ვარსკვლავები: ჟოზე მოურინიუ

45 წელი ელოდა მილანის ინტერი ევროპის ჩემპიონთა თასზე მესამე ტრიუმფს.
45 წლის იყო პორტუგალიელი ჟოზე მოურინი, მილანური კლუბის მთავარ მვრთნელად რომ დაინიშნა.
ეს 2008 წლის ზაფხულში მოხდა, 2010 წლის გაზაფხულზე კი პორტუგალიელმა სპეციალისტმა კლუბს ზედიზედ მეორედ მოაგებინა სერია , ქვეყნის თასიც მოუტანა და რაც მთავარია, ტიფოზები ჩემპიონთა ლიგაში ნანატრი გამარჯვებით გაახარა!
მილანის ინტერმა სეზონი სრული ტრიუმფით დაასრულა, მოურინიომ კი 2004 წლის შემდეგ მეორედ აღმართა ჩემპიონთა თასი. 6 წლის წინ მანორტუ აიყვანა ევრომწვერვალზე.
ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ორიოდ კვირაში ჟოზე მოურინი მილანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და მადრიდის რეალში გადაბარგდა.
ჩანახატი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ჟურნალ CHAMPIONSის ბოლო, 41- ნომერში გამოექვეყნდა, მისი ავტორები დანკან ქესთლი და პოლ სიმპსონი არიან.

მან ზედმიწევნით კარგად იცის, თუ როგორ მოამზადოს გუნდი. სრულ ინფორმაციას გაწვდის მეტოქეზე, როგორც გუნდზე, ასევე ფეხბურთელებზე. და როცა მოწინააღმდეგეს ხუთი თითივით იცნობ, აღარ ნერვიულობ. თუნდაც ეს მეტოქე ბარსელონა იყოს, – მილანის ინტერის ნიდერლანდელი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ჟოზე მოურინიუს შესახებ.

ეს სიყვები სნეიდერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ბარსელონასთან 3:2 მოგებული დუელის შემდეგ თქვა.

გასულ სეზონში პორტუგალიელმა მწვრთნელმა კიდევ ერთი საოცრება მოახდინა: ინტერი 1965 წლის შემდეგ პირველად აიყვანა ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე!

ბარსელონასთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა გარდამტეხი მაინც ჩელსისთან ფლეი-ოფის პირველი ეტაპი გახლდათ, რის მოგების შემდეგაც ინტერის ფეხბურთელებმა საბოლოოდ ირწმუნეს, რომ მათ თასის აღმართვა შეეძლოთ.

ჩვენი ჟურნალი ჟოზე მოურინიუს სწორედ ჩელსისთან ლონდონური პაექრობის წინ ესტუმრა. იტალიელთა თავკაცი აბსოლუტურად თავისუფალი იყო: ბანქოს თამაში თანაშემწეებთან… სტივ კლარკის და ბრენდან როჯერსის (მისი ასისტენტები სტემფორდ ბრიჯზე) გარემოცვაში ფინჯან ყავასთან გულღია საუბარი… მაშინ დავრწმუნდით, რომ მოურინიუმ ინტერი ლონდონში სრულფასოვნად მომზადებული ჩაიყვანა.

შარშანდელთან შედარებით ინტერი აშკარად გაძლიერდა. ჩვენ ისეთი ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებმაც გუნდის თამაშს სხვა ფერები შესძინეს, – ამბობს ჟოზე და დასძენს – მაგალითად, წინა სეზონში არ გვყავდა უესლი სნეიდერი, ჩემი აზრით, თანამედროვეობის ერთერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი. იგივე დიეგო მილიტო ავიღოთ, სამუელ ეტოო ან გორან პანდევი. კი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დავთმეთ, მაგრამ ამ სამმა მოთამაშემ არათუ აანაზღაურა დანაკლისი, ტაქტიკური მრავალფეროვნების საშუალებაც მოგვცა. ცხადია, არც ლუსიუ უნდა დავივიწყოთ: ის ფიზიკურად ძლიერი მცველია, რომელსაც ჩინებულად შეუძლია თავით თამაშიასეთი მოთამაშეების დამატების შემდეგ, ვფიქრობ, არავის უნდა უკვირდეს, რომ ინტერი წლეულს დიდი გამარჯვებებისთვის ჩინებულადაა მომზადებული. და დარწმუნებული ვარ, მიზანს მიაღწევს კიდეც“!

პორტუგალიელი სნეიდერის დამატებით იყო განსაკუთრებით კმაყოფილი: მიმაჩნია, რომ მისი მთავარი პლუსი აიაქსის ფეხბურთელობაა. ამ სკოლის საუკეთესო მოთამაშეები არასდროს იკარგებიან და თავის კვალს ტოვებენ. სნეიდერი ჩინებული შუახაზელია, მას ბრწყინვალე დრიბლინგია აქვს, საუკეთესოდ ურტყამს და რაც მთავარია, ორივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს. როცა მის თვალს ადევნებ, ხვდები რომ იქ, აიაქსის საფეხბურთო აკადემიაში ჩინებული საფეხბურთო განათლება მიიღო.

ის, რომ იტალიის ჩემპიონი მერვედფინალშივე დაუპირისპირდა ჩელსის, მოურინიუსთვის სიურპრიზი არ იყო: ასე დამებედააუცილებლად უნდა დავუპირისპირდე ყოფილ კლუბს. მაგალითად, როცა ლონდონში ვმუშაობდი, ორჯერ თუ სამჯერ ვეთამაშეთ პორტუს... როგორც კი ინტერში გადავედი, ბარსელონა შეგვხვდაამიტომაც, როცა ჩელსი გვერგო, აღარ გამიკვირდა.

მოურინიუს სურდა, რომ მისი სათამაშო გეგმა გასაიდუმლოებული ყოფილიყო. ამიტომაც, ლონდონში ჩასულ ინტერს ერთხელაც არ უვარჯიშია. ძნელი მისახვედრი არაა, რა დიდი იყო ფსონი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში ინტერმა 2:1 მოიგო, ფავორიტად მაინც ჩელსი ითვლებოდა. თანაც, ლონდონში ჩასვლამდე მილანელები კატანიასთან 1:3 დამარცხდნენ…

ყველას ისეთი აზრი ჩამოუყალიბდა, თითქოს მოურინიუ დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია. არადა, თუ რაიმეს ვერ დასწამებ მას, ეს სწორედ დაცვის სიყვარულია.

ჟოზეს სხვანაირი ფეხბურთი უყვარს და ეს სტემფორდ ბრიჯზეც კარგად გამოჩნდა. ელოდნენ, რომ პორტუგალიელი საკუთარი კარის სიახლოვეს გამაგრდებოდა, მაგრამ როგორც კი ძირითადი შემადგენლობა გაცხადდა, ბევრი დაიბნა: მოურინიუმ დიეგო მილიტო ცენტრფორვარდად გაამწესა, სამუელ ეტოო მარჯვენა ფლანგზე, გორან პანდევი კი მარცხნივ. და თუ ამ სამეულს უესლი სნეიდერსაც დავუმატებთ, ყველა დარწმუნდება, რომ დაცვაში თამაში მოურინიუს წამით არ გაუვლია გულში.

აქ მოსაგებად მოვედით“! – მცირე ტაქტიკური შენიშვნების შემდეგ ჟოზემ სწორედ ამ სიტყვებით გააცილა ბიჭები გასახდელიდან. ჩელსის შესახებ ინტერის მწვრთნელს ბევრი არ უსაუბრია. როგორც სნეიდერმა თქვა, ისინი (ბიჭები) ზედმიწევნით კარგად იყვნენ მომზადებულნი.

პორტუგალიელს არასდროს დაუმალავს, რომ ფიზიკური მზადყოფნით ჩელსი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ლონდონელთა ძირითადში მუდმივად ხვდება 6-7 ტანმაღალი ფეხბურთელი, რომლებიც სტანდარტული სიტუაციებისას დიდ უპირატესობას ქმნიან. დაცვა გოლიათებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ინტერის თავკაცმა მასპინძლებს მაინც მოუძებნა სუსტი წერტილი და ეს, ცხადია, სათავისოდ გამოიყენა: 3 თავდამსხმელით დაიწყო თამაში, ფორვარდებს კი შეუჩერებელი სნეიდერიც დაუმატა, რომელსაც შემტევებისთვის ზუსტი პასები არ უნდა მოეკლო.

მოურინიომ სნეიდერი ჯონ ობი მიკელსა და მიხაელ ბალაკს შორის დააყენა, რითაც ჩელსის ნახევარმცველების თამაშს სიმწვავე მოაკლო. არც განაპირა მცველები აღმოჩნდნენ კარგ დღეში: პანდევის და ეტოოს გადამკიდე, ვერც ჟირკოვი ერთვებოდა შეტევაში და ვერც ივანოვიჩი. ესეც 3 ფორვარდით თამაშის პლუსი!

მილანის ინტერი

ჩემპიონთა ლიგის 2010 წლის ტრიუმფატორი მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ და პრეზიდენტი მასიმო მორატი

რაც შეეხება საკუთარ კარზე ზრუნვას, დაცვის ოთხეულზე რომ არაფერი ვთქვათ, მოურინიუმ 2 საყრდენი ნახევარმცველი გამოიყენა: ტიაგო მოტა და ესტებან კამბიასო, მეტწილად, მოედნის ცენტრში მოქმედებდნენ, დროგბას, მალუდას და ანელკას პასებს ჭრიდნენ და არც ფრენკ ლამპარდს აძლევდნენ ფორვარდების დახმარების საშუალებას. შეტევა? მოტამ და კამბიასომ კარგად იცოდნენ, რომ მთავარი იყო ბურთი სნეიდერამდე მიეტანათ. დანარჩენს უკვე ნიდერლანდელი გააკეთებდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სტემფორდ ბრიჯზე მოურინიოს ნიჭი კიდევ ერთხელ გარდაისახა მნიშვნელოვან გამარჯვებაში: სამუელ ეტოომ ერთადერთი გოლი სწორედ სნეიდერის პასით გაიტანა, ზედმიწევნით ზუსტად და სწრაფად გათამაშებული კონტრშეტევის შემდეგ, ისე, როგორც მწვრთნელს ჰქონდა დაგეგმილი.

პრესკონფერენციაზე პორტუგალიელი სიხარულს ვერ მალავდა: ძალიან ბედნიერი ვარ! ბედნიერი ვარ, რადგან გავიმარჯვეთ და იმიტომაც, რომ ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ! ხანდახან გიმართლებს და იგებ, მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, მეტოქეს რომ აჯობებ, შენ ძალას აჩვენებ და ისე მოიგებ! დღეს ჩვენ საუკეთესონი ვართ და ამიტომაც გავიმარჯვეთ! ჩვენ პირველიდან ბოლო წუთამდე ვჯობდით მეტოქეს და ეს ძალიან მაგარი იყო! პორტუგალიელი არასდროს გამოირჩეოდა თავმდაბლობით…

ინტერის ფეხბურთელები დარწმუნებულნი იყვნენ მწვრთნელის ცოდნაში, ძალაში, გამჭრიახობაში და ბოლომდე მიენდვნენ მას. სიტუაცია არც მაშინ შეიცვალა, როცა გუნდს ნახევარფინალში მეტოქედ ბარსელონა ერგო, მოურინიუს კიდევ ერთი ექს-კლუბი, ჩემპიონთა თასის მფლობელი.

ყველა ლეო მესიზე ამახვილებდა ყურადღებას, დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეზე. ცხადია, პორტუგალიელიც ფიქრობდა არგენტინელზე, მაგრამ უფრო მეტად ბარსელონაზე: ჩემი გუნდი ზონურ დაცვას იყენებს, ასე რომ, მესის მეურვე არ ეყოლება. მას ის გაუწევს წინააღმდეგობას, ვის ზონაშიც შევა. მჯერა, რომ ამ საღამოს ჩემ გუნდს ბევრი პრობლემა არ ექნება.

მოურინიუს ჩანაფიქრი ყველამ კარგად დაინახა: მათ, ვისაც მესის წინააღმდეგ ორთაბრძოლა უწევდათ, ჯერ ტიაგო მოტა, საჭიროების შემთხვევაში კი ესტებან კამბიასოც ეხმარებოდნენ. ამან გაამართლა: ინტერმა მილანში 3:1 მოიგო, კამპ ნოუზე კი სასურველ შედეგს მიაღწია – მხოლოდ 0:1 დამარცხდა. ის ერთადერთი ბურთი იტალიელებმა თამაშის მიწურულს გაუშვეს.

დაიჯერებთ? საპასუხო მატჩში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 555 ზუსტი პასი გააკეთა, ინტერმა კი… 67! მასპინძლები სათამაშო დროის 75%-ში ფლობდნენ ბურთს და მაინც, თასისკენ სვლა მოურინიუს გუნდმა გააგრძელა.

როგორც ასეთ დროს იტყვიან, ბურთს ბარსა ფლობდა, მაგრამ თამაშს ინტერი წარმართავდა. ესეც პორტუგალიელის გუნდების კიდევ ერთი თვისება: აკონტროლო თამაში ისე, რომ ბურთი მეტოქეს გადაულოცო. ასეთი რამ თითქოს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ რეალურია. გაიხსენეთ მოურინიუს პორტუ 2003-04 წლების სეზონში და ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაში…

ფინალში გასვლით გამოწვეული სიხარული მოურინიუმ კამპ ნოუზეც გამოხატა. გახსოვთ ის მომენტი? მილანიდან ჩასულ გულშემატკივართა ტრიბუნასთან რომ მივარდა სახეშეშლილი და მადლობას უხდიდა ტიფოზებს. ბარსელონელებს ეს არ მოეწონათ, მეკარე ვალდესი ძალით ცდილობდა მის გაყვანას…

პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ჩვეულად ისაუბრა: ლუიშ ფიგუმ მადლობა უნდა გადამიხადოს. დღეის შემდეგ ის კატალონიაში ყველაზე საძულველი აღარაა“!

ჟოზე მართლაც რომ ყველასგან განსხვავებული მწვრთნელია და როცა ამას ხვდები, ზედმიწევნით ზუსტად გახსენდება მისი რჩევა დამწყები მწვრთნელებისთვის: თუ რჩევას დამეკითხებიან, ვეტყვი, რომ არასდროს დაკარგონ საკუთარი ხელწერა. ნურავის შეუშინდებით, რა წრესაც არ უნდა განეკუთვნებოდეს თქვენი მეტოქე. ნუ ეცდებით იყოთ ყველასთვის მისაღები. იყავით ის, რაც ხართცხოვრება და საქმის კეთება ასე უფრო გაგიიოლდებათ. და რაც მთავარია, არასდროს სცადოთ სხვისი გაკეთებულის გამეორებაუნდა გახსოვდეთ, რომ ასლი ორიგინალს ვერასდროს აჯობებს“!

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2010)

ka_GEGeorgian