ვარსკვლავები: ანდრეი შევჩენკო

ინგლისში ის მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელის რანგში ჩავიდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა. უფრო სწორად, მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე 51 შეხვედრაში გატანილი 14 გოლია.
ჩელსის პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გასული სეზონის შეჯამების დროს, ანდრეი შევჩენკოზე საუბრისას, განაცხადა: ვფიქრობდით, რომ მისი მოსვლით ჩვენი თავდასხმა ძალიან გაძლიერდებოდა, პრემიერლიგაში კი საუკეთესო გახდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში 30 მილიონი ევროს ნაცვლად საშუალო დონის თავდამსხმელი მივიღეთ.
საინტერესოა რას ფიქრობს თავად უკრაინელი სეზონზე, რომელმაც სპეციალისტთა აზრით მას, უპირველეს ყოვლისა, იმედგაცრუება მოუტანა.
ჩანახატი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ლონდონის ჩელსის საკლუბო ჟურნალის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა. წერილის ავტორი პატრიკ მესკალი გახლავთ.

…ანდრეის საწვრთნელ ბაზაზე დავთქვით შეხვედრა. შევჩენკო არ ვარჯიშობს – ტრავმას მკურნალობს (მას სეზონის მიწურული გაუცდა, რის გამოც ვერც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და ვერც ასოციაციის თასის ფინალში ახალგახსნილ უემბლიზე მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ). ბაზაზე მას ხშირად ნახავთ, ცდილობს რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროს კლუბში. როგორც თავად ამბობს, ეს ჩელსის სულის უკეთ შეცნობაში ეხმარება.

ის ლონდონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის რანგში გადმოვიდა. იმ 7 წლის მანძილზე, რაც მილანში გაატარა, უდიდესი აღიარება მოიპოვა, თითქმის ყველა საკლუბო ჯილდო მოიგო და რაც მთავარია, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთიც“ აღმართა.

პირადად მე ძალიან მაინტერესებს, რატომ უნდა დატოვო ფეხბურთელმა კლუბი, სადაც ლიდერი ხარ, მუდმივად გაგაქვს გოლები და ყველას, ოდიოზური პრეზიდენტით დაწყებული, საწვრთნელი ბაზის დარაჯით დამთავრებული, ძალიან უყვარხარ.

იტალიაში თამაში ყოველთვის ტკბილ მოგონებებად დარჩებამილანში გატარებული წლები უდავოდ საუკეთესოა! კლუბიდან წასვლა კი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო მსურდაპრემიერლიგა ახალი გამოწვევა იყო. იტალიაში ყველაფერი მოვიგე, ჩელსი კი იგივეს გაკეთებას ინგლისში მთავაზობდა. ეს ძალიან დიდი ცდუნება იყო, – ამბობს ანდრეი შევჩენკო.

პელემ უკრაინელი მოქმედ ფეხბურთელთა პირველ ხუთეულში დაასახელა. ბრაზილიელი ლეგენდის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩელსის ფანები მას მაინც მოუთმენლად ელოდნენ – მიაჩნდათ, რომ დიდიე დროგბასთან ერთად პრემიერლიგის საუკეთესო თავდასხმის წყვილს შექმნიდა.

დასაწყისს, განსაკუთრებით კი პირველ თამაშს ინგლისის სუპერთასზე, ლივერპულის წინააღმდეგ, ცუდი ნამდვილად არ ეთქმოდა – ანდრეიმ გოლიც გაიტანა, თუმცა კლუბი მარცხისგან ვერ იხსნა.

მაგრამ მერე და მერე პრობლემები არ დაილია: მწვრთნელი კი მუდმივად ენდობოდა, მაგრამ ტურიდან ტურამდე იმედგაცრუება იზრდებოდა. არც მიკროტრავმები ინდობდნენ. რა იყო ამის მიზეზი?

ველოდი, რომ ადაპტაცია გამიჭირდებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ 23 თვეში ყველაფერი დალაგდებოდა და მეც გოლების გატანას დავიწყებდი. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვაღიარო, რომ სეზონი ჩავაგდე, იმაზე ცუდად ვითამაშე, ვიდრე შემიძლია და ამას, მგონი ყველა მიხვდაკლუბიც, გულშემატკივრებიც და სპეციალისტებიც.

მიუხედავად ყველაფრისა, განვლილი სეზონის მანძილზე იყო რამდენიმე მომენტი, როცა შევჩენკო დარწმუნდა, რომ კარიერის ინგლისში გაგრძელება მართებული ნაბიჯი იყო. ასოციაციის და ლიგის თასებზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენიმე მატჩში ევროპის 2004 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე იასპარეზა, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, პორტუსთან გასვლით შეხვედრაში კი გოლიც გაიტანა და ჟოზე მოურინიუმაც პირველად შეაქო: „ის ბრწყინვალე იყო! გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, უნდა აღინიშნოს, რომ გუნდისთვის უმაღლეს დონეზე დაიხარჯა. დღეს შევა საუკეთესო იყო! ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ისაა, რომ მისგან ასეთ თამაშს ყოველ კვირა ველი, თუმცა რატომღაც არ გამოსდის“.

ანდრეი შევჩენკო

უკრაინელი სუპერფორვარდი ჩელსიში მილანში გატარებული ზღაპრული 7 წლის შემდეგ გადაბარგდა

ტიტულების მოგება უკრაინელს ყოველთვის ხიბლავდა. კარგი კი ისაა, რომ ეს საქმე მას გამოსდიოდა კიდეც: სამშობლოში საუკეთესო კლუბში თამაშობდა და კიევის დინამოსთან ერთად არაერთხელ გაიმარჯვა უკრაინის ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში… მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ მილანში გადასულმა ევროოლიმპიც დაიპყრო – 2003 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მომდევნო წელს სკუდეტოთი გაიხარა…

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში გატარებულ პირველივე სეზონში ვერ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოგება, 2 თასი მაინც აღმართა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა შევჩენკოს დამდეგ სეზონშიც შეეძლება და როგორც თავად ამბობს, მისი კლუბი უძლიერესის სახელს დაიბრუნებს: შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, ეს კი წარმატების ერთერთი უმთავრესი გარანტია. მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მეკარე ჩვენ კარს იცავს, ჯონ ტერი და რიკარდო კარვალიუ თავის პოზიციაზე საუკეთესოთა შორის არიან, ნახევარდაცვაზე საუბარი ზედმეტია – ეს რგოლი ბრწყინვალეა, თავდასხმაზე კი მხოლოდ ერთს გეტყვითდიდიე დროგბას თავისთან ხილვას გრანდები უსიტყვოდ დათანხმდებოდნენ. ასეთ გუნდს ყველა შეჯიბრების მოგება ხელეწიფება, მათ შორის ჩემპიონთა ლიგისაც.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის მოგება დიდი ხანია ჩელსის აუხდენელი ოცნებაა. მას შემდეგ, რაც კლუბი რომან აბრამოვიჩმა შეიძინა და ლურჯი მაისური სუპერვარსკვლავებმა მოირგეს, ჩელსი მუდმივად ფავორიტთა შორის სახელდება, მაგრამ სამწუხაროდ, ნახევარფინალური ბარიერი სტემფორდ ბრიჯის ბინადართათვის დაუძლეველია.

ჩელსის დღევანდელი შემადგენლობიდან ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ხუთს მოუგია: მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს, რიკარდო კარვალიუს და პაულო ფერეირას პორტუში, კლოდ მაკელელეს მადრიდის რეალში და ანდრეი შევჩენკოს მილანში.

მწვრთნელსა და ხსენებულ ფეხბურთელებს ტრიუმფის გამეორების უდიდესი სურვილი ამოძრავებთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დანარჩენებიც მოწადინებულნი არიან, რომ ყველა მოთამაშისთვის სანატრელი თასი აღმართონ: ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირია და მას შემთხვევით ვერ მოიგებ. ეს გათამაშება პრემიერლიგისგან ძალიან განსხვავდება და ყველა თამაშს მაქსიმალურად მობილიზებული თუ არ შეხვდი, არაფერი გამოგივა. ის ემოცია, რაც 2003 წელს განვიცადე, ენითაუწერელია და მინდა, რომ კვლავ გამოვცადო. თუ გავითვალისწინებით იმას, რომ ჩვენთვის მომავალ სეზონში ლიგის მოგება ერთერთი უმთავრესი მიზანი იქნება, ვფიქრობ, ოცნების ასრულებას შევძლებთ. ვფიქრობ, თანაკლუბელებიც იგივეს გეტყვიან, – ანდრეი შევჩენკო.

2007-08 წლების სეზონი ჩელსის უკრაინელი თავდამსხმელისთვის გამორჩეული უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, თავად ფეხბურთელი ასე თვლის. ის უსიამოვნებები კი, რაც გასულ სეზონს თან ახლდა, წარსულში დარჩა და მიბრუნება საჭირო არაა. მითუმეტეს, რომ ამას არც არავინ ითხოვს.

ახლა მისგან მხოლოდ ერთს ელიან: რაც შეიძლება მეტ გოლს. და თუ ასე მოხდა, მაშინ 2008 წლის გაზაფხულზე სტემფორდ ბრიჯის საკლუბო მუზეუმი, ალბათ, იმ თასით შეივსება, რომელსაც ჩელსი ძალიან დიდი ხანია ელის და რომელიც ლონდონურ კლუბს, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არასდროს მოუგია.

ჩემპიონთა თასისთვის ჩელსის მუზეუმის და კლუბის ფეხბურთელთა გულის კარი ყოველთვის ღიაა. შევჩენკოსი – მითუმეტეს.

შევჩენკოიცოდით?

შევჩენკო უკრაინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 33 გოლით. ამ გოლებიდან 2 მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გაუტანა: პირველად 2004 წლის 13 ოქტომბერს, ლვოვში, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 2:0 მოგებულ შეხვედრაში, მეორედ კი ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 2006 წლის 6 სექტემბერს კიევში. 3:2 მასპინძელთა სასარგებლოდ.

…1999 და 2000 წლებში უკრაინელი ფორვარდი ფრანს ფუტბოლის ორგანიზებულ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მე-3 ადგილზე გავიდა. 2004 წელს შევჩენკო ასევე მე-3 იყო ფიფას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენ რეფერენდუმში.

შევჩენკო ევროთასების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში 57 გოლით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდარულ გერმანელ თავდამსხმელ გერდ მიულერს ჩამორჩება. ამ უკანასკნელმა ევროპის საკლუბო ტურნირებში 66 გოლი შეაგდო. შევჩენკომ ასევე თითო გოლი გაიტანა ევროპის სუპერთასზე და საკონტინენტთაშორისო თასზე.

…მილანის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში უკრაინელი ასევე მეორეა – მხოლოდ შვედ გუნარ ნორდალს ჩამორჩება. ანდრეიმ სხვადასხვა საკლუბო შეჯიბრებში მილანის მაისურით 296 შეხვედრა ჩაატარა და 173 გოლი გაიტანა. ნორდალის ანგარიშზე 222 მილანური გოლია.

…2007 წლის 1 აგვისტოსთვის შევჩენკომ ოფიციალურ საკლუბი მატჩებში (ჩემპიონატები, თასები, სუპერთასები, ევროთასები, საკონტინენტთაშორისო თასი) 513 შეხვედრაში 318 გოლის გატანა მოახერხა.

…ანდრეის მეუღლე ამერიკელი მოდელი კრისტენ პაზიკია. მათ ორი ვაჟი ჰყავთ: ჯორდანი, რომელიც 2004 წლის 29 ოქტომბერს დაიბადა და კრისტიანი (2006 წლის 10 ნოემბერი). ჯორდანის ნათლია მილანის მფლობელი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია. ორივე ვაჟის დაბადება ანდრეიმ გოლით აღნიშნა: პირველად მილანმა მისი ზუსტი დარტყმით სამპდორია დაამარცხა, მეორედ კი ჩელსიმ 4:0 სძლია უოტფორდს. წყვილმა პირველ ვაჟს ჯორდანი ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის პატივსაცემად დაარქვა.

უკრაინელი ფეხბურთელი სახელგანთქმული იტალიელი დიზაინერის ჯორჯო არმანის ახლო მეგობარია. იტალიაში თამაშის დროს შევჩენკომ არმანის კოლექციის რამდენიმე ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მოგვიანებით კი კიევში არმანის ორი საფირმო მაღაზია გახსნა.

…კიევის დინამოს 14-წლამდელთა გუნდში თამაშისას, უელსში ჩატარებული იან რაშის სახელობის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. ლივერპულის ლეგენდამ პატარა ანდრეი პირადად დააჯილდოვა და თავის ბუცები უსახსოვრა.

…1997-98 წლების ჩემპიონთა ლიგაში კიევის დინამომ ბარსელონას სტუმრად 4:0 სძლია. შევჩენკომ კამპ ნოუზე ჰეთთრიქი შეასრულა, პირველად ჩემპიონთა ლიგაში! მანამდე კიეველებმა ბარსელონას შინ 3:0 სძლიეს და ანდრეიმ ერთი გოლი გაიტანა. არც მანამდე და არც მას შემდეგ ბარსელონა ევროთასებზე ორი მატჩის ჯამში 0:7 არავისთან დამარცხებულა.

…ანდრეი მესამე უკრაინელია, რომელმაც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი“ მოიგო. ოლეგ ბლოხინმა და იგორ ბელანოვმა ეს ჯილდო, შესაბამისად, 1975 და 1986 წლებში კიევის დინამოში თამაშის დროს მოიპოვეს.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევჩენკო ერთადერთია, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი მეტოქის მოედანზე გაიტანა. ეს მილანის და ფენერბაჩეს შეხვედრისას მოხდა – 4:0 იტალიელთა სასარგებლოდ. მის გარდა ლიგაში ერთ მატჩში პოკერი შეუსრულებიათ: მარკო ვან ბასტენს, სიმონე ინძაგის, დადო პროს და რუუდ ვან ნისტელროის.

…უკრაინის ფოსტამ 2004 წელს, უეფას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმოქცევაში გამოუშვა საფოსტო მარკა, რომელზეც უკრაინის ნაკრების ფორმით ანდრეი შევჩენკოა გამოსახული. უკრაინის ნაკრების მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით, მიმოქცევაში კიდევ ერთი საფოსტო მარკა დაისტამბა და კვლავ ანდრეი შევჩენკოს გამოსახულებით.

…2003 წელს მოგებული ჩემპიონთა თასი ანდრეი შევჩენკომ კიევში ჩაიტანა და ერთი წლით ადრე გარდაცვლილ ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკის მიუძღვნა. ასევე მოიქცა 2004 წლის მიწურულს რანს ფუტბოლის ოქროს ბურთის მოგების შემდეგ.

ანდრეი შევჩენკო
დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს
კლუბები: დინამო (კიევი, უკრაინა, 1994-99; ჩემპიონატში – 117 მატჩი, 60 გოლი), მილანი (იტალია, 1999-2006; ჩემპიონატში – 208-127); ჩელსი (ინგლისი, 2006 წლიდან; ჩემპიონატში – 30-4)
ტიტულები: უკრაინის ჩემპიონი – 1995, 1996, 1997, 1998, 1999; იტალიის ჩემპიონი – 2004; უკრაინის თასი – 1996, 1998, 1999; იტალიის თასი – 2003; ინგლისის თასი – 2007; ინგლისის ლიგის თასი – 2007; იტალიის სუპერთასი – 2004; ჩემპიონთა თასი – 2003; ევროპის სუპერთასი – 2003; უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელი – 1997, 1999, 2000, 2001, 2004, 2005; იტალიის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი – 2000; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი (უეფა) – 1999; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი) – 2004; უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1999 (18 გოლი); იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2000 (24), 2004 (24); ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 1999 (10), 2001 (9), 2006 (9)
უკრაინის ნაკრებში: 73 თამაში, 33 გოლი (1995-)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2007)

ka_GEGeorgian