უნაი ემერი: პეტრ ჩეხს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ… ვერ ვენდობი!

ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ინგლისელები ბევრს წუწუნებდნენ, ბაქოში ჩასვლა რთულია და პრობლემებთანაა დაკავშირებულიო, მაგრამ ოლიმპიური სტადიონის საკონფერენციო დარბაზი დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ჟურნალისტებმა მაინც ბოლომდე გაავსეს.
მათ წინაშე პირველი უნაი ემერი წარსდგა, არსენალის ესპანელი მთავარი მწვრთნელი და ევროპალიგის სპეციალისტი. შეგახსენებთ, რომ 2014, 2015 და 2016 წლებში მისმა გაწვრთნილმა სევილიამ ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ეს თასი.
ემერიმ სეზონის წინ ჩაიბარა ლონდონური კლუბი. ინგლისურ ასპარეზზე მას ხელი მოეცარა – არსენალმა პრემიერლიგა
V ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონაში ვერ მოხვდა, ვერც ასოციაციის და ლიგის თასებს შეწვდა და ახლა მთავარ საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე დაბრუნების ერთადერთ შანსად ხვალინდელი ფინალის მოგება რჩება. პრესკონფერენცია მან სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო.

…ჩვენთვის მთავარი ტიტულია! გვინდა, რომ სეზონი ევროპალიგის მოგებით დავასრულოთ. ვიცით, რომ ეს თასი ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც გვაძლევს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. მთავარი ევროპალიგაა!

…ბიჭებმა ძალიან კარგად იციან ამ თასის მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ტიტულის მოსაგებად.

…პეტრ ჩეხს დიდ პატივს ვცემ როგორც პიროვნებას და პროფესიონალ მეკარეს, მაგრამ იცით, რომ ამ თამაშის შემდეგ ის ჩელსიში იწყებს მუშაობას. ამ კონკრეტული მიზეზით, ხვალ მას ვერ ვენდობი. და ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა, როცა ამის გამო ვერ დავაყენებ ძირითად შემადგენლობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ის დიდებული მოთამაშეა, ძალიან პატივსაცემი და დასაფასებელი, მაგრამ გუნდის ინტერესები ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას! ის კარიერის უკანასკნელ მატჩს ატარებს და ვეცდები, ფინალის მსვლელობიდან გამომდინარე, თუ მისთვის საჩუქრის გაკეთების შანსი მომეცა, გამოვიყენო.

…არსენ ვენგერმა უდიდესი წარმატება მოუტანა არსენალს. რაც მან კლუბისთვის გააკეთა, ფასდაუდებელია! დასამალი არაფერი მაქვს: მინდა, რომ მეც დიდი წარმატებები მოვუტანო არსენალს და ვეცდები დიდებისკენ სვლა ხვალინდელი ფინალით, ევროპალიგის თასით დაიწყოს.

…ჩელსიზე საუბრისგან თავს შევიკავებ და მხოლოდ ერთს ვიტყვი: არსენალის დარად, მეტოქესაც ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს.

…ფინალის ბაქოში დანიშვნის გამო ბევრმა დაიჩივლა… მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არსენალს და ჩელსის უამრავი ქომაგი ჰყავს და ხვალ ბევრი მათგანი ამ შესანიშნავი სტადიონის ტრიბუნებზე იქნება. ჩვენ ჩვენი ფანებისთვის ვითამაშებთ და არ აქვს მნიშვნელობა რამდენიმ მათგანი ჩამოვა ბაქოში.

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 მაისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian