ვარსკვლავები: კრიშტიანუ რონალდუ

23 წლისაა და მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს კლუბში, მანჩესტერ იუნაიტედში უკვე მეხუთე სეზონს ატარებს.
2003 წლის ზაფხულიდან დღემდე მოიგო: პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, პროფესიონალ ფეხბურთელთა და საფეხბურთო ჟურნალისტთა ვერსიით პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება, პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელის და სპორტსმენის ჯილდო, გახდა ინგლისელ გულშემატკივართა რჩეული, ზედიზედ ორი სეზონია პრემიერლიგის წლის სიმბოლური გუნდის წევრია, ორჯერ დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, ორჯერ მოხვდა უეფას ვერსიით ევროპის სიმბოლურ ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში, ფრანს ფუტბოლის მიერ ორგანიზებულ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ რეფერენდუმში მეორე ადგილი დაიკავა, ფიფა გამოკითხვაში მესამეზე გავიდა
ამას გარდა: ის მხოლოდ და მხოლოდ მეორეა, რომელმაც ერთ სეზონში მოიპოვა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულები!
პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მესამეა (1996-97 წლების სეზონის შემდეგ პირველი), რომელმაც თვის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო!
პირველია, რომელმაც პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის სამივე პრიზეს მოგება ერთ სეზონში შეძლო!

 

და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: პრემიერლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის ასპარეზობის მანძილზე კლუბის საიუბილეო, მე-1000 გოლი გოლი გაიტანა – 2005 წლის 29 ოქტომბერს მიდლსბროსთან. ხოლო როგორც ნახევარმცველმა, 2006-07 წლების სეზონში გატანილი 17 გოლით პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, რომელიც მიმდინარე სეზონში გააუმჯობესა კიდეც!

დამეთანხმებით, შთამბეჭდავი ჩამონათვალია, თუმცა თუ მის ახლანდელ თამაშს გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ ტიტულების რაოდენობა გაზაფხულზე უფრო გაიზრდება – მანჩესტერ იუნაიტედის მე-7 ნომერი წლეულს შეუდარებელია!

მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 23 წლის ასაკში ძალიან ბევრს მიაღწია, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი, რადგან მას პატარაობიდანვე ეტყობოდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა.

…17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ევროპის 2002 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიელთა შემტევმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, ყველაზე მეტად კი იმხანად ჯერ კიდევ ლივერპულის ფრანგ მწვრთნელ ჟერარ ულიეს მოაწონა თავი, რომელმაც ბიჭის გადაბირება მოიწადინა.

მაგრამ თმახუჭუჭა და საოცრად ტექნიკური მადეირელი ეგრეც ვერ გახდა მერსისაიდული კლუბის წევრი. ულიემ ჩათვალა, რომ რონალდუსთვის პრემიერლიგა მძიმე ტვირთი იქნებოდა და მისი შეძენა მომავლისთვის გადადო.

მანჩესტერ იუნაიტედის შოტლანდიელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა, სასურველი მოთამაშე რამდენჯერმე ნახა საქმეში და 2003 წლის ზაფხულში მას კლუბის მაისურიც მოარგო.

პორტუგალია ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადებოდა. ლისაბონში ახალი სტადიონი ჟოზე ალვალადე XXI გაიხსნა, საზეიმო ცერემონია კი ადგილობრივი სპორტინგის და ინგლისის ჩემპიონის, მანჩესტერ იუნაიტედის ამხანაგური მატჩით დასრულდა. პორტუგალიელებმა 3:1 მოიგეს, კრიშტიანუ რონალდუმ კი სერ ალექსის ბოლო „გამოცდაც ჩააბარა“ (იმ მატჩში გოლი გაიტანა) და მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ლეგიონერი შეიქნა. ტრანსფერის ფინანსურ მხარესაც შეგახსენებთ: 18 წლის ბიჭის სანაცვლოდ სპორტინგმა 12,24 მილიონი გირვანქა მიიღო.

ახალ კლუბში ნომრის არჩევაზე რომ მიდგა საქმე, 28- ნომერი ვითხოვე. სპორტინგში ამ მაისურით ვთამაშობდი, მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ მე-7 ნომერი უნდა ვყოფილიყავი: შენ ამ ნომრით ითამაშებ! მანჩესტერ იუნაიტედში მე-7 ნომერს დიდი ფეხბურთელები ატარებდნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა, დევიდ ბექემიშენ მათი ტრადიციები უნდა გააგრძელო! კამათს აზრი არ ჰქონდა, თუმცა ხომ გეუბნებით, ამ ნომრის თავდაპირველად, მეშინოდა კიდეც, – იხსენებს რონალდუ.

2003-04 წლების სეზონი მანჩესტერ იუნაიტედმა შინ, ბოლტონ უონდერერსთან 4:0 გამარჯვებით დაიწყო. კრიშტიანუ რონალდუს დებიუტიც სწორედ ამ მატჩში შედგა – მწვრთნელმა მე-60 წუთზე შეუშვა შეცვლაზე. ეს 16 აგვისტოს მოხდა, კლუბთან კონტრაქტი კი ოთხი დღით ადრე გაფორმდა.

რონალდუ

სერ ალექს ფერგიუსონმა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად კლებერსონიც შეიძინა, მაგრამ დღეს ის ბევრს აღარ ახსოვს

იმ სეზონში პრემიერლიგაში 29-ჯერ ითამაშა, საერთო ჯამში კი 40-ჯერ გავიდა მოედანზე და 6 გოლი გაიტანა. მწვრთნელი მას, უმეტესწილად, შეცვლებზე ათამაშებდა ან ძირითად შემადგენლობაში ამწესებდა და მეორე ნახევრის დასაწყისში დასვენების საშუალებას აძლევდა.

კრიშტიანუ სრული დატვირთვებისთვის ჯერ მზად არაა. ჩვენ არსად გვეჩქარება, 23 სეზონში მანჩესტერ იუნაიტედს მისი სახით ახალი ლიდერი ეყოლება,“ამბობდა ფერგიუსონი.

გამოცდილი შოტლანდიელი სპეციალისტი არ შემცდარა. დღეს რონალდუ არამარტო მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიცაა, თუმცა ამის მისაღწევად ძალიან ბევრი იშრომა.

2004-05 წლების სეზონში რონალდუმ 33-ჯერ ითამაშა პრემიერლიგაში, ინგლისის თასებზე – 9-ჯერ, ჩემპიონთა ლიგაში კი 8-ჯერ. სეზონში 50 მატჩი 19 წლის ბიჭისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი იყო.

2005 წლის შემოდგომით პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ, გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ, რონალდუს მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მიანიჭა. იგივე მოხდა 2006 წელსაც.

2005-06 წლების სეზონი მის კარიერაში მოვლენებით გადატვირთული გამოდგა: კლუბთან ერთად ლიგის თასი მოიგო, მოხვდა პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში, ღიად დაუპირისპირდა თანაკლუბელ რუუდ ვან ნისტელროის და… ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ჟურნალისტები თვლიან, რომ ალექს ფერგიუსონმა ვან ნისტელროი სწორედ რონალდუსთან უთანხმოების გამო გაუშვა. არადა, ნიდერლანდელი ოლდტრაფორდულ კლუბში ჩინებულად თამაშობდა.

პორტუგალიელს კერინგტონში, საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გახსენება არ უყვარს: იმ ამბების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა ხელშეკრულება გამიხანგრძლივა. მივხვდი, რომ კლუბი მენდო და გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი გავიღო.

იმ დღეებში პორტუგალიელმა 2010 წლამდე კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა დღეს უკვე სხვა ხელშეკრულება მოქმედებს – 2007 წლის 13 აპრილს კრიშტიანუ რონალდუ კლუბს 2012 წლამდე თანამშრომლობაზე შეუთანხმდა, ხელფასის სახით კი კვირაში 120 ათასი გირვანქა დაენიშნა. გეტყვით, რომ პირენეელი მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, თუმცა თუ ბრიტანულ სპორტულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, სერ ალექსი მას უახლოეს მომავალში უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს.

რა იქნება მომავალში, ეს არავინ უწყის, აწმყოს კი რონალდუ კარგად აფასებს: მსურს რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე მანჩესტერ იუნაიტედში. ამ კლუბის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ეს ჩემი სახლია, საკუთარ სახლში კი ადამიანი ყველაზე უკეთ გრძნობს თავს!

2006-07 წლები პირველი საჩემპიონო სეზონი გამოდგა: როგორც იქნა პრემიერლიგის თასი მოიგო! სეზონი რეკორდულიც გამოდგა: 34 მატჩი და 17 გოლი პრემიერლიგაში (პირადი რეკორდები), 8 მატჩი და 3 გოლი ასოციაციის და ლიგის თასებზე და 11 თამაშში გატანილი 3 გოლი ჩემპიონთა ლიგაში – ასევე პირადი რეკორდი. საერთო ჯამში 53 მატჩში შეგდებული 30 გოლი – საუკეთესო მაჩვენებელი კარიერაში, რომელიც მხოლოდ 5 სრულფასოვან სეზონს ითვლის!

მაგრამ მარტო ციფრებსა და რიცხვებში ხომ არაა საქმე? კრიშტიანუ რონალდუს თამაში გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა, სპეციალისტებს ხიბლავდა, ჟურნალისტები კი თვლიდნენ, რომ პორტუგალიელი ჩინებული იყო. ინდივიდუალურმა ჯილდოებმაც არ დაახანა: პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის და გულშემატკივართა რჩეულის ტიტულები; საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით საუკეთესოს ტიტული; პრემიერლიგის სეზონის ნაკრების წევრი – ზედიზედ მეორედ; პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება; მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელთა გამოკითხვით, კლუბის საუკეთესო მოთამაშის ტიტული; მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივართა ვერსიით სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზის მფლობელი (სეზონის საუკეთესო მოთამაშე); უეფას ვერსიით ევროპის სიმბოლური ნაკრების წევრი; პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის ვერსიით; მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი…

2007 წლის მიწურულს ჯერ ფრანს ფუტბოლმა დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, რამდენიმე დღეში კი ფიფამაც გამოავლინა მსოფლიოს უძლიერესი მოთამაშე. კრიშტიანუ რონალდუმ ვერც ფრანგული გამოცემის „ოქროს ბურთი“ მოიგო და ვერც ფიფას „ბრილიანტის ბურთი“ – ორივე ჯილდო მილანის ბრაზილიელმა გამთამაშებელმა კაკამ დაისაკუთრა. არჩევანი ლოგიკური იყო – სამხრეთამერიკელი ჩინებული გახლდათ, მაგრამ დღეს, 2008 წლის დასაწყისში სხვა სიტუაციაა – კრიშტიანუ რონალდუს აქედანვე უწინასწარმეტყველებენ იმ ჯილდოებს, რომელიც კაკამ შარშან მოიპოვა.

პორტუგალიელი ფრთხილობს: ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ტიტულებზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. სხვა თუ არაფერი, ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა, წინ კი მთელი სეზონია.

მართალიცაა: საერთაშორისო აღიარებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა – წინ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი თამაშებია, ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი, შემდეგ ახალი სეზონი…

თუმცა თუ მანჩესტერელთა მე-7 ნომერმა ისევე ითამაშა, როგორც ბოლო თვეების მანძილზე, ალბათ არც „ოქროს“ და „ბრილიანტის“ ბურთები იქნება მიუწვდომელი. მიმდინარე სეზონში კი ის, რბილად რომ ვთქვათ, შეუდარებელია: ახლახანს, 12 იანვარს, მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა – ნიუკასლელები გაამწარა; ამპლუით ნახევარმცველია, მაგრამ ახერხებს და პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და რაც მთავარია, თითქმის ყველა შეხვედრაში ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს…

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა მალე უეინ რუნიც გადაიბირა

იცოდით?

…კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ერთ-ერთი კუნძულზე, მადეირაზე, ქალაქ ფუნშალში დაიბადა. მამა – ჟოზე დინიშ ავეირუ, 2005 წლის 5 სექტემბერს ლონდონში გარდაიცვალა, დედა – მარია დოლორეშ დუშ სანტუშ ავეირუ კი დროგამოშვებით სტუმრობს სახელგანთქმულ შვილს.

…მშობლებმა შვილს კრიშტიანუ დაარქვეს, თუმცა მომავალი ვარსკვლავის მამა ძალიან აფასებდა ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს და მის საპატვიცემულოდ ვაჟს რონალდი დაანათლა.

…კრიშტიანუ რონალდუს ერთი უფროსი ძმა უგო და ორი უფროსი და – ელმა და ლილიანა-კატია ჰყავს. ეს უკანასკნელი სამშობლოში საკმაოდ ცნობილი მომღერალია და ფლობს კლუბს სახელად „რონალდა“. ის უმცროსმა ძმამ უყიდა.

…მანჩესტერელთა ლიდერის პირველი კლუბი ბავშვთა გუნდი ანდორინია იყო. კრიშტიანუმ იქ 6 წლისამ დაიწყო თამაში. 1995 წელს, 10 წლისა უკვე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა და რეგიონის ორი კლუბი, მარიტიმუ და ნასიონალი ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას. საბოლოოდ ბიჭი ნასიონალს დარჩა, ამ კლუბის მაისურით კი რონალდუმ პორტუგალიის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო.

…ნიჭიერი ბიჭი ლისაბონის სპორტინგში სწორედ ნასიონალიდან გადავიდა. ჯერ კლუბის აკადემიაში ალკოშეტეში ვარჯიშობდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი სპორტინგის 16-წლამდელთა გუნდის წევრი გახდა.

…ის პირველია სპორტინგის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში ითამაშა კლუბის 16, 17, 18-წლამდელთა, მეორე და პირველ გუნდებში. ეს 2002-03 წლების სეზონში მოხდა. მან პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა, თასზე 3 თამაშში 2-ჯერ გამოიჩინა თავი, ევროპის საკლუბო ტურნირებში კი 3-ჯერ გავიდა მოედანზე.

…2006 წლის ნოემბერში და დეკემბერში პორტუგალიელი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პრემიერლიგის ისტორიაში ასეთი რამ მხოლოდ მესამედ მოხდა: 1996 წელს მსგავსი რამ რობი ფაულერმა მოახერხა, 1997 წელს კი დენის ბერხკამპმა.

…2007 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეალი მანჩესტერელთა პორტუგალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა სამეფო კლუბის მხრიდან ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა.

…2007 წლის 22 აპრილს ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზებით დააჯილდოვა. ასეთი რამ ისტორიაში მეორედ, 1977 წლის შემდეგ კი პირველად მოხდა. მაშინ მსგავსი რამ ენდი გრეიმ შეძლო.

…პორტუგალიის ნაკრების მაისური რონალდუმ პირველად 2003 წლის აგვისტოში მოირგო – ყაზახეთთან 1:0 მოგებულ მატჩში მეორე ნახევარში ჩაერთო. ნაკრებში პირველი გოლი ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის გახსნის შეხვედრაში, საბერძნეთთან 1:2 წაგებულ თამაშში გაიტანა.

…2007 წლის 6 თებერვალს კრიშტიანუ რონალდუმ პირველად უკაპიტნა პორტუგალიის ნაკრებს – პირენეელები ბრაზილიელებს დაუპირისპირდნენ. ერთი დღით ადრე ნახევარმცველი 22 წლის გახდა. ნაკრების მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ კაპიტნის სამკლავური ფეხბურთელს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის კარლუშ სილვას თხოვნით გადასცა.

…ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე რონალდუმ ერთი გოლი გაიტანა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 7, ხოლო ფინალურ ეტაპზე 2, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი 8.

 

კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ
დაიბადა 1985 წლის 5 თებერვალს პორტუგალიის ქალაქ ფუნშალში
2002-03 წლებში სპორტინგის (ლისაბონი, პორტუგალია), 2003 წლის ზაფხულიდან მანჩესტერ იუნაიტედის (ინგლისი) შემტევი ნახევარმცველი
ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 2007; ინგლისის თასი – 2004; ინგლისის ლიგის თასი – 2006; ინგლისის სუპერთასი – 2007; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 2004
ინდივიდუალური ტიტულები: პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი – 2007; ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (პფა) – 2007; ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (სჟა) – 2007; ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (პფა) – 2007; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (FIFpro) – 2005, 2006; პორტუგალიის საუკეთესო სპორტსმენი – 2006; ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი; მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი; პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრების წევრი – 2005-06, 2006-07; ევროპის წლის სიმბოლური ნაკრების წევრი (უეფა) – 2004, 2007
პორტუგალიის ნაკრებში: 54 მატჩი, 20 გოლი (2003-)

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian