უკრაინა 2:1 საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ლინცში გუშინ ამხანაგური შეხვედრა გამართა უკრაინის ნაკრებთან. კახი ცხადაძის გუნდი 1:2 დამარცხდა. 13 ივნისს ჩვენი ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში პოლონეთს გაეჯიბრება.„ჯვაროსნები“ ისტორიაში მეცხრედ დაუპირისპირდნენ უკრაინას და კვლავ ვერ გაიმარჯვეს. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მეტოქის უპირატესობა გაიზარდა: 6 მოგება და 3 ფრე.

ლინცის აუფ დერ გუგლზე 700-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. უმეტესობა უკრაინის ნაკრებს ქომაგობდა, თუმცა ტრიბუნებზე საქართველოს დროშებსაც შენიშნავდით. I ტაიმი, შეიძლება ითქვას, ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი არ გავიდა. საწყის 45 წუთში კარგად ითამაშეს გიორგი ნავალოვსკიმ და ვაკო ყაზაიშვილმა – პირველმა მხოლოდ მე-5 შეხვედრა ჩაატარა ეროვნულ გუნდში, არნემის ვიტესის შემტევმა კი მეექვსედ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისური.

შესვენების შემდეგ კახი ცხადაძემ ერთბაშად 3 მოთამაშე შეცვალა: გურამ კაშიას ადგილი ლაშა სალუქვაძემ დაიკავა, თორნიკე ოქრიაშვილი ლევან ყენიამ შეცვალა, ბაჩანა ცხადაძე კი გიორგი ჭანტურიამ. რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ II ტაიმი 5 ახალი ფეხბურთელით დაიწყო.

ყენიას მალევე შეეძლო ანგარიშის გახსნა: გიორგი ჭანტურიამ დაარტყა, მცველებმა უხეიროდ ითამაშეს და ბურთი მეკარის წინ მდგომ ყენიას მიუვიდა, თუმცა პრაღის სლავიას შემტევ ნახევარმცველს დენის ბოიკომ აჯობა – ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ანგარიში 57-ე წუთზე გაიხსნა: ლაშა დვალმა ბურთი გიორგი ლორიას დაუბრუნა, მეკარემ უყურადღებოდ ითამაშა, ძელიდან ასხლეტილ ბურთს კი არტემ კრავეცმა მიუსწრო და ერთი შეხებით გახსნა ანგარიში – 0:1.

67-ე წუთზე უკრაინელთა უპირატესობა გაიზარდა: ევგენი კონოპლიანკამ მეკარის საჯარიმოსთან უჩა ლობჟანიძეს დაასწრო და საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლორიას კარში გადაგზავნა – 0:2.

81-ე წუთზე „ჯვაროსნებმა“ ერთი გოლი გაქვითეს: დანიის ორჰუსში მოთამაშე მათე ვაწაძემ თავურით ეფექტური ბურთი შეაგდო. ეს ვაწაძის მე-2 გოლი იყო მე-9 სანაკრებო მატჩში, პირველად მან 2013 წლის 6 თებერვალს, ტირანაში, ალბანეთს გაუტანა.

ცნობისათვის: ეს იყო საქართველოს ნაკრების 194-ე საერთაშორისო მატჩი და სამწუხაროდ, მე-100 წაგება.

9 ივნისი, 2015. ამხანაგური. ავსტრია, ლინცი, აუფ დერ გუგლი. 700
უკრაინა 2:1 საქართველო
გოლები: 1:0 არტემ კრავეცი (57), 2:0 ევგენი კონოპლიანკა (67), 2:1 მათე ვაწაძე (81)
უკრაინა: დენის ბოიკო, იაროსლავ რაკიცკი, ევგენი ხაჩერიდი, ოლეგ გუსევი (ვიაჩესლავ შევჩუკი 46), რუსლან როტანი (კაპ) (სერგეი რიბალკა 46), ტარას სტეპანენკო (სერგეი სიდორჩუკი 46), პავლო კსიონზი, მიკოლა მოროზიუკი, დენის გარმაში (ანატოლი ტიმოშჩუკი 46), ევგენი სელეზნიოვი (არტემ კრავეცი 46), ევგენი კონოპლიანკა (დენის ოლიინიკი 76)
მწვრთნელი: მიხაილ ფომენკო
საქართველო: გიორგი ლორია, ალექსანდრე ამისულაშვილი (კაპ), გურამ კაშია (ლაშა სალუქვაძე 46), გიორგი ნავალოვსკი, უჩა ლობჟანიძე (კახა ალადაშვილი 71), ლაშა დვალი, სანდრო კობახიძე, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ლევან ყენია 46), ბაჩანა ცხადაძე (გიორგი ჭანტურია 46), ვაკო ყაზაიშვილი (მათე ვაწაძე 71)
მწვრთნელი: კახი ცხადაძე
გაფრთხილება: ევგენი ხაჩერიდი
მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 10 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian