უეფას ნაკრები: 2001-2018
დეკემბერში უეფა მეცხრამეტედ გამოავლენს წლის გუნდს.
ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ამ მშვენიერ ტრადიციას 2001 წელს ჩაუყარა საფუძველი. მას შემდეგ უეფას რჩეულთა შორის უამრავი დიდებული ფეხბურთელი მოხვდა, მაგრამ მათ შორის არიან განსაკუთრებულები, რომლებიც ყველაზე ხშირად დასახელდნენ წლის ნაკრებში.
2001-18 წლების უეფას ნაკრები, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა ორგანიზაციის ინტერნეტ-გვერდზე, სწორედ ამის მიხედვით შეირჩა.
განვლილ 18 წელიწადში ევროპაში ესპანეთის ნაკრები, მადრიდის რეალი და ბარსელონა დომინირებდნენ. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ განვლილი 18 წლის სიმბოლურ გუნდში 6 ესპანელია, არგენტინელი ლეო მესი და ნაკრების რეკორდსმენი კრიშტიანუ რონალდუ კი სწორედ ლა ლიგის გრანდების მაისურით დასახელდნენ საუკეთესოთა შორის.
იკერ კასილიასი (2007-12)
საუკეთესო მეკარის სახელისთვის მსოფლიოს ორი ჩემპიონი იბრძოდა, თუმცა იმის გამო რომ იკერ კასილიასი 6-ჯერ მოხვდა წლის გუნდში, ჯანლუიჯი ბუფონი კი 5-ჯერ, გამარჯვება ესპანელს დარჩა.
იკერ კასილიასი ზედიზედ 6-ჯერ დასახელდა რჩეულად: 2007-12 წლებში და ამ პერიოდში ის 2-ჯერ ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
სერხიო რამოსი (2008, 2012-18)
ევრო 2012-ზე ტრიუმფის შემდეგ ესპანეთის ნაკრების კაპიტანი მუდმივად რჩეულთა შორისაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენმად დიდი ფეხბურთელია რამოსი.
მასზე ხშირად უეფას ნაკრებში სხვა მცველი არ დასახელებულა.
ჟერარ პიკე (2010-12, 2015-16)
უძლიერესი ესპანეთის ნაკრების და ბარსელონის დაცვის უცვლელი წევრი!
განვლილი 10 სეზონის განმავლობაში პიკე ნომინანტთა შორის დასახელდა და სწორედ ამით აჯობა დანი ალვეშს, რომელიც ასევე 5-ჯერ მოხვდა წლის სიმბოლურ გუნდში, თუმცა კანდიდატთა შორის – 7-ჯერ.
კარლეს პუიოლი (2002, 2005-06, 2008-10)
ბარსელონის შეუდარებელი კაპიტანი და სამაგალითო ფეხბურთელი, რომელმაც ევრო 2012 ტრავმის გამო გამოტოვა. ბარსელონასთან ერთად 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. სერხიო რამოსამდე ის იყო მცველთა შორის ყველაზე ხშირად დასახელებული.
ფილიპ ლამი (2006, 2008, 2012-14)
გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული განაპირა მცველი.
პიკეს და დანი ალვეშის დარად, ისიც 5-ჯერ მოხვდა წლის გუნდში, კანდიდატი კი 10-ჯერ იყო.
სტივენ ჯერარდი (2005-07)
ერთ-ერთია იმ 7 ნახევარმცველიდან, ვინც 3-ჯერ დასახელდა წლის ნაკრებში.
მის გარდა ეს პატივი ლუკა მოდრიჩს, კაკას, რონალდინიოს, ტონი კროოსს, პაველ ნედვედს და ზინედინ ზიდანს ხვდათ წილად, თუმცა ინგლისელმა ამ ვარსკვლავებს სხვა მხრივ აჯობა – უფრო მეტჯერ იყო კანდიდატთა შორის, 7-ჯერ.
ჩავი (2008-12)
ხსენებულ წლებში ესპანეთის ნაკრები უბრალოდ უნაკლო იყო და პირენეელებმა ზედიზედ 3 დიდი ტურნირი რომ მოიგეს, ეს ჩავის საუცხოო თამაშის დამსახურებაცაა.
2008 წელს ის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, 2009 და 2011 წლებში კი ჩემპიონთა თასიც აღმართა.
ანდრეს ინიესტა (2009-12, 2015-16)
ყველაფრის მომგები ესპანეთის კიდევ ერთი უცვლელი წევრი, ევრო 2012-ის რჩეული ფეხბურთელი და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის გამტანი!
კრიშტიანუ რონალდუ (2004, 2007-18)
უეფას წლის ნაკრების რეკორდსმენი: 15-ჯერ იყო კანდიდატთა შორის, 13-ჯერ დასახელდა 11 რჩეულში, მათ შორის 2007 წლიდან ზედიზედ 12-ჯერ.
რა ვთქვათ?
ლეგენდაა!
ლეო მესი (2008-12, 2014-18)
2006 წელს, როცა პირველად მოხვდა წლის გუნდის კანდიდატებში, ფენომენალური არგენტინელი ნახევარმცველთა შორის მოიხსენიეს.
მას შემდეგ მუდმივად ფორვარდებში სახელდება. რონალდუს შემდეგ მეორეა – 10-ჯერ მოხვდა რჩეულთა შორის!
ტიერი ანრი (2001-04, 2006)
უეფამ წლის გუნდის გამოვლენა 2001 წელს დაიწყო და იმხანად არსენალის ფრანგი გოლეადორი უბრალოდ საუკეთესო გახლდათ.
ის იყო პირველი, რომელიც ზედიზედ 4-ჯერ მოხვდა ნაკრებში, 2005 წელს კი კანდიდატად დარჩა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 26 ნოემბერი)