ვარსკვლავები: ფერნანდო ტორესი

ატლეტიკოდან ლივერპულში გადასვლით ფერნანდო ტორესმა შესანიშნავი არჩევანი გააკეთა: ბრწყინვალედ მოერგო რაფაელ ბენიტესის გუნდს, საუკეთესო ბომბარდირობაშიც ვერავინ ედავება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებმა ძალიან შეიყვარეს.
ენფილდ როუდზე გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე ტორესმა განაცხადა:ფეხბურთელები უნდა მოვერგოთ ტაქტიკას და არა პირიქით. ბენიტესი ძლიერი ტაქტიკოსია და მჯერა, მის გუნდში სათანადოდ ჩავეწერები. ამის იმედი რომ არ მქონდეს, აქ არ მოვიდოდი.
სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ესპანელმა კი უკვე 30-ზე მეტი გოლი გაიტანა. ეს ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი არაა, მაგრამ მერსისაიდული კლუბის ერთერთი მშვენების, მაიკლ ოუენის მიღწევაზე უკეთესი ნამდვილადაა.
ბენიტესი და ლივერპულიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ელ ნინიო ბევრ გოლს გაიტანდა. მწვრთნელმა შესანიშნავად იცოდა, რომ ფერნანდოს ატლეტიკოში სეზონში მინიმუმ 15 გოლი გაჰქონდა, ითვალისწინებდა იმასაც, რომ დროის სვლასთან ერთად ტორესი სულ უფრო იხვეწებოდა და ზაფხულშიც ამიტომ დაიყოლია კლუბის ხელმძღვანელები 23 წლის ესპანელში თითქმის 26 მილიონი გირვანქა გადაეხადათ.

როცა ფერნანდო ატლეტიკოს პირველი გუნდის წევრი გახდა, ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდს ნამდვილად არ ულხინდა. დედაქალაქის იმ ნაწილში, სადაც თეთრ-წითლებს გულშემატკივრობდნენ, სჯეროდათ, რომ ეს პატარა ბიჭი გუნდის სული და გული გახდებოდა და ასეც მოხდა – 19 წლის ტორესი ატლეტიკოს კაპიტანი შეიქნა, მანამდე კი…

ფეხბურთის თამაში მომავალმა ბომბარდირმა მადრიდის გარეუბან ფეუნლაბრადაში დაიწყო. შვიდის იყო თუ რვა წლის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ ბავშვთა და იუნიორთა გუნდებში ტორესი შედეგიანობის ყველა რეკორდს ერთიმეორის მიყოლებით აუმჯობესებდა.

9 წლისა მამამ მადრიდის ატლეტიკოს სტადიონზე და საკლუბო მუზეუმში წაიყვანა: გუნდის ფოტოები და თასები ადრეც ნანახი მქონდა, თუმცა მხოლოდ ჟურნალებში. იმ დღეს კი მუზეუმში თასებს ხელით შევეხე და ეს ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული, ენითაუწერელი მოვლენა იყო. მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დიდი ფეხბურთი მეთამაშა და რაც შეიძლება მეტი ჯილდო მომეგო, – ფერნანდო.

ერთი წლის შემდეგ ატლეტიკომ და ფერნანდოს მამამ კონტრაქტი გააფორმეს, თუმცა ოჯახში ამ ამბავს დიდი სიხარულით არ შეხვდნენ: განსაკუთრებით დედა ნერვიულობდა. მაშინ ხომ ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორი ფეხბურთელი გავხდებოდი. არ არსებობდა იმის გარანტია, რომ ფეხბურთით შევძლებდი ცხოვრებას, თუმცა საბედნიეროდ, დღეს ეს უკვე წარსულია. ყველაზე მეტად მამა მეხმარებოდაშუადღისას სამსახურიდან გამომივლიდა და ორკასიტაში, საფეხბურთო სკოლაში მივყავდი, უკან კი ტრამვაით ვბრუნდებოდით. ხანდახან დედას დავყავდი და მუდმივად მეუბნებოდა, თუ ფეხბურთი მოგბეზრდება, არ დამიმალო, სასწრაფოდ მითხარი, რომ სხვა გზას დავადგეთოფეხბურთი ძალიან მიყვარდა, თამაშიც არასდროს მომბეზრებია და სწორედ ამიტომაც მივაღწიე ამდენს.

14 წლის ფერნანდო ტორესი თანატოლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო მთელ ევროპაში. პირველად მის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ატლეტიკოს ჭაბუკთა გუნდმა 1998 წელს ევროპის ნაიკის თასი მოიგო – მადრიდელებმა რეალის, ბარსელონის, მილანის, იუვენტუსის და მანჩესტერ იუნაიტედის ასაკობრივი გუნდები დაამარცხეს. ფერნანდო იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!

2001 წელს საერთაშორისო აღიარების დრო დადგა: ესპანეთმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ელ ნინიო კი 6 მატჩში გატანილი 7 გოლით ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

იმ ჩემპიონატის შემდეგ უკვე ქუჩაში მცნობდნენ და ეს ძალიან მსიამოვნებდა“, – ფერნანდო.

მადრიდის ატლეტიკოს პირველ გუნდში იმავე წელს, 2000-01 წლების სეზონის ერთ-ერთ ბოლო ტურში ითამაშა: 27 მაისს ლეგანესის წინააღმდეგ გავიდა მინდორზე. ერთ კვირაში სეგუნდადივიზიონში პირველი გოლიც გაიტანა – ალბასეტე დაამწუხრა.

2001-02 წლებში ატლეტიკომ პრიმერადივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა, ტორესმა კი რანგით დაბალ ლიგაში 36 მატჩში 6-ჯერ გამოიჩინა თავი.

2002 წელს ელ ნინიო კიდევ ერთხელ იგებს ევროპის ჩემპიონატს, მჯერად 19-წლამდელთა შორის. ფინალურ ეტაპზე ტორესს 4 მატჩში 4 გოლი გააქვს და ისევე როგორც 17-წლამდელებში, ახლაც პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ხდება. სხვათა შორის, ერთი წლის წინანდელის დარად, ესპანელებმა ფინალი კვლავ ფერნანდოს ერთადერთი გოლით მოიგეს.

იმ ტურნირის შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მივიღე. ძალიან აქტიურობდა ლონდონის არსენალი. მსურდა ინგლისში თამაში, მაგრამ პრიმერადივიზიონში ასპარეზობა ყველაზე მეტად მიზიდავდა და ამიტომაც გადავწყვიტე ატლეტიკოში დარჩენა. სხვა თუ არაფერი, ამ კლუბს ჩემზე ძალიან დიდი ამაგი ჰქონდა, – ფერნანდო ტორესი.

2002-03 წლების სეზონში ბომბარდირი პირველად თამაშობს პრიმერადივიზიონში – 29 მატჩში 13 გოლი გააქვს. ფერნანდოს უყოყმანოდ იწვევენ ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში.

მომდევნო სეზონში ატლეტიკო უკეთ თამაშობს: ჩემპიონატს VII ადგილზე ასრულებს. ტორესის მაჩვენებლებიც გაუმჯობესებულია: 35 მატჩი, 19 გოლი.

ტორესი

ფერნანდო ტორესი ლივერპულში ენფილდროუდული კლუბის ესპანელი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის ინიციატივით გადავიდა

19 წლისა ატლეტიკოს კაპიტანი ხდება და პირველად თამაშობს ევროპის საკლუბო ტურნირებში – ინტერტოტოს თასის ფინალში მისი გუნდი პენალტების სერიაში მარცხდება ვილიარეალთან.

ფერნანდო: მართალია კლუბში დიდ ტიტულებს ვერ ვიგებდი, მაგრამ თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობდი. რატომ? მუდმივად ვთამაშობდი ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში, ნელნელა ვმკვიდრდებოდი პრიმერადივიზიონში, გავხდი ატლეტიკოს კაპიტანი… 19 წლის მოთამაშისთვის ეს, მგონი, საკმარისზე მეტიცაადა რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აშკარად ვგრძნობდი, რომ როგორც ფეხბურთელი, ძალიან ვიზრდებოდი და ვძლიერდებოდი.

იმედისმომცემი ფეხბურთელის აშკარა პროგრესს ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც ამჩნევდა და 2003-04 წლების სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელს ქვეყნის პირველ გუნდში უხმო.

6 სექტემბერს ატლეტიკოს კაპიტანმა პირველად ითამაშა ნაკრებში: ესპანელებმა პორტუგალიელებს 1:0 სძლიეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2004 წლის 28 აპრილს, ტორესმა ნაკრებში პირველი გოლიც გაიტანა – იტალიელთა კარი დალაშქრა.

ესპანურ პრესაში სეზონის დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭის შეძენა არსენალს და მანჩესტერ იუნაიტედს სურდათ, თუმცა ეს იყო და ეს, მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა. მარტივი მიზეზის გამო: ატლეტიკოს ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ 2-3 წელიწადში ბომბარდირის ფასი რამდენჯერმე გაიზრდებოდა.

ვიცოდი, რომ ინგლისის დიდი კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი. პირველ ამოცანად ნაკრებში დამკვიდრება და პრიმერადივიზიონში ბევრი გოლის გატანა დავისახე. საბედნიეროდ, კლუბში ყველანაირად მეხმარებოდნენ და მეც ნაბიჯნაბიჯ მივიწევდი მიზნისკენ, – ფერნანდო.

2004 წელს ტორესი ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, ორი წლის შემდეგ კი უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს: უკრაინასთან 4:0 მოგებულ მატჩში ბოლო გოლი გააქვს, ტუნისელთა კარის ბადე კი 2-ჯერ შეარხია.

ბავშვობის ოცნება – უძლიერეს ფეხბურთელად ქცევა – ხელშესახები გახდა და ამას ფეხბურთელიც გრძნობდა. 2006-07 წლების სეზონში 36-ჯერ თამაშობს პრიმერადივიზონში და 14 გოლი გააქვს, ესპანეთის თასის გათამაშებაში კი 4 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. აშკარაა, რომ ელ ნინიო უფრო დიდ მიზნებს უნდა შეეჭიდოს და გუნდის გამოცვლის საკითხიც უმალ დგება დღის წესრიგში. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ატლეტიკოში მისი შესაძლებლობები ამოწურულია: კლუბი 23 წლის ვარსკვლავის განვითარებას მხოლოდ თუ შეაფერხებს.

2007 წლის 30 ივნისს ატლეტიკომ ვილიარეალიდან დიეგო ფორლანის შეძენა დაადასტურა. გულშემატკივრები დარწმუნდნენ, რომ კლუბმა საბოლოოდ გადაწყვიტა ტორესის გაყიდვა, 4 ივლისს კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა: ატლეტიკოს პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ განაცხადა, რომ ინგლისის ლივერპულისგან კლუბი თითქმის 26 მილიონ გირვანქას მიიღებს, პლუს, ნახევარმცველ ლუის გარსიას.

ცნობისათვის: ლა ლიგაში ტორესმა 5 სეზონში 75 გოლი გაიტანა. ამავე პერიოდში მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რეალის ბრაზილიელი სუპერთავდამსხმელ რონალდოს, ვალენსიის ფორვარდ დავიდ ვილიას და ბარსელონის კამერუნელ გოლეადორ სამუელ ეტოოს ჰქონდათ.

როცა ფერნანდომ ლივერპულთან კონტრაქტი გააფორმა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ მეგულებოდა! ჩემთვის იმ დღეს ახალი ცხოვრება დაიწყო! ბედნიერი ვარ, რომ მან ამდენს მიაღწია და სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა, – ამბობს ხოსე ტორესი, ფერნანდოს მამა.

ეს სიტყვები უფროსმა ტორესმა ტრანსფერის დღეებში, მადრიდის ცვილის ფიგურების მუზეუმში განაცხადა – ფერნანდოს ნაკეთობა რაულის, ზინედინ ზიდანის, ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის და დიდებული ესპანელი ველომრბოლის მიგელ ინდურაინის ფიგურების გვერდით დაიდგა. მიზეზი საკმარისი იყო: ფერნანდო ტორესი ატლეტიკოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა!

სხვათა შორის, მიგელ ინდურაინი, ისევე როგორც მაიკლ ჯორდანი, ტორესისთვის სამაგალითო სპორტსმენები არიან. თავიანთი კარიერით, საქმისადმი მიდგომით და ოსტატობით მილიონობით გულშემატკივარი მოხიბლეს. მეც მინდა, რომ მათ დარად შევაყვარო თავი სპორტის მოყვარულებს, – ფერნანდო.

და ვინ არის ელ ნინიოს საყვარელი ფეხბურთელი? ევროპის 3-გზის საუკეთესო მოთამაშე, შეუდარებელი მარკო ვან ბასტენი და ახლო წარსულში ატლეტიკოს ლეგენდა კიკო ნარვაესი.

თუ ვინმეს მიბაძვას ვისურვებდი, მხოლოდ ამ ორის. ვფიქრობ, ვან ბასტენი ყველა თავდამსხმელისთვის იდეალია, კიკო კი ჩემი კლუბის ერთგულების გამო მიყვარს, – ფერნანდო ტორესი.

2007 წლის 11 აგვისტოს ტორესმა პირველად ითამაშა ინგლისის ჩემპიონატში – ბირმინგემში, ასტონ ვილასთან 2:1 მოგებულ მატჩში, 19 აგვისტოს კი პირველად წარსდგა ენფილდროუდელი ფანების წინაშე და გოლიც გაიტანა – 1:1 ჩელსისთან.

წლეულს, 23 თებერვალს შინ მიდლსბროსთან მატჩში პრემიერლიგაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა, 5 მარტს, ასევე ენფილდ როუდზე ვესტ ჰემ იუნაიტედთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში კი კვლავ 3-ჯერ გაახარა ქომაგები.

მარტის დასაწყისში ფერნანდო ტორესი პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, 15 მარტს კი რედინგს გაუტანა მორიგი გოლი. რობი ფაულერის შემდეგ ის გახდა პირველი ლივერპულელი, რომელმაც ჩემპიონატში 20 ბურთის შეგდება შეძლო!

ის ძალიან ძლიერი ფორვარდია და მგონი, ეს ახალი ამბავი სულაც არაა. ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ პრემიერლიგის საუკეთესო თავდამსხმელია. ვფიქრობ, ის არათუ პრემიერლიგის, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იქნება“! – რაფაელ ბენიტესი, ლივერულის მთავარი მწვრთნელი და ტორესის ტრანსფერის ინიციატორი.

იცოდით?
ატლეტიკოს ასაკობრივ გუნდებში ფერნანდოს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი: 10-წლამდელთა შორის49, 11-წლამდელთა შორის55, U12 – 78, U13 – 68, U14 – 65, U15 – 72, U16 – 56!

…მადრიდული კლუბის ისტორიაში ფერნანდო ტორესი დღემდე ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც კლუბის მაისური ოფიციალურ მატჩში მოირგო: 2001 წლის 27 მაისს, როცა ლეგანესის წინააღმდეგ ითამაშა, 17 წლის და 68 დღის იყო.

ფერნანდო ტორესი ატლეტიკოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია – როცა სამკლავური ჩაიბარა, 19 წლისა იყო. გუნდს 2007 წლის ივლისამდე, ლივერპულში ტრანსფერამდე კაპიტნობდა.

…ატლეტიკოს შემადგენლობაში საერთო ჯამში 214 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა. პრიმერადივიზიონში 174 შეხვედრაში 75 გოლი გაიტანა, სეგუნდადივიზიონში 40 მატჩში 7 გოლი, ესპანეთის თასზე 24-7, ევროპის საკლუბო ტურნირებში კი 5 თამაშში 2-ჯერ გამოიჩინა თავი.

ლივერპულის მაისურით პირველი ოფიციალური გოლი 2007 წლის 19 აგვისტოს, პრემიერლიგაში ლონდონის ჩელსის გაუტანა, მანამდე კი სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში, ჩინეთის შანხაი შენხუასთან მატჩში გამოიჩინა თავი.

…ტორესი ლივერპულის ფანებმა კლუბის 2007 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის გამოკითხვით, ესპანელმა ბომბარდირმა ხმების 34% მიიღო. მეორე ადგილზე დანიელი მცველი დანიელ აგერი გავიდა, მესამეზე კი არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო.

ჩემპიონთა ლიგაში, მარსელში ტორესის მიერ ოლიმპიკის კარში გატანილი გოლი ლივერპულის ფანებმა 2007 წლის დეკემბერში კლუბის საუკეთესო გოლად აღიარეს. ლივერპულმა ის შეხვედრა 4:0 მოიგო.

…2008 წლის მარტში, ქალაქურ დერბიში ევერტონთან 1:0 მოგებულ მატჩში ერთადერთი გოლი ტორესმა გაიტანა. კლუბის ისტორიაში ის მხოლოდ და მხოლოდ მეხუთეა, რომელმაც ენფილდ როუდზე ჩატარებულ ზედიზედ 6 მატჩში მოახერხა გოლის გატანა! მანამდე მსგავსი რამ 1919 წელს ფრედი პეგნემმა, 1964 წელს როჯერ ჰანტმა, 1983 წელს იან რაშმა, 1999 წელს კი მაიკლ ოუენმა მოახერხეს.

ფერნანდო ტორესმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა. ესპანეთის პირველი გუნდის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა ფორვარდია, ვისაც კი ოდესმე უთამაშია კონტინენტის პირველობაზე.

ფერნანდო ტორესი
დაიბადა 1984 წლის 20 მარტს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში
2001-07 წლებში მადრიდის ატლეტიკოს, 2007 წლის ზაფხულიდან ლივერპულის თავდამსხმელი
ტიტულები: ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ჩემპიონი – 2002; ევროპის ჩემპიონი (U17) – 2001; ევროპის ჩემპიონი (U19) – 2002
ინდივიდუალური ტიტულები: ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2001; ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2002; ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2001 (7 გოლი 6 მატჩში); ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2002 (4 გოლი 4 მატჩში)
ესპანეთის ნაკრებში: 46 მატჩი, 15 გოლი (2003-)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian