იორის მათიისენმა გასული სეზონის ბოლოს კლუბი დატოვეს და შესაბამისად ინგლისის უიგანსა და გერმანიის ჰამბურგში გადაინაცვლეს. ამის შემდეგ არველაძე კაპიტნად მოგვევლინა. ლუის ვან გაალი ერთხელაც არ დაეჭვებულა არჩევანში.

როცა ამსტერდამის აიაქსს ვწვრთნიდი, კლუბის კაპიტნები დენი ბლინდი და ფრნკ რაიკაარდი იყვნენ. შოთა არველაძე მათსავით დიდი ფეხბურთელი, ბრწყინვალე პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია. ის ჩემი ალკმაარის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია“, – ლუის ვან გაალი.

დღესდღეობით ალკმაარი 4-4-2 სისტემით თამაშობს, თავდასხმაში კი არველაძის მხარდამხარ მუსა დემბელე ან დანი კუვერმანსი არიან გამწესებულნი. ჰოლანდიის ჩემპიონატის 13 ტურში შოთამ უკვე 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ალკმაარის კაპიტანი არველაძე უფრო დიდი ავტორიტეტია, ვიდრე დენი ბლინდი იყო აიაქსში. შოთას სწრაფად მიაქვს მწვრთნელის მოთხოვნები თანაგუნდელებამდე  და ეს დიდებულია“, – ამბობს ლუის ვან გაალი.

ბრენდ სხოლტენი, Uefa.com
თარგმნა ლაშა გოდუაძემ (www.gff.ge; 2006 წლის 29 ნოემბერი)
ფოტო:
uefa.com

ka_GEGeorgian