უელსიდან ესტონეთამდე: მოგება 18 თვის შემდეგ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველივე მატჩი მოიგო: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ესტონეთს ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 სძლია.

2008 წლის 20 აგვისტოს შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პირველად გაიმარჯვა. წელიწადნახევრის წინ ჩვენმა გუნდმა ამავე ანგარიშით სტუმრად დაამარცხა უელსი და როგორც ახლა, გამარჯვების გოლი კარდიფშიც მატჩის მიწურულს გაიტანა…

ანგარიში პირველი ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე გაიხსნა: სტუმართა კაპიტანმა რაიო პიიროიამ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მოლდოველმა მსაჯმა ვიაჩესლავ ბანარმა პენალტი დანიშნა, შემდეგ კი ესტონელს მეორედ უჩვენა ყვითელი ბარათი და მოედანიც დაატოვებინა. „ჯვაროსნების“ ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა პენალტი ზუსტად დაარტყა – 1:0.

83-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: ესტონელებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, იქ კი ყველას შეცვლაზე შესულმა ატს პურიემ აჯობა და თავური დარტყმით დალაშქრა ქართველთა კარი – 1:1.

მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა დავით სირაძემ გამარჯვების გოლი შეაგდო – დავით კვირკველიას ჩაწოდებულ ბურთს ზუსტად დაუხვედრა თავი – 2:1.

შარშანდელი წარუმატებლობების შემდეგ გამარჯვება, ცხადია, ძალიან კარგია. სასიხარულოა ისიც, რომ თემურ ქეცბაიას დებიუტი კარგად დასრულდა, მაგრამ ამთავითვე სათქმელია, რომ ასეთი თამაშით გუნდს ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირში თამაში ძალიან გაუჭირდება. არც ისრაელია ესტონეთის დონისა და არც ლატვია, შესარჩევი ჯგუფის ფავორიტ ხორვატიასა და საბერძნეთზე კი არაფერს ვამბობთ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მთელი შეხვედრა მაღალ ტემპში ჩაატარა და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა (რასაც მოჰყვა კიდეც სტუმართა უამრავი შეცდომა), მაგრამ ამავდროულად, ნათლად გამოჩნდა, რომ გამოსასწორებელი ჯერ კიდევ ბევრია. განსაკუთრებით საგანგაშო იყო მცველების თამაში მეორე ტაიმში, ესტონელთა არცთუ ხშირი იერიშებისას. აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა თავდამსხმელთა მოქმედებაც – სახიფათო მომენტები, მეტწილად, გარემარბების აქტიურობის წყალობით იქმნებოდა.

პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა: „მოგებამ გამახარა, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო ვარ და ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ მომდევნო თამაშებში სხვებსაც გამოვცდი. ვიმედოვნებ, შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე დარჩენილ დროს სათანადოდ გამოვიყენებთ და ნაკლს გამოვასწორებთ“.

სამწუხაროდ, უცნობია თუ როდის ჩაატარებს მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები. სფფ-ის პრესცენტრის განცხადებით, მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

3 მარტი, 2010. ამხანაგური მატჩი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 35 000
საქართველო 2:1 ესტონეთი
გოლები: 1:0 ლევან კობიაშვილი (45, პენ), 1:1 ატს პურიე (83), 2:1 დავით სირაძე (90)
საქართველო: გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე (გიორგი შაშიაშვილი 66), მალხაზ ასათიანი, კახა კალაძე (კაპ), ზურაბ ხიზანიშვილი (ზურაბ მენთეშაშვილი 55), დავით კვირკველია, გოგიტა გოგუა (გურამ კაშია 82), ოთარ მარცვალაძე (გიორგი მერებაშვილი 46), ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი (დავით სირაძე 65), ლადო დვალიშვილი (მათე ვაწაძე 46)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ესტონეთი: მიკელ ასკალუ (არტურ კოტენკო 46), ტიხონ შიშოვი, ალო ბარენგრუბი, რაიო პიიროია (კაპ), დმიტრი კრუგლოვი, სანდერ პური, კონსტანტინ ვასილიევი (ალექსანდრ დმიტრიევი 46), მარტინ ვუნკი, ანდრეი სიდორენკოვი (ტაავი რანი 46), ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი (ატს პურიე 59), ტარმო კინკი (გერტ კამსი 59)
მწვრთნელი: ტარმო რუუტლი
გაფრთხილება: სანდერ პური, რაიო პიიროია, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, ლადო დვალიშვილი, რაიო პიიროია, ატს პურიე, დმიტრი კრუგლოვი, დმიტრი კრუგლოვი
გაძევება: რაიო პიიროია (45), დმიტრი კრუგლოვი (90)
მსაჯები: ვაიჩესლავ ბანარი; სერგეი ტროპანი, ვალერი გუცუ (მოლდოვა)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 8-14 მარტი)

ka_GEGeorgian