ვარსკვლავები: სტივენ ჯერარდი

ის, რომ პატარა ბიჭი საფეხბურთო მონაცემებით არ გამოირჩევა და თან, ექიმიც ურჩევს მშობლებს, მოზარდის დატვირთვისგან თავი შეიკავონ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყმაწვილისგან კარგი ფეხბურთელი არ დადგება.
სტივენ ჯერარდმა 8 წლისამ დაიწყო ფეხბურთის თამაში, 4 წელიწადში კი, მორიგი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, ბიჭს წელიწადში 20 შეხვედრაზე მეტი არ ჩაეტარებინა.
ეს ამბავი 1992 წელს მოხდა, 1997 წლის 5 ნოემბერს კი სტივმა ლივერპულთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმაენფილდროუდული კლუბი ახალწვეულს კვირაში 700 გირვანქას უხდიდა.
ავტობიოგრაფიაში, რომელიც 2006 წლის შემოდგომით გამოქვეყნდა, ფეხბურთელი ამბობს: ძალიან მინდოდა მანჩესტერ იუნაიტედში თამაში. სინჯებზეც ვიყავი, მაგრამ არ ამიყვანეს და მაშინვე ლივერპულს მივაშურეო...
ოლდტრაფორდული კლუბი ასეთი ნახევარმცველით უდავოდ გაძლიერდებოდა და ალბათ, არც სერ ალექს ფერგიუსონი იტყოდა სტივი ჯის სამსახურზე უარს, მაგრამ რაც არის არის: დღეს ჯერარდი ლივერპულის კაპიტანი და მერსისაიდული გუნდის ერთპიროვნული ლიდერი.

ინგლისის ყველაზე ტიტულიანი კლუბის და სტივენ ჯერარდის პროფესიული ურთიერთობა 1997 წლიდან იწყება, დღეისათვის კი 450-მდე ოფიციალურ მატჩს და ასამდე გოლს ითვლის. შესანიშნავი მაჩვენებელია!

პირველი მატჩი კი, რომელშიც დიდებულმა კაპიტანმა კლუბის წითელი მაისური მოირგო, 1998 წლის 29 ნოემბერს ბლექბერნ როვერსთან შეხვედრა იყო – დებიუტანტმა ტრავმირებული ნორვეგიელი შუახაზელი ვიგარდ ჰეგემი მეორე ტაიმში შეცვალა. იმავე სეზონში, უეფას თასზე ვიგოს სელტას წინააღმდეგ ის პირველად გამოჩნდა ძირითადში, საერთო ჯამში კი, ჯეიმი რედნაპის ტრავმის „წყალობით“, 13 მატჩი ჩაატარა.

დასაწყისისთვის კმაყოფილი ვიყავი. ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო თამაში და ძალიან მიხაროდა, რომ სეზონის მიწურულს მწვრთნელი სულ უფრო ხშირად მენდობოდა, – სტივენ ჯერარდის ავტობიოგრაფიიდან.

1999-2000 წლების სეზონის წინ ლივერპულის მთავარ მწვრთნელად ფრანგი ჟერარ ულიე დაინიშნა, რომელსაც ჯერარდი ხსენებულ წიგნში გულთბილად ახასიათებს.

ფრანგმა 19 წლის ნახევარმცველი პირველ გუნდში დააწინაურა და ფეხბურთელმაც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაზე საფუძვლიანი პრეტენზია განაცხადა: სეზონის პირველი 6 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მეორე წრეში, შეფილდ უენსდისთან 4:1 მოგებულ მატჩში კი პირველი გოლიც გაიტანა.

ულიეს რჩევით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა იმავე სეზონში რამდენჯერმე მოინახულა იმხანად საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი სპორტული ექიმი მიულერ-ვოლფარტი, რომელიც მას საზარდულის პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა.

წლების მანძილზე მიმეორებდნენ, რომ ორგანიზმში მომხდარი სწრაფი ცვლილებების გამო კვირაში ორ მატჩს ვერ ვითამაშებდი, საზარდულზე კი მინიმუმ ორი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. საბედნიეროდ, ჟერარ ულიემ ნაცნობ ექიმებს დამაკავშირა და ყველა პრობლემა მალე მოგვარდაგამოკვლევები, მკაცრი რეჟიმი, სპეციალურად ჩემთვის შედგენილი ვარჯიშებიეს ყველაფერი დამღლელი და მომაბეზრებელი იყო, მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა თითოეული მატჩი, რომ უკან არაფერზე დამიხევია. საბედნიეროდ, შრომა და მოთმინება დამიფასდა – სტივენ ჯერარდი.

სტივენ ჯერარდი

2001 წლის მაისში ჯერარდმა პირველი ევროტიტული მოიგო – უეფას თასი! ფოტოზე: სტივენ ჯერარდი, ჯეიმი კარაგერი და რობი ფაულერი

2000-01 წლების სეზონში ლივერპულის საკლუბო მუზეუმი ერთბაშად 3 თასით გამდიდრდა და მომავალმა კაპიტანმაც სამი მედალი მოიგო: თებერვალში ლიგის თასი აღმართა, მაისში კი ასოციაციის და უეფას თასები. ევროთასის ფინალში სტივმა გოლიც გაიტანა, სეზონის ბოლოს კი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

2001 წლის 31 მარტს ლივერპულმა ენფილდ როუდზე 2:0 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი, მასპინძელთა ნახევარმცველმა კი საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა. ეს ბურთი „წითლების“ ქომაგებმა პრემიერლიგაში ლივერპულის ასპარეზობის მანძილზე საუკეთესო გოლად აღიარეს!

და რაც ყველაზე მეტად ახარებდა ფეხბურთელს, ჯანმრთელობა იყო: საზარდულის პრობლემების მოგვარების შემდეგ, სტივენ ჯერარდი კლუბისთვის შეუცვლელი გახდა, სეზონის ბოლოს კი მისი სტატისტიკური მონაცემები შთამბეჭდავი იყო: 10 გოლი 50 მატჩში!

მომდევნო ჩემპიონატის დაწყება და კიდევ 2 თასი ერთი იყო: ჯერ იყო და ენფილდროუდელებმა ინგლისის სუპერთასი მოიგეს – მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხეს, აგვისტოს მიწურულს კი ევროპის სუპერთასიც აღმართეს. ამჯერად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ მიუნხენის ბაიერნს სძლიეს – 3:2.

2001 წლის 1 სექტემბერს სტივენ ჯერარდს პირველი გოლი გააქვს ნაკრების მაისურით: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ინგლისელებმა მიუნხენში 5:1 გაანადგურეს მასპინძლები და მანაც ოლივერ კანის კარი დალაშქრა. სხვათა შორის, სტუმართა გოლები მხოლოდ ლივერპულელებმა გაიტანეს: მაიკლ ოუენმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ემილ ჰესკიმ კი, სტივის დარად, ერთი გოლი შეაგდო.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინგლისი გამალებით ემზადებოდა: ყველას სურდა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე განცდილი კრახის მალე დავიწყება. ჯერარდი, შესარჩევ ტურნირში ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ვერ გაემგზავრა – საზარდულმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკანასკნელად შეახსენა თავი და ისიც იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა.

დიდ საერთაშორისო ტურნირზე პირველად 2000 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, მაგრამ მაშინ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩავატარე. მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენამ ძალიან დამთრგუნა, იმ დღეების გახსენება ახლაც გულს მტკენსიმასაც ვფიქრობდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა აუხდენელ ოცნებად დამირჩებოდა“… – სტივენ ჯერარდი.

2002-03 წლების სეზონი ნახევარმცველმა სტაბილურად ჩაატარა, თუმცა საწყის მატჩებში უფერულად გამოიყურებოდა. ეს ოჯახური პრობლემებითაც აიხსნება: მშობლები გაიყარნენ.

სტივი: მიჭირდა ფეხბურთზე, გუნდზე კონცენტრირება… მშობლების გადაწყვეტილება მტკივნეული იყოსაბედნიეროდ, ყველაფერი ნორმალურად დასრულდა და მალე მთლიანად გადავერთე ფეხბურთზე.

ჯერარდი

კარიერის მწვერვალი: 2005 წელს სტამბოლში, დრამატულ ფინალში მოგებული ჩემპიონთა თასი! ჯერარდი იმ დღეს ლივერპულის კაპიტანი გახლდათ

თებერვალში ლივერპულმა კიდევ ერთხელ აღმართა ლიგის თასი. ენფილდროუდელებმა ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს 2:0 სძლიეს, პირველი ბურთი კი ლიდერის მანტიამორგებულმა ჯერარდმა შეაგდო. ამავე სეზონში მან პირადი რეკორდი დაამყარა: 53 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დროის სვლასთან ერთად მისი ავტორიტეტიც იზრდებოდა, ის ყალიბდებოდა როგორც ლიდერი და მალე მისი კლუბის კაპიტნად არჩევის საკითხიც დაისვა: 2003-04 წლების სეზონის სტარტს სტივენ ჯერარდი გუნდისთავის როლში შეხვდა – სამკლაური ფინელი სემი ჰიიპიასგან ჩაიბარა. რამდენიმე დღეში ლივერპულთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტიც გაფორმდა: ახალბედა კაპიტანს გასამრჯელოდ კვირაში 60 ათასი გირვანქა დაენიშნა…

ლივერპულმა სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა და კლუბის დირექტორთა საბჭომ ჟერარ ულიეს გაშვება გადაწყვიტა. პირველად მაშინ დაიწერა, რომ კლუბს ჯერარდიც დატოვებდა, თუმცა ენფილდ როუდზე ესპანელი სპეციალისტის რაფაელ ბენიტესის მისვლამ ლიდერის გარშემო დასმულ ყველა კითხვას მალევე გასცა პასუხი: სტივენ ჯერარდი ლივერპულის კაპიტანია, გუნდის უდავო ლიდერია და ის წასვლას არ აპირებს. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებებს, – განაცხადა რაფაელ ბენიტესმა.

…20 სექტემბერს, მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში ჯერარდმა ტერფი დაიშავა და თითქმის ორი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს. კლუბმა სტაბილურ თამაშს უკლო, პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ ტურში ურთულესი ამოცანის წინაშე აღმოჩნდა: თუ ფლეი-ოფში თამაში სურდა, პირეოსის ოლიმპიაკოსი აუცილებლად ორი ბურთის სხვაობით უნდა დაემარცხებინა. ანგარიში ბერძნების ბრაზილიელმა ლიდერმა რივალდომ გახსნა, მაგრამ ლივერპულმა შეუძლებელი შეძლო – 3:1 გაიმარჯვა! გოლი, რომელმაც კლუბი 1/8-ფინალში გაიყვანა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჯერარდმა გაიტანა – საჯარიმოს გარედან, უძლიერესი დარტყმით დალაშქრა ნიკოპოლიდისის კარი!

თებერვალში ენფილდროუდელები კიდევ ერთხელ გავიდნენ ლიგის თასის ფინალში, მაგრამ დამატებით დროში ჩელსისთან 2:3 დამარცხდნენ. ბენიტესის გუნდი საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე იგებდა, თუმცა სტივი ჯიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ამ ამბავს ფეხბურთელმა კარიერის უდიდესი სირცხვილი უწოდა…

ყველაფრის მიუხედავად, სეზონი ბრწყინვალედ დაგვირგვინდა: სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარ ფინალში ლივერპულმა პენალტების სერიაში დაამარცხა მილანი!

პირველი ტაიმის შემდეგ იტალიელები სამი ბურთით იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ჯერარდმა, ვლადიმირ შმიცერმა და ჩაბი ალონსომ სამი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. „საფეხბურთო ლატარეაში“ ჯერარდი ბურთთან არ მისულა: უკანასკნელმა, მე-5 პენალტმა, რომელიც მას უნდა შეესრულებინა, აზრი დაკარგა – ენფილდროუდელთა პოლონელმა მეკარე ერჟი დუდეკმა ანდრეი შევჩენკოს არ გაატანინა და ყველაფერი დასრულდა. დიდიე დეშამის შემდეგ სტივენ ჯერარდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი, რომელმაც ჩემპიონთა თასი აღმართა.

ეს იყო საუკეთესო მატჩი, რომელშიც კი მითამაშია. იმ თამაშის ჩანაწერს დროგამოშვებით სიამოვნებით ვუყურებ და სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თან მილანთან, 3-ბურთიანი ჩამორჩენა დავძლიეთ. ასეთი რამ უკიდურესად იშვიათად ხდება და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით“, – კაპიტნის ავტობიოგრაფიიდან.

უეფამ ჯერარდი ლიგის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელად დაასახელა. ეს აგვისტოს მიწურულს, გალა-დაჯილდოებაზე მოხდა, ერთი დღის შემდეგ კი ინგლისელის კარიერა კიდევ ერთი ტიტულით – ევროპის მეორე სუპერთასით შეივსო. ლივერპულმა უეფას თასის მფლობელი მოსკოვის ცსკა დაამარცხა…

2005-06 წლების სეზონში ჯერარდმა პირადი რეკორდი გაიმეორა: 53 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 23 გოლი შეაგდო, სეზონის ბოლოს კი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ჯონ ბარნსის შემდეგ (1988) ჯერარდი პირველი ლივერპულელი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიგო…

და იყო ასოციაციის თასის ფინალი ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედის წინააღმდეგ, სადაც სტივმა დუბლი შეასრულა. პირველი გოლი ძირითადი დროის უკანასკნელ დამატებულ წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა. მერე იყო პენალტების სერია, სადაც გუნდს გამარჯვება სწორედ მან მოუტანა.

სხვათა შორის, ჯერარდის მიერ შაკა ჰისლოპის კარში თითქმის 40 მეტრიდან გატანილი ბურთი ასოციაციის თასის ფინალების ყველა დროის ულამაზეს გოლად აღიარეს და სეზონის ბოლოს სტივმა ამისთვის სპეციალური პრიზიც მიიღო.

ცნობისათვის: ჯერარდი გახდა პირველი და ჯერჯერობით ბოლო ინგლისელი, რომელმაც ოთხი თასის ფინალში გაიტანა: 2001 წელს უეფას თასზე, 2003 წელს ლიგის თასზე, 2005 წელს კი ჩემპიონთა ლიგაში…

ჯეიმი კარაგერი

სტივი ჯიმ და ჯეიმი კარაგერმა მთელი კარიერა ენფილდ როუდზე გაატარეს, ბევრი თასი მოიგეს, თუმცა პრემიერლიგის ჩემპიონის თასი ვერ აღმართეს

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ინგლისი 1/4-ფინალში გავიდა, იქ კი, ისევე როგორც ორი წლით ადრე ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. პირენეელთა მეკარე რიკარდუმ სამი პენალტი მოიგერია, მათ შორის ჯერარდის დარტყმაც. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ორი გოლით სტივი ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა…

უდიდესი საფეხბურთო ტურნირის დასრულების შემდეგ პრესა კვლავ ალაპარაკდა კაპიტნის ლივერპულიდან წასვლის შესახებ, მაგრამ: გაზეთში გამოქვეყნებული ამბების კომენტრს არ ვაპირებ. სისულელეა და მეტი არაფერი! აქ თავს ჩინებულად ვგრძნობ და სხვაგან გადასვლას არ ვგეგმავ, – სტივენ ჯერარდი.

2006-07 წლების სეზონში ენფილდროუდელებს პრემიერლიგაში კვლავ მოეცარათ ხელი, ჩემპიონთა ლიგაში კი მართალია ფინალში გავიდნენ, მაგრამ ამჯერად დამარცხდნენ. ერთადერთი, რაც შეიძლება პლუსად ჩაითვალოს, ინგლისის სუპერთასის მოგებაა – რაფა ბენიტესის გუნდმა ჩელსის 2:1 სძლია…

ახლახანს გასრულებული სეზონი რამდენიმე საინტერესო მოვლენით აღინიშნა: 2007 წლის 28 ოქტომბერს, არსენალის წინააღმდეგ სტივენმა ლივერპულის შემადგენლობაში საიუბილეო, მე-400 მატჩი ჩაატარა; ნოემბერ-დეკემბერში ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა და ჯონ ოლდრიჯის შემდეგ გახდა პირველი, რომელმაც ასეთი რამ შეძლო (ირლანდიელმა სერია 1989 წელს გამოაცხო); 2008 წლის 13 აპრილს, ბლექბერნ როვერსთან მატჩი მის პრემიერლიგურ კარიერაში მე-300 გამოდგა; სეზონის ბოლოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სტივი ზედიზედ მეხუთედ დაასახელა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში (სულ – მეექვსედ)…

ლივერპულის ახალგაზრდა ლიდერი ახლა შვებულებაშია: ინგლისის ნაკრები ევრო 2008-ის მიღმა დარჩა და ისიც მშვიდად ემზადება მოახლოებული სეზონისთვის.

ოჯახი? ენფილდროუდელთა კაპიტანი ორი წელია, რაც ალექს კურენზე დაქორწინდა – ისინი 10 წელია ერთად არიან. ფეხბურთელი ორი ქალიშვილის მამა: ლილი-ელა 2004 წლის 23 თებერვალს დაიბადა, ლექსი კი 2006 წლის 9 მაისს.

თავისუფალი დრო ცოტა მაქვს და მეტწილად, ოჯახში ვარშვილებთან ურთიერთობაზე სასიამოვნო არაფერია. რა იქნება მომავალში? ვერ გეტყვით, წინასწარმეტყველი არ ვარ, ისე კი, ყველაზე ძალიან ორი რამ მსურს: შვილების ბედნიერება და პრემიერლიგის მოგება, – ამბობს ინგლისის ყველაზე ტიტულიანი კლუბის კაპიტანი.

ლივერპული კვლავ ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ხვდება სეზონს, მაგრამ დარჩება ჯერარდი? ბოლო ინფორმაციით, ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლონდონის ჩელსიმ 33 მილიონი გირვანქა გაამზადა სასურველი ნახევარმცველის გადასაბირებლად…

სტივენ ჯერარდი
დაიბადა 1980 წლის 30 მაისს ინგლისის ქალაქ უისტონში
1997 წლიდან ლივერპულის ნახევარმცველი
ტიტულები: ინგლისის თასი – 2001, 2006; ინგლისის ლიგის თასი – 2001, 2003; ინგლისის სუპერთასი – 2001, 2006; ჩემპიონთა თასი – 2005; უეფას თასი – 2001; ევროპის სუპერთასი – 2001, 2005
ინდივიდუალური ტიტულები: ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (პფა) – 2006; ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (პფა) – 2001; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფა) – 2006
ინგლისის ნაკრებში: 67 მატჩი, 13 გოლი (2000-)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian