უელსი 1:1 საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მე-3 შეხვედრა ჩაატარა. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტ უელსთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

უელსელებმა მე-10 წუთზე გახსნეს ანგარიში: ჯო ლედლის კუთხურის შემდეგ მასპინძელთა ლიდერმა გარეთ ბეილმა ყველას დაასწრო და თავური დარტყმით დალაშქრა გიორგი ლორიას კარი – 1:0.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საპასუხო გოლი 57-ე წუთზე გაიტანა: ვაკო ყაზაიშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩაჰკიდა ბურთი უელსელთა საჯარიმოში, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავური დარტყმით გაათანაბრა – 1:1.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა კარგად ჩაატარა, II ტაიმი კი საწყის 45 წუთს სჯობდა. ქართველ ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ გოლების გატანა, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელ მომენტში არ გაუმართლათ: ჯანო ანანიძის და ვაკო ყაზაიშვილის დარტყმების შემდეგ ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ლევან მჭედლიძემ კი ბურთი კარს ააცილა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხედ ითამაშა უელსელების წინააღმდეგ და 3 გამარჯვების შემდეგ პირველ ფრეს დასჯერდა. ამასთანავე, ჯვაროსნებმა კარდიფში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველი ქულა მოიპოვეს.

მომდევნო ოფიციალურ მატჩს ვაისის გუნდი 12 ნოემბერს, თბილისში გამართავს. მეტოქე მოლდოვის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც აქამდე სამივე შეხვედრა წააგო.

9 ოქტომბერი, 2016. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი. უელსი, კარდიფი, კარდიფ სიტი. 33 280
უელსი 1:1 საქართველო
გოლებ: 1:0 გარეთ ბეილი (10), 1:1 თორნიკე ოქრიაშვილი (57)
უელსი: უეინ ჰენესი, კრის განტერი, ნილ ტეილორი (დევიდ კოტერილი 70), ბენ დევისი, ჯეიმს ჩესტერი, ეშლი უილიამსი (კაპ), ენდი კინგი (ჰალ რობსონ-კანუ 61), გარეთ ბეილი, დევიდ ედვარდსი, ჯო ლედლი (ემირ ჰიუსი 73), სემ ვოკსი
მწვრთნელი: კრის კოულმენი
საქართველო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (კაპ), საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე (ნიკა კაჭარავა 90), ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (ჯაბა ჯიღაური 90), ლევან მჭედლიძე (ლადო დვალიშვილი 75)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
გაფრთხილება: ბუბა დაუშვილი, ვაკო გვილია, თორნიკე ოქრიაშვილი, გურამ კაშია
მსაჯები: პაოლო მაცოლენი; რიკარდო დი ფიორე, ლორენცო მანგანელი (იტალია)


ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 9 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian