ვაისის მეორე ქართული რეკორდი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2020-21 წლების უეფას ერთა ლიგა ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო – ა ლე კოქ არენაზე ნიკა კაჭარავას მიერ თავით გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა.

ესტონელებთან მატჩი არაერთი საინტერესო ფაქტის თუ რეკორდის გამოა აღსანიშნავი, ერთ-ერთი კი ეროვნული გუნდის სლოვაკ თავკაცს ვლადიმირ ვაისს უკავშირდება – ბალტიისპირელებთან მატჩი მისთვის 41-ე იყო საქართველოს პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე და ეს ჯვაროსნების ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა!

ტალინურ მატჩამდე ვაისი თემურ ქეცბაიას რეკორდის თანამფლობელი გახლდათ, გუშინდელი თამაშის შემდეგ კი ერთპიროვნულად პირველია.

სლოვაკმა სპეციალისტმა 2016 წელს ჩაიბარა გუნდი და მას შემდეგ უცვლელად ხელმძღვანელობს ნაკრებს. 41 მატჩიდან მისმა გუნდმა 15 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 14 წააგო. 55:46 – ასეთია ვაისის საქართველოს ბურთების შეფარდება.

ესტონეთთან მატჩი კიდევ ერთი ფაქტის გამოა საინტერესო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებამდე ვაისი სლოვაკეთის პირველ გუნდს წვრთნიდა, 2008-11 წლებში, და ნაკრებს ზუსტად 40 შეხვედრაში უხელმძღვანელა, მათ შორის 2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. მაშინ სლოვაკებმა პატარა სასწაული მოახდინეს და იმ დროისთვის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იტალია ჯგუფში ჩატოვეს და 1/8-ფინალში იასპარეზეს.

ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშან, გიბრალტარში 3:2 გამარჯვების შემდეგ ვლადიმირ ვაისი გუნდის არანაკლებ მნიშვნელოვანი რეკორდის მფლობელი გახდა – ნაკრებში მე-14 მატჩი მოიგო, რაც მანამდე ვერავინ შეძლო. ვაისამდე 13-13 გამარჯვებით ალექსანდრე ჩივაძე და თემურ ქეცბაია პირველობდნენ.

ესტონური 1:0ით ვაისმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს კვლავ უეფას ერთა ლიგის ეგიდით ჩაატარებს – ჩრდილოეთი მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 6 სექტემბერი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian