ვანკუვერში… უისტლერზე…

ვანკუვერის ოლიმპიადაზე 2010 წლის 12 თებერვალს მომხდარი ტრაგედია ევროსპორტით შევიტყვე – მორბენალ სტრიქონში დაიწერა უისტლერის საციგაო ტრასაზე დატრიალებული უბედურების შესახებ. აუჰ, რა საშინელი ამბავია მეთქი, გავიფიქრე და წამში გარდაცვლილის სახელი და გვარიც ამონათდა – ნოდარ ქუმარიტაშვილი, 21 წლის სპორტსმენი საქართველოდან. დაზაფრულმა სხვა არხებზე გადავრთე და მგონი იტალიურ რაი უნოზე ის შემზარავი კადრებიც ვნახე…

ოლიმპიადა იმავე საღამოს გაიხსნა. ოღონდ საქარველოს დელეგაციას საერთოდ არ ეზეიმებოდა. კი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ჩვენი სპორტის მაშინდელი ხელმძღვანელები რამდენიმე სპორტსმენთან და მწვრთნელთან ერთად შეუერთდნენ ერთა აღლუმს, მაგრამ ამით მხოლოდ ვალი მოიხადეს.

კარგად მახსოვს: როცა ჩვენები გამოჩნდნენ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი პრეზიდენტი ჟაკ როგე და საპატიო სტუმართა ლოჟაში მასთან ერთად მყოფნი, პატივისცემის ნიშნად ფეხზე წამოდგნენ, სტადიონის დიდ ტაბლოზე კი დაიწერა, რომ ცერემონია ქართველი სპორტსმენის ხსოვნას მიეძღვნა.

მეორე დღეს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის მესვეურებმა საგანგებოდ გამართულ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ სტარტის ადგილი რამდენიმე ათეული მეტრით და მოსახვევით ჩამოწიეს. ამით მაქსიმალური სიჩქარე შემცირდა. ტრაგედიის წამებში ქუმარიტაშვილი არნახულად სწრაფად (145კმ/სთ) მიქროდა, ცვლილების შემდეგ კი მაჩვენებელმა თითქმის ოცი კილომეტრით იკლო. გადაწყვეტილება ბევრმა დაიწუნა, მაგრამ ვანკუვერშივე გამოჩნდა, რომ ამით მონაწილეებმა მხოლოდ მოიგეს – მესამე თუ მეოთხე დღეს ავსტრიელები ზუსტად იმ მოსახვევიდან ამოვარდნენ, სადაც ნოდარი. თუმცა ისინი შედარებით დაბალი სიჩქარით მოძრაობდნენ და უვნებლად გადარჩნენ.

ჩვენი გუნდიდან იქ კიდევ ერთს, ლევან გურეშიძეს უნდა ესრიალა, მაგრამ შეჯიბრებაში მონაწილეობა გადაიფიქრა. ოლიმპიური ოქრო კი ქუმარიტაშვილზე ერთი წლით უმცროსმა გერმანელმა, ფელიქს ლოხმა მოიგო. ამ სპორტის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

თითქმის ერთ თვეში, 2010 წლის 23 მარტს, ლოხმა ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან და ვანკუვერი 2010ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად ბაკურიანში ნოდარის საფლავი მოინახულა და ყვავილებით შეამკო…

გინდა თუ არა ასეა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი ალბათობით ნოდარ ქუმარიტაშვილი მეორე ქართველია, რომელიც უშუალოდ შეჯიბრების დროს გარდაიცვალა.

პირველი ტრაგედიაც კანადაში დატრიალდა: 1983 წლის 16 ივლისს, ედმონტონში გამართულ მსოფლიო უნივერსიადაზე, წყალში მხტომელთა ასპარეზობის მიწურულს სერგო შალიბაშვილმა უკუმალაყის დროს კოშკურის ბაქანს კეფა ჩამოარტყა და გონდაკარგული ჩავარდა წყალში. ბიჭი სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ისიც 21 წლის იყო.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 12 თებერვალი)

ka_GEGeorgian