UEFA.com: წლის მატჩი იყო თბილისში!

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა საშობაოდ გულშემატკივართა შორის რამდენიმე გამოკითხვა ჩაატარა. ერთ-ერთი მათგანი წლის მატჩს მიეძღვნა: ქომაგებმა 2015 წლის საუკეთესო შეხვედრად ბარსელონის და სევილიის თბილისური დაპირისპირება აღიარეს!

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ბარსელონამ და ევროპალიგის გამარჯვებულმა სევილიამ კონტინენტის სუპერთასი თბილისში 11 აგვისტოს გაითამაშეს. ბარსელონამ დამატებით დროში 5:4 გაიმარჯვა.

გარდა იმისა, რომ ეს იყო ყველაზე შედეგიანი მატჩი ევროპის სუპერთასის ისტორიაში, ესპანელების თბილისური დაპირისპირება კიდევ არაერთი რეკორდით აღინიშნა:

1: სევილიელმა ევერ ბანეგამ მე-3 წუთზე სუპერთასის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა!

2: ესპანურმა კლუბებმა მესამედ გაითამაშეს სუპერთასი. ესეც რეკორდია. საგულისხმოა, რომ სევილია სამივე გათამაშებაში მონაწილეობდა.

3: ბარსელონის ლიდერ ლეო მესის სუპერთასზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. ეს არი ჰაანის, ფრანკი ვან დერ ელსტის, გერდ მიულერის, ოლეგ ბლოხინის, ტერი მაკდერმოტის, რობ რენსენბრინკის და რადამელ ფალკაოს რეკორდის გამეორებაა.

4: სევილია პირველი გუნდია, რომელმაც სუპერთასზე 3-გოლიანი ჩამორჩენა გააბათილა.

5: ბარსელონის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სუპერთასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო. აქამდე ეს მხოლოდ კარლო ანჩელოტიმ, ხოსეპ გვარდიოლამ და დიეგო სიმეონემ შეძლეს. ამ ოთხი მწვრთნელიდან მხოლოდ ლუის ენრიკეს გაუტანია გოლი სუპერთასის მატჩში – 1997 წელს, დორტმუნდის ბორუსიის წინააღმდეგ.

6: ბარსელონის ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა მეოთხედ მოიგო სუპერთასი და იტალიელი პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა.

7: ოთხი გოლის გატანის მიუხედავად, სევილიამ მაინც წააგო. ასეთი რამ სუპერთასზე პირველად მოხდა.

8: ბარსელონამ მეხუთედ მოიგო სუპერთასი და რეკორდსმენ მილანს გაუთანაბრდა.

9: ბარსელონა პირველი გუნდია, რომელმაც ერთმატჩიან სუპერთასზე ამდენი გოლი გაიტანა.

10: დანი ალვეშმა მალდინის კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა – სუპერთასისთვის მეხუთედ ითამაშა.

11: 9 გოლი ევროპის სუპერთასის მატჩში პირველად გავიდა.

12: ბარსელონამ მეცხრედ ითამაშა ევროპის სუპერთასზე, ესეც რეკორდია.

13: ესპანურმა კლუბმა მეთორმეტედ მოიგო სუპერთასი, რაც ასევე არნახული მიღწევაა.

14: 51 490 – ნეიტრალურ მოედანზე გათამაშებულ ევროპის სუპერთასს პირველად დაესწრო ამდენი მაყურებელი!

ბარსელონა-სევილიის ბრწყინვალე დაპირისპირებამ uefa.com-ის მიერ გამოკითხულ გულშემატკივართა საერთო ხმების 45% მიიღო. მეორე იყო ლონდონის ჩელსის და პარი სენ-ჟერმენის საგაზაფხულო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა – ხმათა 20%; მესამე ადგილი კი წილად ხვდა მადრიდის რეალის და გელზენკირხენის შალკე 04-ის პაექრობას ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და გერმანელების 4:3 გამარჯვებით დასრულდა.

UEFA.com-ის გამოკითხვაში 75 233 გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა.

UEFA.com-ის 2015 წლის მატჩი
11 აგვისტო, 2015. ევროპის სუპერთასი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 51 490

ბარსელონა (ესპანეთი) 5:4 (დდ) სევილია (ესპანეთი)
გოლები: 0:1 ევერ ბანეგა (3), 1:1 ლეო მესი (7), 2:1 ლეო მესი (16), 3:1 რაფინია (44), 4:1 ლუის სუარესი (52), 4:2 ხოსე ანტონიო რეიესი (57), 4:3 კევინ გამეირო (72), 4:4 ევგენი კონოპლიანკა (81), 5:4 პედრო როდრიგესი (115)
ბარსელონა: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟერარ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, ანდრეს ინიესტა (კაპ) (სერხი რობერტო 63), ლუის სუარესი, ლეო მესი, რაფინია (მარკ ბარტრა 78), ხავიერ მაშერანო (პედრო როდრიგესი 93), ჟერემი მატიო
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
სევილია: ბეტო, ბენუა ტრემულინასი, ადილ რამი, გრჟეგოჟ კრიხოვიაკი, მიქაელ კრონ-დელი, ვისენტე იბორა (ჩირო იმობილე 80), კევინ გამეირო (მარიანო 80), ხოსე ანტონიო რეიესი (კაპ) (ევგენი კონოპლიანკა 68), ევერ ბანეგა, ვიტოლო, კოკე
მწვრთნელი: უნაი ემერი
გაფრთხილება: გრჟეგოჟ კრიხოვიაკი, ჟერემი მატიო, კოკე, ევერ ბანეგა, ჩირო იმობილე, პედრო როდრიგესი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, მიქაელ კრონ-დელი
მსაჯები: უილიამ კოლამი (შოტლანდია); ფრანსის კონორი (შოტლანდია); დემიენ მაკგრათი (ირლანდია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 28 დეკემბერი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian