ვარსკვლავები: ჯონ ტერი

წამი, რომელიც მთელ ცხოვრებას იტევს
მგონი, ბურთს მიახლოვებული ბავშვობის ოცნებას ცხადლივ ხედავდა: ძალიან, ძალიან უნდოდა ეს თასი აღემართა
პირველი ნაბიჯი, მეორე
ფეხი დაუცდა და ბურთი კარს ააცილა
ვერ დაარტყა ისე, როგორც უნდოდა, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეშვენის და როგორც მის თანაგუნდელებს და ათასობით გულშემატკივარს სურდა.
ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი ნულიდან დაიწყო
მერე ნიკოლა ანელკამ ვერ ივარგა და მანჩესტერ იუნაიტედმაც ისტორიაში მესამედ აღმართა თასი, ჩელსის კი კვლავ მოეცარა ხელი: ჯერ პრემიერლიგაში ვერ აჯობეს „წითელეშმაკებს, ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში

მე თუ მკითხავთ, ჩელსის მარცხი ჯონ ტერის კი არა, ნიკოლა ანელკას ბრალია. მასრომ გაეტანა, ეგებ, მანჩესტერელებს ვერ შეეგდოთ, თუმცა…

ის პენალტი ყოველთვის მემახსოვრებასაშინელება იყო, ალბათ, ყველაზე ცუდი ამბავი, რაც კი ცხოვრებაში დამმართნია. მას შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა, ის პენალტი კი ახლაც მესიზმრება, კოშმარივითაა, – გაზეთ სანისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მოსკოვური ფინალის ყველაზე დრამატულ წუთებს იხსენებს.

სეზონის წინ ჩელსიმ აზიის ქვეყნები მოიარა: ამხანაგური მატჩები, სარეკლამო კამპანიები, დიდი ანგარიშით მოგებული მატჩები და რაც ყველაზე მთავარია, ახალი მწვრთნელი და ახალი ვარსკვლავი – ბრაზილიელი ლუიშ ფელიპე სკოლარი და პორტუგალიის მოქალაქეობამიღებული ბრაზილიელი გამთამაშებელი დეკუ.

ცვლილებებმა, რომელსაც კაპიტანი დადებითად აფასებს და მნიშვნელოვანს უწოდებს, ჯონ ტერი კარსმომდგარი სეზონის წინ იმედით აღავსო – ჩელსის დაცვის ბურჯის აზრით, პრემიერლიგაში ოლდტრაფორდელთა ორწლიანი ჰეგემონია უნდა დასრულდეს: შარშან სამი ტიტული დავთმეთ, ასეთი რამ კი ბოლო წლებში არასდროს მომხდარა. დარწმუნებული ვარ, ჩელსი ისეთივე მონოლითური და ძლიერია, როგორც ორი წლის წინ. ჩვენ დიდი გამარჯვებებისთვის მზად ვართ!

ლონდონელთა ახალი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი ჯონ ტერის კლუბის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად მიიჩნევს: ის დიდებული მცველია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამაგალითო კაპიტანიც გახლავთ. ყოველთვის მომწონდა მისი თამაში და სასიამოვნოა, რომ ის კლუბის ლიდერია, რომლსაც ვწვრთნი“.

„დიდმა ფილმა“ – ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, დეკუს გადაბირებისთანავე განაცხადა, რომ ჩელსის დაკომპლექტება დასრულებულია. მწვრთნელს კაპიტანიც დაეთანხმა: გასულ სეზონში ყველაზე ძალიან მოედნის შუაში გვიჭირდაარ გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშის წარმართვას შეძლებდა. დეკუ ნამდვილი ჩემპიონია, მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და დარწმუნებული ვარ, აქ მესამედ გაიმარჯვებს. ჩვენ რომში ერთად უნდა მოვიგოთ. გეცოდინება: ჩემპიონთა ლიგის ფინალს გაისად მარადიული ქალაქი უმასპინძლებს.

თუნდაც ტრიბუნიდან ადევნებდეთ თამაშს თვალს, უმალ მიხვდებით, რომ ჯონ ტერის გავლენა ჩელსიზე ძალიან დიდიაის ნამდვილი ბოსია, – ლონდონის არსენალის ნახევარმცველი, ევროპის ჩემპიონი სესკ ფაბრეგასი.

ის კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა! როგორც წესი, მთავარ გადაწყვეტილებას მოედანზე ტერი იღებს. ის ერთერთი საუკეთესო კაპიტანია, რომელიც კი ოდესმე მინახავს მინდორზე“, – სვენ-გორან ერიქსონი, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.

ტერი უნაკლო კაპიტანია! მისი ბრწყინვალე თამაშის საიდუმლო კი ძალიან მარტივიამას მოედანზე გატარებული თითოეული წამი სიამოვნებს და ყოველ მოძრაობაში ბოლომდე იხარჯება, – რაიან გიგზი, მანჩესტერ იუნაიტედის უელსელი გარემარბი, პრემიერლიგის ათგზის ჩემპიონი.

კიდევ შეიძლებოდა ჯონ ტერის ქება-დიდება, მაგრამ საკმარისია. ის, რომ მთავარი კონკურენტების გამორჩეული ფეხბურთელები ასე აქებენ ამ მართლაც ჩინებულ მცველს, მრავლისმეტყველია.

ჯონ ტერის დებიუტი პრემიერლიგის ბოლო წლების ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში თითქმის 10 წლის წინ, 1998 წლის 28 ოქტომბერს შედგა ლიგის თასის მატჩში, ბირმინგემის ასტონ ვილას წინააღმდეგ ბოლო წუთები ჩაატარა. ძირითად შემადგენლობაში იმავე სეზონში გამოჩნდა და კვლავ თასზე, თუმცა ამჯერად, ასოციაციის: ოლდემ ატლეტიკთან 2:0 მოგებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

1999-00 წლების სეზონში კლუბმა ტანმაღალი მცველი ორიოდ თვით პირველი დივიზიონის კლუბ ნოტინგემ ფორესტში გაანათხოვრა. ტერიმ 6-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელ გუნდში და ჩელსის დაუბრუნდა, ამჯერად საბოლოოდ. იმ სეზონში მის აქტივში პირველი ტიტულიც ჩაიწერა – ასოციაციის თასი.

ჩელსი

2008 წლის 21 მაისი, მოსკოვი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი – ლონდონის ჩელსი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. დგანან (მარცხნიდან): კლოდ მაკელელე, რიკარდუ კარვალიუ, მიხაელ ბალაკი, პეტრ ჩეხი, ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი. პირველ რიგში: მიქაელ ესიენი, ფლორინ მალუდა, ეშლი კოული, ჯო კოული, დიდიე დროგბა

2000-01 წლების სეზონიდან ტერი მშობლიური კლუბის ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრია და ეტაპობრივად მიიწევს დღევანდელი სტატუსისკენ: საიმედო თამაში, მზარდი ავტორიტეტი და თვალსაჩინო პროგრესი, რაც სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახება.

მაშინ დაცვის ცენტრში მარსელ დესაის მხარდამხარ ვიდექი. ის ნამდვილი პროფესიონალი იყო, ბრწყინვალე პარტნიორი და ძალიან კარგი ადამიანი. მისგან ბევრი ვისწავლე! სხვანაირად ვერც იქნებოდაფეხბურთზე შეყვარებული ბიჭისთვის ასეთი გამოცდილი მოთამაშის მხარდამხარ ასპარეზობა ნამდვილი მისწრება იყო! – ამბობს ტერი.

2001-02 წლების სეზონში მომავალმა კაპიტანმა პრემიერლიგაში პირველად ჩაატარა 30-ზე მეტი მატჩი – 33 შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად ასოციაციის თასის ფინალშიც იასპარეზა, მაგრამ ამჯერად ხელი მოეცარა. სწორედ იმ სეზონში მოიპოვა დიდ ფეხბურთში პირველი, თუნდაც არცთუ პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი – „ლურჯების“ ფანებმა ჩელსის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

სხვათა შორის, კაპიტნის სამკლავური პირველად სწორედ იმ სეზონში მოირგო: 2001 წლის 5 დეკემბერს პრემიერლიგაში ჩარლტონ ატლეტიკთან მატჩში.

კაპიტნის სამკლავური ძალიან ბევრს ნიშნავდა. მივხვდი, რომ თანაგუნდელები მაფასებდნენ, მენდობოდნენ და ეს მხოლოდ მახარებდა. კაპიტნობა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის მსურდა თანაგუნდელები სათამაშოდ გამეყვანა. მით უმეტეს, რომ ამას ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავიჩელსის 14-წლამდელებს და ყმაწვილთა გუნდებს ხომ მე ვკაპიტნობდი“, – ჯონ ტერი.

2003-04 წლების სეზონის წინ ჩელსი რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა შეიძინა და აღმასვლაც დაიწყო. ტერიც სწორედ იმ სეზონიდან შეიქნა ჩელსის კაპიტანი – იტალიელმა თავკაცმა, ამჟამად კი ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ კაპიტნის სამკლავური უბოძა. სხვა თუ არაფერი, იმ შემადგენლობიდან ტერი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ჩელსელი იყო – სტემფორდ ბრიჯზე 1998 წლიდან, ანუ მთელი 6 წელიწადი თამაშობდა!

2004-05 წლების სეზონის წინ ჩელსის მთავარ მწვრთნელად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პორტუს დამრიგებელი ჟოზე მოურინიუ დაინიშნა და კლუბმაც მწვერვალებს შეუტია.

ის გამარჯვებული მწვრთნელი იყო! პირველივე დღეებში მივხვდით, რომ მოურინიო დიდი სპეციალისტი და ტიტულების ტრფიალი გახლდათ. სტემფორდ ბრიჯზე გვაკლდა თასები, მედლები, ის კი ახალი გამოწვევის წინაშე იდგა. ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვაერთმანეთს ვავსებდით და შედეგებიც ლოგიკური იყო! – ჩელსის კაპიტანი.

2005 წლის გაზაფხულზე ჩელსი პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა! დედაქალაქურმა კლუბმა ჩემპიონატი რამდენიმე რეკორდით მოიგო: ყველაზე მეტი ქულა დააგროვა; გოლგაუშვებლად გაიმარჯვა ყველაზე მეტი მატჩში; მხოლოდ და მხოლოდ 15 გოლი მიიღო – საუკეთესო შედეგი ინგლისის ჩემპიონატების ისტორიაში! და ამ დაცვას, რომელმაც ბრიტანული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული რეკორდი დაწერა, სწორედ ჯონ ტერი ხელმძღვანელობდა.

საჩემპიონო პრემიერლიგაში კაპიტანმა 3 გოლი გაიტანა, სულ კი სეზონი 8 ბურთით დახურა. ერთ-ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონას უსახსოვრა.

მართალია ჩელსიმ ჩემპიონთა თასი ვერ აღმართა, მაგრამ სპეციალისტებმა 25 წლის უკანახაზელი სათანადოდ დააფასეს: ლიგის საუკეთესო მცველად დაასახელეს, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ კი სეზონის მოთამაშედ დაასახელა. ამას მოჰყვა მსოფლიოს ნაკრებში მოხვედრა უამრავი ვერსიით… იმავე სეზონში გულშემატკივრებმა ტერი მეორედ აირჩიეს კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად.

2005 წელს კაპიტანმა კიდევ ორი თასი აღმართა: მაისში ლიგის თასი, აგვისტოში კი ინგლისის სუპერთასი.

ჩემი აზრით ის ძალიან ჰგავს ბობი მურს. მათ დიდი დრო აშორებ, მურის შემდეგ არაერთი ჩინებული ინგლისელი მცველი გვინახავს, მაგრამ ტერი გამორჩეულია თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო უმაღლეს დონეზე სტაბილურად თამაში. საინტერესოა ისიც, რომ ტერი ბავშვობაში ვესტ ჰემ იუნაიტედს გულშემატკივრობდა, იმ კლუბს, სადაც ბობი მურმა მთელი კარიერა გაატარა, – ბრაიან გლენვილი, სახელგანთქმული ინგლისელი ჟურნალისტი.

2005-06 წლების სეზონში ჩელსი კვლავ ჩემპიონია და ტერიმაც ზედიზედ მეორედ აღმართა პრემიერლიგის თასი.

ძლიერი პიროვნებაა და არასდროს ურიგდება მარცხს. მომწონს მისი შემართება, მაოცებს მისი ფიზიკური მომზადება! მოკლედ, ამ ფეხბურთელით მოხიბლული ვარის მოთამაშე, რომელსაც ყველა მწვრთნელი ინატრებდა“! – ჟოზე მოურინიუ, ჩელსის ექს-თავკაცი.

2006 წლის 30 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატამდე ინგლისელებმა ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთი 3:1 დაამარცხეს. ლონდონელთა კაპიტანმა ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

შემოდგომით, 14 ოქტომბერს კი ტერი პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ… ჩადგა კარში: რედინგთან მატჩში პეტრ ჩეხი დაშავდა, შემდეგ კი მისი შემცვლელი კარლო კუდიჩინიც. ჯონმაც ბოლო წუთებში მესამე მეკარის, პორტუგალიელი ილარიოს მაისური მოირგო. კაპიტანს სასწაულების მოხდენა არ დასჭირდა – ერთადერთხელ მიუვიდა ბურთი და ისიც უმალ თამაშში დააბრუნა.

5 ნოემბერს ტერი პირველად გააძევეს: ტოტენჰემ ჰოთსფურთან მატჩში ორჯერ უჩვენეს ყვითელი ბარათი. უაით ჰართ ლეინზე ჩელსი 1987 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა, არბიტრ გრემ პოლთან შელაპარაკების გამო კი სამაგალითო კაპიტანი 10 ათასი გირვანქით და საჯარო ბოდიშით დაისაჯა…

იმ სეზონიდან დაწყებული ჩელსი და მისი კაპიტანი, მეტწილად მარცხდებიან: თუ 2007 წელს მოგებულ ლიგის თასს არ ჩავთვლით, ლონდონელებმა 5 ტიტული დათმეს: პრემიერლიგაში ორჯერ დამარცხდნენ მანჩესტერ იუნაიტედთან პაექრობაში, ამავე კლუბთან დათმეს ინგლისის სუპერთასი და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი, ახლახანს, თებერვალში კი ლიგის თასის ფინალშიც დამარცხდნენ ტოტენჰემ ჰოთსფურთან…

ჯონ ტერი: მარცხს ვერ გაექცევი, მაგრამ მთავარია, წაგებას არ მიეჩვიო. საბედნიეროდ, ისეთ კლუბში ვთამაშობ, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის და რაც მთავარია, იმარჯვებს კიდეც. მომავალ სეზონს მოუთმენლად ველი და მჯერა, გაზაფხულზე პრემიერლიგის ჩემპიონთა თასს კვლავ ჩვენ ავწევთ. ჩემპიონთა ლიგა? ამაზე კვლავ ვოცნებობ“!

იცოდით?
…ჯონის უფროსი ძმა პოლი ასევე პროფესიონალი ფეხბურთელია. ის ქვედა დივიზიონში მოასპარეზე ლუთონ ორიენტის ღირსებას იცავს.

…2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ინგლისელ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ჯონი მოხვდა.

…ის პირველი კაპიტანია, რომელმაც განახლებულ უემბლიზე თასი აღმართა: 2007 წელს, ასოციაციის თასის ფინალში ჩელსიმ მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 დაამარცხა.

…ტერი პირველია, რომელმაც განახლებულ უემბლიზე სანაკრებო მატჩში გოლი გაიტანა – ეს ბრაზილიასთან 1:1 დასრულებულ ამხანაგურში მოხდა.

…მომავალი კაპიტანი ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, ბერკინგში დაიბადა. მისი პირველი კლუბი ადგილობრივი სენრები იყო, საიდანაც 14 წლისამ ჩელსიში გადაინაცვლა. თავდაპირველად ჯონი ნახევარდაცვაში თამაშობდა და სწორედ ჩელსის ბავშვთა კლუბში ჩადგა დაცვაში.

…თითქმის წელიწადნახევრის მანძილზე ჯონ ტერი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო: 2007 წლის ივნისში გაფორმებული კონტრაქტით, კლუბი კვირაში 135 ათას გირვანქას უხდის. წლეულს, ივლისში ჩელსიმ ფრენკ ლამპარდთან გაახანგრძლივა კონტრაქტი და მას კვირაში 150 ათასი გირვანქა დაუნიშნა.

…ინგლისის ნაკრებში ჯონ ტერიმ პირველად 2003 წლის ივნისში ითამაშა სერბეთის წინააღმდეგ.

…70-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ჩელსელის, რეი უილკინსის შემდეგ, ჯონ ტერი კლუბის აღზრდილი პირველი მოთამაშეა, რომელმაც ნაკრებში ითამაშა.

…ტერი პირველია ჩელსის ისტორიაში, რომელმაც ნაკრების კაპიტნის სამკლავური მოირგო.

…2006 წლის 10 აგვისტოს, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, ინგლისის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა ჯონ ტერი კაპიტნად დაასახელა. მცველმა დევიდ ბექემი შეცვალა. კაპიტნის რანგში დებიუტი ტერიმ ბერძნებთან ამხანაგურ მატჩში გოლით აღნიშნა.

…მაიკლ ოუენთან ერთად ჯონ ტერი ბრიტანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის უმბროს სახეა და ახალი პროდუქციის რეკლამებშიც მონაწილეობს. ამას გარდა, მას სარფიანი კონტრაქტები აკავშირებს სამსუნგთან და ნეშენვაიდთან, ასევე შვედეთის უდიდეს საბუქმექერო კანტორასთან, სვენსკა სპელთან.

…2006 წლის 18 მაისს ჯონი ტყუპების მამა გახდა: მშობლებმა ბიჭს ჯორჯი ბოი, გოგონას კი სამერ როუზი დაარქვეს. ფეხბურთელი მეუღლესთან, ტონი პოლთან ერთად სურეის საგრაფოში, ოქსშოტში ცხოვრობს.

…წყვილი 2007 წლის 15 ივნისს, ბლენჰეიმ პალასში დაქორწინდა, მათი ჯვრისწერის ექსკლუზიური ფოტოგადაღებისთვის კი ჟურნალმა Hello!-მ ნახევარი მილიონი გირვანქა გადაიხადა. თაფლობის თვე ჯონმა და მისმა მეუღლემ რომან აბრამოვიჩის სუპერიახტა პელორუსზე გაატარეს ხმელთაშუა ზღვაში.

…2008 წლის 1 აგვისტოსთვის ჯონ ტერიმ ჩელსის შემადგენლობაში 354 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა: 237-ჯერ ითამაშა პრემიერლიგაში (16 გოლი); ასოციაციის თასზე 34-ჯერ (9); ლიგის თასზე 23-ჯერ (1); ევროთასებზე კი ზუსტად 60-ჯერ(6).

…ახალგაზრდულ ნაკრებში ჯონმა 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ჯონ ტერი (ჯონ ჯორჯ ტერი)
დაიბადა 1980 წლის 7 დეკემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში
1998 წლიდან ჩელსის (ლონდონი, ინგლისი) მცველი
ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 2005, 2006; ინგლისის თასი – 2000, 2007; ინგლისის ლიგის თასი – 2005, 2007; ინგლისის სუპერთასი – 2005
ინდივიდუალური ტიტულები: ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (პფა) – 2005; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველი (უეფა) – 2006
ინგლისის ნაკრებში: 44 მატჩი, 4 გოლი (2003-)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian