უეფა რუსებს დარჩათ

გათამაშების ფინალი შედგა: სანკტპეტერბურგის ზენიტმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა გლაზგო რეინჯერსს და ისტორიაში პირველად მოიგო ევროპული თასი.
რუსეთის კლუბი მეორედ გახდა უეფას თასის მფლობელი: 2005 წელს ეს პრესტიჟული ჯილდო მოსკოვის ცსკამ აღმართა.

ზენიტმა, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა უპირატესობას, ორივე გოლი II ტაიმში გაიტანა: 72ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა იგორ დენისოვმა გახსნა ანგარიში, მსაჯის მიერ დამატებულ მე4 წუთზე კი კონსტანტინ ზირიანოვმა დააგვირგვინა თანაგუნდელთა კონტრშეტევა.

საუკეთესოდ ითამაშა სანკტპეტერბურგელთა ლიდერმა ანდრეი არშავინმა, რომელმაც კომპანია ქარლსბერგისგან ფინალის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც ჩაიბარა. არშავინმა ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და მეორე გოლშიც დიდი წვლილი დაიდო.

ამ გათამაშებაში ზენიტმა არაერთ ცნობილ კლუბს სძლია: ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა, 1/4-ფინალში ლევერკუზენის ბაიერს 4:2 სძლია, 1/8-ფინალში მარსელის ოლიმპიკთან ორ მატჩში ფრედ 3:3 ითამაშა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლით იმარჯვა, იგივე მოხდა 1/16-ფინალში ესპანეთის ვილიარეალთან – 2:2…

ჰოლანდიელი მწვრთნელის დიკ ადვოკაატის ხელმძღვანელობით ზენიტმა 2007-08 წლების სეზონში მე3 ტიტული მოიპოვა: რუსეთის ჩემპიონობას და სუპერთასს ევროთასიც დაურთო.

უეფას თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ზენიტის ფორვარდმა პაველ პოგრებნიაკმა და მიუხენის ბაიერნის იტალიელმა გოლეადორმა ლუკა ტონიმ მოიპოვეს – მათ 10-10 გოლი გაიტანეს. პოგრებნიაკმა ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

16 მაისი, 2008. უეფას თასის გათამაშების ფინალი. ინგლისი, მანჩესტერი, სითი ოფ მანჩესტერი
ზენიტი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი) 2:0 გლაზგო რეინჯერსი (შოტლანდია)
გოლები: 1:0 დენისოვი (72), 2:0 ზირიანოვი (90)
ზენიტი: მალაფეევი, კრიჟანაცი, ტექე, არშავინი, შირლი, შიროკოვი, ზირიანოვი, ფაიზულინი (ჯინი 90), ანიუკოვი, დენისოვი, ტიმოშჩუკი (კაპ)
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი (ჰოლანდია)
გლაზგო რეინჯერსი: ალექსანდერი, უეირი, პაპაჩი (ნოვო 77), ფერგიუსონი (კაპ), ჰემდანი (მაკკალოჰი 80), თომსონი, დარშევილი, ბროადფუტი, კუელიარი, უაიტეკერი (ბოიდი 86), დევისი
მწვრთნელი: უოლტერ სმიტი
გაფრთხილება: დენისოვი, მალაფეევი, ბროადფუტი
მსაჯები: პ.ფრიოდფელტი; ს.ვიტბერგი, ჰ.ანდრენი (შვედეთი)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 17 მაისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian