ვარსკვლავები: ტიერი ანრი
ბარსელონაში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ ესპანელმა ჟურნალისტებმა ჩათვალეს, რომ კატალონიურმა კლუბმა ფრანგის სანაცვლოდ გადახდილი 24 მილიონი ევრო ქარს გაატანა.
თუ მიმდინარე სეზონში ტიერი ანრის თამაშს გავითვალისწინებთ, ესპანელი კოლეგების განცხადებაში, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვი უნდა შევიტანოთ: ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილ ბარსელონაში ფრანგი შესანიშნავად თამაშობს და დიდი შანსია, სეზონი კლუბის საუკეთესო ბომბარდირის რანგში დაასრულოს. ახლა ის მხოლოდ სამუელ ეტოოს და ლეო მესის ჩამორჩება, მაგრამ სეზონის ბოლომდე 2 თვეა დარჩენილი, იქამდე კი კაცმა არ იცის, რა მოხდება…
„ის ჩინებული ფეხბურთელია, სწრაფია, ფიზიკურად ძლიერი და შესანიშნავად ერგება ბარსელონას. მეორე სეზონი სადებიუტოზე უკეთესი რომ ექნებოდა, ამაში წუთითაც არ შემპარვია ეჭვი“, – ამბობს ხოსეპ გვარდიოლა.
კატალონიელები დღეს 3 გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობენ და ტიერი ანრი მწვრთნელის რჩეულთა შორის მუდმივად ხვდება: ის, ლეო მესი და კამერუნელი ეტოო მეტოქის საჯარიმოში საოცრებებს ახდენენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ფრანგი ფორვარდი, რომელიც შარშან, დეკემბერში პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ბარსელონაში მე14 ნორმით ასპარეზობს, ეს მაისური კი თავის დროზე ლეგენდარულ იოჰან კრუიფს ემოსა.
მფრინავი ჰოლანდიელი, რომელიც ბარსელონის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია, ტიერის ანრის ქებით არ იღლება: „გუნდის თამაშს ანრიმ თავისებური ხიბლი შემატა – დღეს ბარსა გაცილებით სახიფათო გუნდია, ვიდრე თუნდაც გასულ სეზონში. როცა ანრი კარგ ფორმაშია, მეტოქის მცველებმა გაათმაგებული ძალით უნდა ითამაშონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაშვებულ გოლებს ვერ გადაურჩებიან. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ ფრანგი კამპ ნოუზე უფრო დიდხანს ითამაშებს, ვიდრე ეს კონტრაქტითაა გათვალისწინებული“.
ცნობისათვის: 2007 წლის 25 ივნისს კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობამ ახალწვეულს 4წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა: 31 წლის თავდამსხმელი კიდევ 2 წელიწადი ითამაშებს ბარსელონაში, სანაცვლოდ კი სეზონში 6,8 მილიონ ევროს მიიღებს. სხვათა შორის, იმ კონტრაქტში ჩადებული იყო მუხლი, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 125 მილიონ ევროს შეადგენდა…
დღეს ანრი სახელგანთქმული ფეხბურთელია და ყველა დროის უძლიერეს მოთამაშეთა შორისაც სახელდება, ეს კი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია – მომავალი გოლეადორი 7 წლის იყო ფეხბურთის თამაში რომ დაიწყო.
ტიერი დანიელ ანრი 1977 წლის 17 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზთან ახლომდებარე დაბა ლე ულისში. თუ მის წინაპრებს ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ რომ ანრი ფრანგი არ არის: მამა, ანტუანი გვადალუპელია (საფრანგეთის ყოფილი კოლონია), დედა – მერისი კი მარტინიკის კუნძულებიდან გახლავთ. თუმცა დღეს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს – გულშემატკივრებმა ის ფრანგ ფეხბურთელად გაიცნეს და თავად ანრიც, სანაკრებო მატჩების წინ, საფრანგეთის ჰიმნის, მარსელიოზას სიტყვებს ბუტბუტებს…
ლე ულისის ბავშვთა კლუბში ის კლოდ შეზელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. ბიჭუნას იმთავითვე ბევრი გოლი გაჰქონდა და მწვრთნელებიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
1989 წელს პალაისში ჩაირიცხა, თუმცა ერთი წლის შემდეგ შატილიონში გადაბარგდა. მასთან ერთად მივიდა ამ გუნდში პალაისის ექს-მწვრთნელი ჟან-მარი პანზა…
დიდი ფრანგული კლუბების სელექციონერები მთელ ქვეყანაში ეძებენ იმედისმომცემ ფეხბურთელებს და გამონაკლისი არც მონაკო იყო, გუნდი, რომელიც იმ წლებში ლიდერთა შორის ტრიალებდა. თეთრ-წითელთა ერთ-ერთმა სკაუტმა არნო კატალანომ ანრის თავის კლუბში წაყვანა პირველივე თამაშის შემდეგ გადაწყვიტა: შატილიონმა მეტოქე 6:0 გაანადგურა და ყველა გოლი ტიერიმ გაიტანა!
