ვარსკვლავები: ალესანდრო დელ პიერო

1 ივლისს იტალიის ყველაზე ტიტულიანი კლუბი ტურინის იუვენტუსი საუკეთესო ფეხბურთელს, ალესანდრო დელ პიეროს გამოეთხოვა. ლეგენდარულ პინტურიჩოს ბებერ ქალბატონთან ხელშეკრულება დაუსრულდა და როგორც ადრე ითქვა, კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდა.

დელ პიეროს წასვლით მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის ისტორიაში ბრწყინვალე ეპოქა დასრულდა: მწვანე მინდორს ტყავის ბურთის დიდოსტატი დაემშვიდობა.

იუვენტუსის ახლა უკვე ყოფილმა კაპიტანმა 1 ივლისს ოფიციალურ საკლუბო ვებგვერდზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:

„იცით, რომ იუვენტუსს ვტოვებ, თუმცა ოფიციალურად ეს ამბავი ახლა ხდება. ვერ ვიტყვი, რომ დამწუხრებული ვარ – სეზონი კარგა ხანია დასრულდა და ყველაფერი კარგად გავიაზრე. დაუვიწყარიის წლები, რც იუვეში გავატარე! არასდროს დამავიწყდება გამარჯვებები და ის წაგებებიც, რომელთა შემდეგ ძილი მიტყდებოდა. ყოველთვის მემახსოვრება 2012 წლის 13 მაისი – დღე, როცა უკანასკნელად ვითამაშე ტურინელი გულშემატკივრების წინ და კარიერა დავასრულე. ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, იუვენტუსი კი რჩება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ რჩებიან ქომაგები, რომლებიც მუდმივად გვერდში ედგნენ საყვარელ კლუბს. მიხარია, რომ ჩემი 10-ნომრიანი მაისურით კვლავ ითამაშებენ და ძალიან მინდა, რომ მათ ეს უკეთ შეძლონ. მეამაყება, რომ მაისურს, რომლის ტარებაც მსოფლიოში უამრავ მოთამაშეს სურს, წლების მანძილზე ვირგებდი. ხვალიდან აღარ ვიქნები იუვენტუსის ფეხბურთელი, მაგრამ ყოველთვის დავრჩები ერთ-ერთ თქვენგანად. ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ზუსტად ისე, როგორც 19 წლის წინ. მადლობა ყველაფრისთვის და ნახვამდის“!

ალესანდრო დელ პიერო, 2012 წლის 1 ივლისი

იუვენტუსი

ჩემპიონთა ლიგის 1995-96 წლების გამარჯვებული ტურინის იუვენტუსი. დგანან (მარცხნიდან): მორენო ტორიჩელი, ანტონიო კონტე, ჩირო ფერარა, ფაბრიციო რავანელი, ანჯელო პერუცი. პირველ რიგში: პაულო სოუზა, ჯანლუკა პესოტო, დიდიე დეშამი, ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუკა ვიალი, პიეტრო ვერხოვოდი

…2004 წელს, ფიფას საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ფეხბურთის მეფე პელემ საუკეთესო 125 ფეხბურთელი დაასახელა. ლეგენდარული ბრაზილიელის რჩეულთა შორის ალესანდრო დელ პიეროც მოხვდა.

იმავე წელს უეფამ ნახევარსაუკუნოვანი იუბილე იზეიმა და უძლიერეს ევროპელთა შორის ალექსმაც დაიმკვიდრა ადგილი.

მსოფლიოს 2004 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა რონალდინიომ განაცხადა, რომ ის ტურინელი ვარსკვლავის ფანია.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დელ პიერომაც, საყვარელ კლუბთან ერთად, არაერთი მძიმე პერიოდი გადაიტანა, მაგრამ დასასრული მაინც ლამაზი გამოუვიდა – იუვენტუსს სკუდეტო დაუტოვა და წავიდა.

„ეს წლები ჩემთვის მძიმე იყოკლუბთან ერთად სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი და თუ მანამდე მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოდი, ბოლო ხანებში იმ პრობლემების დაძლევა მიხდებოდა, რომლებსაც, სიმართლე გითხრათ, მიჩვეული არ ვიყავი. ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვარ რომ ყველაფერი წარმატებით გადავლახეთ და ჩემპიონები გავხდით“! – უკანასკნელ სეზონში ალესანდრო დელ პიერომ 28 მატჩში 5 გოლი შეაგდო.

705 ოფიციალური თამაში და 289 ბურთო – ასეთია სტატისტიკური მონაცემები იმ ფეხბურთელისა, ვინც 1993 წლიდან დღემდე იცავდა იუვენტუსის ღირსებას და რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია. როცა დიდხანს თამაშობ ერთსა და იმავე კლუბში, ცხადია შესანიშნავი მიღწევებიც იბადება. ის, რომ ალექსი ტურინული კლუბის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა, არახალია, მაგრამ ამავდროულად, ის კიდევ ერთი მრავლისმეტყველი რეკორდის ავტორიცაა: დელ პიეროზე მეტჯერ იუვენტუსის მაისური არავის მოურგია!

იტალიის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ, გაძეტა დელო სპორტმა დელ პიეროს იუვენტუსის სიმბოლო უწოდა: მან გუნდს იმ დღეებში უერთგულა, როცა კლუბი ამას ყველაზე მეტად საჭიროებდა. საგულისხმოა, რომ დელ პიერო თითქმის ათი წელია ტურინელთა ერთპიროვნული ლიდერია და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ხნის მანძილზე მის პროფესიონალიზმსა და შესაძლებლობებში არავის შეუტანია ეჭვი: არც თანაგუნდელებს, არც მწვრთნელებს და არც კლუბის ხელმძღვანელობას. ალექსი შეუდარებელია და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვასის ფეხბურთიდან თავაწეული წავიდ“.

ალესანდრო დელ პიერო

1997 და 1998 წლებში ალესანდრო დელ პიერო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

20 წლის წინ დელ პიერო სან ვენდემიანოს ფეხბურთელი იყო. სწორედ მაშინ შენიშნეს პადოვას ხელმძღვანელებმა და 13 წლისა თავისთან მიიწვიეს.

მერე ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა: ასაკობრივი გუნდები, იტალიის 16 და 17-წლამდელთა ნაკრები, არაერთი ჩინებული თამაში, დებიუტი პროფესიონალთა შორის – 1991 წელს სერია ბ-ში და ჯანი გავარდეს, გაცვეთილი ფრაზაც მოვიშველიოთ – მოსახდენი მოხდა: ბიჭი იუვენტუსმა მიიწვია!

მომავალი ვარსკვლავი სწორედ ამ კლუბში მოხვედრაზე ოცნებობდა: შავთეთრი მაისურით თამაში ბავშვობის ოცნება იყო! 80-იანი წლების ლეგენდარული იუვენტუსის მატჩები დღემდე მახსოვს და მაგონდება, რომ პლატინის, ბონეკის, ტარდელის, კაბრინის და როსის მხარდამხარ ასპარეზობაზე ვოცნებობდი,არმოვიდგენდი, რომ მათთან ერთად გავდიოდი მინდორზე და გოლები გამქონდაროცა იუვენტუსის ინტერესის შესახებ შევიტყვე, უზომოდ გახარებული ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა“!

დელ პიეროს დებიუტი 1993 წლის სექტემბერში შედგა სერია ა-ში ფოჯას წინააღმდეგ, მომდევნო მატჩში კი გოლიც გაიტანა – რეჯინასთან კვლავ შეცვლაზე იასპარეზა. იმავე სეზონში ტურინელთა ტიფოზების გულები პარმასთან ბრწყინვალე თამაშით საბოლოოდ მოინადირა – პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში და ჰეთ-თრიქი შეასრულა!

1994-95 წლების სეზონში იუვენტუსმა მილანს აჯობა და 1986 წლის შემდეგ პირველად მოიგო სკუდეტო! ტურინელებმა თასიც აღმართეს, დელ პიერომ კი რობერტო ბაჯო დაჩრდილა და იმდენად კარგად ითამაშა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს მსოფლიოს და ევროპის 1993 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვა გადააწყვეტინა – ბაჯომ იუვე 1995 წლის ზაფხულში დატოვა.

დელ პიეროს შესანიშნავი თამაშით მოხიბლულმა იუვენტუსის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯანი ანიელიმ ფეხბურთელი პინტურიჩოს შეადარა, აღორძინების ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო ფერმწერს. ფეხბურთელს ეს მეტსახელი ბოლომდე შერჩა…

„20 წლისაა, მაგრამ ჩამოყალიბებული ვარსკვლავია! ალექსი ჩინებული ფეხბურთელია, შეტევაში ფანტასტიურია და დარწმუნებული ვარ, გუნდის ლიდერი გახდება! – ამბობდა მარჩელო ლიპი, ტურინელთა მთავარი მწვრთნელი.

იმ დროისთვის დელ პიერომ ევროპის ჩემპიონატის მოგებაც მოასწრო: ჩეზარე მალდინის გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 1994 წელს საფრანგეთში მოიგო 21-წლამდელთა ოქრო.

1995-96 წლების სეზონი მის კარიერაში მეორე „ოქროს სეზონია“ – იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შემდეგ კი საკონტინენტთაშორისო და ევროპის სუპერთასებიც აღმართა.

დელ პიერო ყველა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო: ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების ჯგუფურ ტურნირში იუვენტუსმა დიდებულად ითამაშა და დორტმუნდის ბორუსიას, ბუქარესტის სტიაუას და გლაზგოს რეინჯერსს სასტიკად გაუსწორდა. ალექსმა რამდენიმე დაუვიწყარი გოლი გაიტანა და თან, ყველა ერთ სტილში: მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს უახლოვდებოდა, მერე კი მოჭრილი დარტყმით მეკარისგან შორეულ მაღალ კუთხეში, ცხრიანში ახვევდა ბურთებს! მერე და მერე, როცა კიდევ გაიტანა რამდენიმე მსგავსი გოლი, ჟურნალისტებმა იმ ადგილს, საიდანაც ალექსი თავის საფირმო დარტყმას ასრულებდა, „დელ პიეროს ზონა“ უწოდეს.

დელ პიერო

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ალესანდრო დელ პიერომ 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

ამომავალი მზის ქვეყნის დედაქალაქში, საკონტინენტთაშორისო თასზე, ტურინელებმა არგენტინის რივერ პლეიტი დაამარცხეს – 1:0. ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დელ პიერომ შეაგდო. მასვე გადაეცა საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო – ახალთახალი ტოიოტა. მერე ევროპის სუპერთასის მატჩები იყო: ტურინელებმა თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი არ დაინდეს: პირველ მატჩში, პარიზში 6:1 სძლიეს მეტოქეს, შინ – 3:1.

ყველა ტიტულმა უდიდესი სიხარული მომანიჭა! თითოეული გამარჯვების შემდეგ უზომოდ ბედნიერი ვიყავი და კიდევ მსურდა წარმატება, მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ ევროპაში ყოველთვის ვმარცხდებოდით“, – ალესანდრო დელ პიერო.

1996 წლის შემდეგ ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი დათმეს: 1997, 1998 და 2003 წლებში.

1997 და 1998 წლებში დელ პიერო ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა და მომდევნო, 1998-99 წლების სეზონიც კარგად დაიწყო, მაგრამ ოქტომბერში, სერია ა-ს მორიგ ტურში, უდინეზესთან ფრედ 2:2 დასრულებულ თამაშში მუხლის მყესები გაიწყვიტა. ტრავმა უმძიმესი იყო და კლუბმაც სეზონის ბოლომდე მოისაკლისა ლიდერი. მის გარეშე დარჩენილი იუვე სერია ა-ში მე-6 ადგილზე გავიდა.

ძალიან გამიჭირდა. ის პერიოდი, ალბათ, ყველაზე რთული იყო ჩემ ცხოვრებაში. ფეხბურთს რომ ვერ ვთამაშობდი, ეს ძალიან მთრგუნავდა ამას მამის ავადმყოფობაც დაერთო. ტრავმისგან განვიკურნე, მაგრამ მამა… მისმა გარდაცვალებამ ძალიან მატკინა გულიიმ ამბავმა გამანადგურა“, – დელ პიერო.

ის, რომ ფეხბურთელი ძველებურად ვერ ირჯებოდა და ეფექტურიც ვეღარ იყო, საფეხბურთო სამყარომ უმალ იგრძნო. ნელ-ნელა ალექსის კრიტიკამ იმატა, მალე კი ისეთი ცნობებიც გაჩნდა, რომლის დაჯერება გულშემატკივრებს არ სურდათ: „დელ პიეროს ეს კლუბი იწვევს“… „ის გაცილებით დიდ გასამრჯელოს სთავაზობს“… „ალექსს ტურინში თამაში მობეზრდა“…

თუმცა, ეს ამბები აღარ გაგრძელდა – პინტურიჩო დელე ალპიზე დარჩა და მალე კვლავ აღმართს შეუყვა: 2002 და 2003 წლებში ზედიზედ მოიგო სერია ა და იტალიის სუპერთასი, 2005 და 2006 წლებში კვლავ გახდა ქვეყნის ჩემპიონი…

2006 წლის 10 იანვარს კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა: იტალიის თასზე, ფიორენტინასთან მატჩში ალექსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე შეიქნა – ჯამპიერო ბონიპერტის მიღწევა – 182 გოლი – ერთბაშად სამით გააუმჯობესა!

სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა იუვენტუსელი მოუთმენლად ელოდა. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ დაგვსჯიდნენ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ კლუბს დააქვეითებდნენ და ალალად მოგებულ ორ ტიტულს ჩამოართმევდნენ! არ ვიცი ვინ მოისყიდა მსაჯები, ან საერთოდ, მოხდა თუ არა ასეთი რამ, მაგრამ ერთი რამ აშკარაა – საშინელი სასჯელი იყო! – დელ პიერო კალჩოპოლის სკანდალზე.

იუვენტუსი დაისაჯა, სერია ბ-ში ასპარეზობა ქულებნაკლულმა დაიწყო, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ დაიშალა ბრწყინვალე შემადგენლობა: ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა ბარსელონაში გადავიდნენ; ფაბიო კანავარომ და ემერსონმა მადრიდის რეალს მიაშურეს; პატრიკ ვიეირამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანის ინტერის მაისური მოირგეს…

ვრჩები. იუვენტუსის დატოვებას არ ვაპირებ. დღეს კლუბს კარგი დღეები არ უდგას და ჩემი ვალია გუნდს დავეხმარო. სხვა თუ არაფერი, ანიელების ოჯახი, რომლებმაც ათწლეულები შეალიეს იუვეს, ღალატს არ იმსახურებს“, – მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კარიერა სერია ბ-ში გააგრძელა: 2006 წლის 23 აგვისტოს იუვენტუსმა იტალიის თასზე ჩეზენას სძლია. დელ პიერო 74-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მალე გამარჯვების გოლი შეაგდო. ეს ალექსის პირველი ოფიციალური მატჩი იყო ტრიუმფით მოგებული უდიდესი საფეხბურთო ტურნირის შემდეგ, მერე კი მომქანცველი აღმართი დაიწყო, რაც 2007 წლის გაზაფხულზე სერია ბ-ს მოგებით და ბომბარდირის ტიტულით დაგვირგვინდა – იუვენტუსის ლიდერმა 20 გოლი შეაგდო!

2007-08 წლების სეზონში აპენინური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული იუვენტუსი მე-3 ადგილზე გავიდა, კლუბის ლიდერი კი კვლავ ბომბარდირი გახდა. ამჯერად ერთით მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე წინა სეზონში – 21. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის, პაოლო როსის შემდეგ ალესანდრო დელ პიერო გახდა პირველი, რომელმაც სერია ბ-სა და სერია ა-ში ზედიზედ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი.

2010 წლის 14 მარტს, სერია ა-ში სიენასთან 3:3 დასრულებულ შეხვედრაში ტურინელთა კაპიტანი ელიტარული კლუბის წევრი გახდა: კარიერაში მე-300 გოლი შეაგდო!
იმავე წლის 30 ოქტომბერს, მილანთან 2:1 მოგებულ თამაშში 179-ე ბურთი შეაგდო სერია ა-ში და ჯამპიერო ბონიპერტის კიდევ ერთი საკლუბო რეკორდი გადაწერა.

2012 წლის 11 აპრილს, რომის ლაციოსთან შეხვედრაში ალექსმა მირკო ვუჩინიჩი შეცვალა – ეს იყო დელ პიეროს საიუბილეო, მე-700 თამაში იუვენტუსის შავ-თეთრი მაისურით! რამდენიმე წუთში ზღაპრული მიღწევა ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმით აღნიშნა – იუვემ 2:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერ მილანს გადაასწრო!

ბოლოს სკუდეტო და 13 მაისი იყო – დღე, როცა დიდოსტატი იუვეს ათნომრიანი მაისურით უკანასკნელად გავიდა ტურინული კლუბის სარბიელზე.

იუვენტუსი

იცოდით?
…ალექსი დღემდე მეგობრობს ნელსოსთან, პიერპაოლოსთან და ჯოვანი-პაოლოსთან, რომლებიც მშობლიურ დაბა კონელიანო-ვენეტოში გაიცნო.
…ალექსის უფროსი ძმა სტეფანო გენუის სამპდორიაში თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა.
…ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბავშვობაში მოგზაურობაზე ოცნებობდა და ამიტომ სატვირთო მანქანის მძღოლობას აპირებდა, რათა შორეული ქვეყნების ნახვის საშუალება ჰქონოდა.
…პირველ კლუბში, სან ვენდემიანოში ალექსი მეკარე იყო, თუმცა მწვრთნელებმა მალე წინ გადაიყვანეს და ჯერ ნახევარმცველად ათამაშებდნენ, შემდეგ კი თავდამსხმელად.
…ალესანდრო დელ პიეროს მეუღლე სონია ამორუზოა. ისინი 1999 წლიდან მეგობრობდნენ, 2005 წელს კი იქორწინეს. 2007 წლის 22 ოქტომბერს წყვილს პირველი ვაჟი – ტობიასი შეეძინა, 2009 წელს ქალიშვილი დოროთეა, 2010 წელს კი მეორე ბიჭი – საშა.
…ტურინელთა ლიდერის მამა სიმსივნით გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ფეხბურთელმა საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების შემუშავებას აფინანსებს.
…ტურინის 2006 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ალესანდრო დელ პიერო იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი ხვდა წილად.
…ალესანდრო და ბრიტანული როკ-ჯგუფის ოაზისის ლიდერი ნოელ გალაჰერი დიდი ხანია მეგობრობენ. ეს უკანასკნელი ინგლისის პრემიერლიგის კლუბ მანჩესტერ სიტის ერთგული გულშემატკივარია და წლების წინ ალექსს რამდენჯერმე შესთავაზა მანჩესტერში გადასვლა.

ალესანდრო დელ პიერო
დაიბადა 1974 წლის 9 ნოემბერს იტალიის დაბა კონელიანო-ვენეტოში
1991-93 წლებში პადოვას, 1993-2012 წლებში ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი – 2006; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 2000; იტალიის ჩემპიონი – 1995, 1997, 1998, 2002, 2003, 2005, 2006, 2012; სერია ბ-ს ჩემპიონი – 2007; იტალიის თასი – 1995; იტალიის სუპერთასი – 1995, 1997, 2002, 2003; ჩემპიონთა თასი – 1996; ინტერტოტოს თასი – 1999; ევროპის სუპერთასი – 1996; საკონტინენტთაშორისო თასი – 1996; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის – 1994, 1996
ინდივიდუალური ტიტულები: იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი – 1998, 2008; ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (გუერინ სპორტივო, იტალია) – 1996; გოლდენ ფუტის პრემია (ESM) – 2007; იტალიის სერია ა-ს ბომბარდირი – 2008 (21 გოლი); იტალიის სერია ბ-ს ბომბარდირი – 2007 (20 გოლი); იტალიის თასის ბომბარდირი – 2006 (5 გოლი); ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი – 1997 (7 გოლი), 1998 (10 გოლი)
იტალიის ნაკრებში: 91 მატჩი, 27 გოლი (1995-2008)
იუვენტუსის რეკორდსმენი: *-ყველაზე მეტი თამაში – 705; *-ყველაზე მეტი გოლი – 289; *-ყველაზე მეტი გოლი სერია ა-ში – 188; *-ყველაზე მეტი გოლი საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში – 53; *-მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლის ავტორი – 121-ე წუთზე გერმანიასთან ნახევარფინალში (2006)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2012)

ka_GEGeorgian