უმაღლესი დონის დოპინგ-კონტროლი გარანტირებულია

ბელარუსის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოს – NADA – დირექტორის დენის მუჟუხინის განცხადებით, მინსკის ევროპული თამაშების ანტისადოპინგო პროგრამა თამაშების ორგანიზატორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. საუბრია კადრების შერჩევაზე, ტესტირების დაგეგმარებასა და დოპინგ-კონტროლის პუნქტების აღჭურვაზე.

ევროპის II თამაშებისას დოპინგ-კონტროლის პუნქტები განთავსდება სპორტულ ობიექტებსა და სპორტსმენთა სოფელში. დოპინგ-კონტროლი მოიცავს თითოეულ სპორტის სახეობას. პრაქტიკულად ყველა სახეობაში, მშვილდოსნობის და ტყვიის სროლის გარდა, დოპინგ-კონტროლი განხორციელდება სისხლის სინჯებით.

მინსკის II ევროპული თამაშების ანტისადოპინგო კონტროლის მენეჯერის ეკატერინა კურილენკოვას განმარტებით, პროგრამის სამიზნეში იქნებიან ის ათლეტები, რომლებიც საპრიზო ადგილებს დაიკავებენ. გარდა ამისა, სპორტსმენების შერჩევა მოხდება ერთგვარი წილისყრით, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი ექნება ამა თუ იმ ათლეტს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის იმ სახეობებს, სადაც აკრძალული ნივთიერებების მიღების მომატებული რისკია. მათ შორისაა ველოსპორტი, მძლეოსნობა, ჭიდაობა, სამბო, ძიუდო, ნიჩბოსნობა. გარდა ამისა, გადამოწმდება ანტისადოპინგო წესების დარღვევაზე მესამე პირისგან მიღებული ინფორმაციებიც.

საგულისხმოა, რომ თამაშებს მოემსახურება დოპინგ-ოფიცრების საერთაშორისო გუნდი, რაც თავის მხრივ დოპინგ-კონტროლის პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 მარტი)

ka_GEGeorgian