ვახტანგ ლოლუა: მეორე თინეიჯერი

ორიოდ სიტყვით ვახტანგ ლოლუაზე და მის მიერ მოგებულ მსოფლიო ოქროზე: 19 სექტემბერს ეს ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ყველაზე მჩატე, არაოლიმპიურ, 55კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

ლოლუა 18 წლისაა. დაიწერა, რომ ის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია, ცხადია ასაკობრივი ტურნირები არ იგულისხმება. ეს კი ნაწილობრივაა სიმართლე, რადგან, თუ მხოლოდ დამოუკიდებელი ქართული სპორტის წლებს გავითვალისწინებთ, 1992 წლიდან, კი ბატონო, ასეა, მაგრამ საბჭოთა საქართველოს წლებს რა ვუყოთ, დავივიწყოთ?

ამიტომ, ასე დავწერ: 1953 წლიდან დაწყებული, მას შემდეგ, რაც ქართველი პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზია), ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული მეორე ქართველი თინეიჯერია.

პირველი კი ბატუტზე მხტომელი ზაზა (ზაქარია) აბრამაშვილი გახლავთ, რომელიც ასევე 18 წლის იყო, როცა 1990 წელს ესენში (გერმანია) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა საკავშირო გუნდის შემადგენლობაში.

აქვე, სამართლიანობისთვის, უნდა აღვნიშნო, რომ იმ დროს ბატუტზე ხტომა ჯერ კიდევ არ იყო ოლიმპიური სახეობა, 2000 წლიდან, სიდნეიდანაა თამაშების სპორტულ პროგრამაში.

მოკლედ, ასეთი ამბავია. სპორტს, მოგეხსენებათ, სიზუსტე უყვარს, ამიტომაც ნუ დავუკარგავთ აბრამაშვილს იმ გამარჯვებას. მისი ტიტულით ლოლუას ოქროს მედალს არაფერი დააკლდება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოსვლას კი არ ვიცი რა ეთქმის, 1999 წლის შემდეგ პირველად, გუნდმა ერთი მედალიც ვერ მოიგო…

ლაშა გოდუაძე
20
25 წლის 22 სექტემბერი
ფოტო: United World Wrestling

ka_GEGeorgian