უკან, ბავშვობაში: Miniversum

80-იანების დასაწყისში, ახალი წლის დღეებში თოვლის ბაბუამ პიკოთი გამახარა. პატარა მატარებლები და, ზოგადად, მანქანების მოდელები ალბათ მაშინ თუ შემიყვარდა.

ვინც არ იცის, მათთვის დავწერ: პიკო აღმოსავლეთგერმანული (ახლა უკვე გერმანული) კომპანიაა, სხვადასხვა მასშტაბის მატარებლების მოდელებს და სარკინიგზო აქსესუარებს აწარმოებს.

ის ზღაპრული საჩუქარი კიდე ნაძვის ხის გარშემო, კოხტად აწყობილი დამხვდა (გამიმართლა – მოწესრიგებული თოვლის ბაბუა მერგო): საკმარისი იყო ღილაკისთვის ხელი დამეჭირა და ორთქლმავალი ნახშირმზიდით და ვაგონებით წრეზე სიარულს იწყებდა, თან შესაფერის ხმას გამოსცემდა.

მოკლედ, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო!

თუ ვინმეს იგივე ჰობი გაქვთ და მსგავსი სანახაობა გიტაცებთ, თან შემთხვევით ან განზრახ ბუდაპეშტში აღმოჩნდით, ანდრაშის გამზირის 12 ნომერს აუცილებლად ესტუმრეთ.

Miniversum – ასე ეწოდება იქაურობას და როგორც შევიტყვე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია უნგრეთის დედაქალაქის სტუმრებს შორის. ადგილობრივებზე არაფერს ვამბობ: სანამ იქაურობას ვათვალიერებდი და ვიღებდი, რამდენიმე კლასის ბავშვები მოიყვანეს, პატარებისთვის კი ამაზე უკეთესი სანახაობა ძნელად საპოვნია!

Miniversum მსოფლიოში უდიდეს მსგავს დაწესებულებას, ჰამბურგის Wunderland-ს მასშტაბით ძალიან ჩამოუვარდება, მაგრამ მაინც შთამბეჭდავია: უნგრეთის, ავსტრიის და გერმანიის ულამაზესი ადგილები და ქალაქები (სულ 14) გელით, მათ შორის ბუდაპეშტი, დიორი, სოპრონი, ტატა, ვენა, ბურგენლანდი, მელკი, ლოხტენბურგი, ვარტბურგი, აიზენახი…

გადამოწმება არ მიცდია, გზამკვლევს უსიტყვოდ ვენდე: 300 კვადრატულ მეტრზე გაშლილ Miniversum-ში 5 ათასამდე მინიფიგურაა, 600 შენობის მაკეტი, საერთო ჯამში 1 300 მეტრზე გაწყობილ რელსებზე კი 100 შემადგენლობა დასრიალებს.

Miniversum-ის მთავარი ხიბლი ისაა, რომ სტუმარს ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლია მატარებლების და რამდენიმე ტრამვაის და ავტობუსის ამოძრავება, ასევე, დამატებითი ეფექტისთვის, შესაბამისი ხმის მოსმენა. დიდებულად გავერთე და ბავშვებისთვის რა იქნებოდა, თავად წარმოიდგინეთ!

რაც შეეხება ბილეთს: ზრდასრულთათვის ფასი 2 700 ფორინტია (დაახლოებით 27 ლარი), ბავშვები კი (2-14-წლამდელები) 1 900 ფორინტს იხდიან. საოჯახო ბილეთი უფრო იაფია.

და კიდევ: ბუკლეტის მიხედვით ყველაფრის სანახავად საათი საკმარისია, მაგრამ თუ არსად გეჩქარება, თან ფოტოებსაც იღებ (ჩემსავით), იქაურობას გაცილებით დიდხანს შემორჩები. ისიამოვნე რამდენიც გინდა, პირმშვენიერი მასპინძლები კარისკენ არ მიგითითებენ.

მოკლედ, სულით და გულით გირჩევთ: მოიარეთ უნგრეთი, ავსტრია და გერმანია Miniversum-ში!

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბუდაპეშტი, უნგრეთი; 2018 წლის 9 ნოემბერი

ka_GEGeorgian