უფლისციხე
როგორც იქნა უფლისციხისთვისაც მოვიცალე, უფრო სწორად ამ დიდებულ ადგილზე დასაწერად. ივნისის მიწურულს გიოს კლასს გავყევი ექსკურსიაზე და სამთავისისა და ატენის სიონის მონახულების შემდეგ, უფლისციხესაც ვესტუმრეთ.
პირველ ორზე უკვე მოვყევი და ფოტოებიც გამოვფინე ჩემთან. მაგრამ მას შემდეგ უამრავი საქმე გამომიჩნდა, ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს, გაუთავებელმა ბანკეტებმა და შეხვედრებმაც თავის როლი ითამაშა, ამასობაში ბათუმური მივლინებაც გზაში დამაწიეს და…
მოკლედ, რაც იყო – იყო, ახლა კი უფლისციხეზე, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს!
კლდეში ნაკვეთი ეს საოცარი ქალაქი მურმან ლებანიძის ერთი პატარა ლექსით შემიყვარდა:
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი,
არა დაღვრილის, დასაღვრელის, ალბათ მაცნეა…
როდის წავიკითხე „უფლისციხესთან“, ნაღდად არ მაგონდება, ალბათ ერთ-ერთ ბოლო კლასში. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ პირველივე სტროფმა მომნუსხა, თითქოს მუსიკას ვუსმენო.
უფლისციხის მონახულება ძალიან კი მინდოდა, მაგრამ პირველად წლების შემდეგ ვესტუმრე. მერე კიდევ ერთხელ, მოგვიანებით – ისევ… უცნაური კი ისაა, რომ რამდენჯერაც უნდა შევდგე იმ ლოდებზე, ყოველთვის პირველმნახველივით მოხიბლული ვარ. ძირძველი უფლისციხელების, დამფრთხალი ხვლიკების დანახვაც ყოველ ჯერზე მამხიარულებს.
უფლისციხე ძველისძველი ძეგლია და ერთ დროს ფრიად მნიშვნელოვანი ადგილიც ეკავა საქართველოს ცხოვრებაში, იმდენად ფასეული, რომ ქართლელ და კახელ დიდგვაროვნებს რომ თავი დავანებო, სომხებიც კი ცდილობდნენ აქ გაბატონებას.
მერე კი, როგორც ბატონმა მურმანმა თქვა სხვა, არანაკლებ ლამაზ ლექსში: ბორბალი უკუღმა დატრიალებულა – მონღოლები გამოჩნდნენ კოჭლი თემურის მეთაურობით. და უფლისციხის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო პუნქტის ისტორია წარსულს ჩაბარდა – იქაურობა ააოხრეს. წლების შემდეგ ცხოვრება კი დალაგდა, მაგრამ იმ დროისთვის თბილისისკენ მიმავალი სხვა გზა გაჭრილი იყო. მემატიანეების ცნობით, XIII საუკუნის შემდეგ უფლისციხეს მხოლოდ დროებით თავშესაფრად იყენებდნენ გარშემო სოფლების მაცხოვრებლები. ქვის ქალაქი საბოლოოდ დაკნინდა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. 2006 წელს უფლისციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.
პირველად რომ მოვხვდი იქ, შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა. ახლა რა შედარებაა, ყველაფერი უკეთაა. ეგ კი არა, ადგილობრივებმა, რომ შეხედეს ექსკურსიებს ბოლო არ უჩანდა, ფაცხები ჩადგეს და პატარა სათამაშო მოედანიც მოაწყვეს.
ჩვენც მეტი რა გვინდოდა? სანამ ბავშვები თანატოლებთან ერთობოდნენ, მწვადი ავაშიშხინეთ, იქვე ელარჯიც მოგვართვეს, ხოლო შავი ღვინო რა ეფექტს მოახდენდა, ადვილად მიხვდებით.
სულ ბოლოს კი წრეში ბურთი იყო, სადაც უბრალოდ დაუნდობელი ვარ! მიმიქარავს მურვან ყრუ, ჯალალედინი და ის პირშავი თემურ ლენგი.
რაც შეეხება ამ ფოტოებს, ისინი ღვინით ამჩატებამდე გადავიღე.
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2022 წლის 15 ივლისი