მონაკომ ბიჭი შეამოწმა, დასაოსტატებლად კი კლერფონტენის სახელგანთქმულ აკადემიას მიაბარა. კლუბის მაშინდელმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩათვალა, რომ გუნდს ანრი 2 წლის შემდეგ უფრო გამოადგებოდა.
„დიდ გუნდში მოხვედრა ჩემთვის ნამდვილი სასწაული იყო და მაშინ იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ პირველი გუნდის მწვრთნელს შევხვდი… არსენ ვენგერის გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ მართლა შემეძლო დიდი ფეხბურთის თამაში“, – ტიერი ანრი.
1994 წლის შემოდგომით მომავალი გოლეადორი მონაკოს უბრუნდება, წლის მიწურულს კი პირველ ოფიციალურ შეხვედრაში თამაშობს: ვენგერი ანრის თავდაპირველად მარცხენა ფლანგზე აყენებდა. დებიუტანტმა პირველ სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
მომდევნო პირველობის სტარტზე მწვრთნელმა რამდენიმე პოზიციაზე მოსინჯა ახალწვეული, 1996-97 წლების სეზონში კი საბოლოოდ ანდო ადგილი ძირითად შემადგენლობაში: თავდამსხმელმა ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა, სეზონის ბოლოს კი ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
1996 წელს მონაკოს თინეიჯერი საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს: „ძალიან ბედნიერი ვიყავი, პირველი ინდივიდუალური პრიზი ჩემთვის უდიდესი გამარჯვება იყო! დაჯილდოვების ცერემონიალზე ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, დავიბენი და სცენაზე ასულმა ხეირიანად ვერც მადლობა გადავიხადე“.
1997-98 წლების სეზონში მონაკო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადის, ანრის იმ გათამაშებაში 7 გოლი გააქვს (დღემდე რეკორდია ფრანგი ფეხბურთელებისთვის), საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს უილიამ გალასის, დავიდ ტრეზეგეს და სხვათა მხარდამხარ…
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემე ჟაკე ჯერ კიდევ გუნდის ფორმირებაში იყო. წლის მიწურულს მონაკოელთა თავდამსხმელსაც მისცა თავის გამოჩენის შანსი: 11 ოქტომბერს ფრანგებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრები 2:1 დაამარცხეს და 20 წლის გოლეადორმაც სწორედ მაშინ მოიგო პირველად ქვეყნის პირველი გუნდის მაისური.
1998 წელს საფრანგეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ტიერი ანრი კი უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე გატანილი 3 გოლით გუნდის ბომბარდირი გახდა! ახალგაზრდების, დავიდ ტრეზეგეს და ანრის ნაკრებში შეყვანის გამო ჟაკეს არაერთი ჟურნალისტი აკრიტიკებდა, თუმცა დებიუტანტებმა გაცემული ავანსები გაამართლეს.
„ძალიან ბედნიერი ვიყავი – ნაკრებში ჩატარებული რამდენიმე თამაშის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი! ეს თუ არა, მაშინ რა არის სასწაული?! ბრაზილიასთან 3:0 მოგების შემდეგ, ისევე როგორც მთელ გუნდს, საპატიო ლეგიონის ორდენი მეც გადმომცეს. პრეზიდენტთან მიღებაზე რომ ვიდექი, ვიფიქრე, რომ ფეხბურთში დარჩენით ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე“, – ტიერი ანრი.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ემე ჟაკემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ფინალში ანრის შეცვლაზე შეყვანასაც ვფიქრობდი, მაგრამ დესაის წითელმა ბარათმა გეგმა შემაცვლევინაო…
1999 წლის იანვარში, ზამთრის სატრანსფერო სეზონის დროს თავდამსხმელმა კლუბი გამოიცვალა: კრიზისში მყოფმა ტურინის იუვენტუსმა მონაკოელებს 10,5 მილიონი გირვანქა გადაუხადა და ფრანგს შავ-თეთრი მაისური მოარგო.
ტურინელთა მაშინდელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ანრი კვლავ ფლანგზე გაამწესა და ალბათ, ამიტომ თუ იყო რომ ფრანგმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა: სერია აში 16 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლა – ლონდონის არსენალის მაისური მოირგო და არსენ ვენგერს კიდევ ერთხელ შეხვდა. იუვენტუსმა ანრი ზუსტად იმ თანხად დათმო, რამდენიც მის სანაცვლოდ გადაიხადა…
დღეს ფრანგი არსენალის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ ითვლება და პრემიერლიგის ყველა დროის სიმბოლურ გუნდებში მუდმივად ხვდება, თუმცა დასაწყისი კარგს არაფერს უქადდა: ჩემპიონატის საწყის 8 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და პრესამაც ჩათვალა, რომ მეთოფეებმა მიზანში ვერ მოარტყეს.
„ის პერიოდი ურთულესი იყო: იუვენტუსში გატარებული არასახარბიელო თვეების შემდეგ ვერც ახალ გუნდში შევძელი თავის გამოჩენა… იმ დღეებს რომ ვიხსენებ, არსენ ვენგერი ძალიან თბილად მაგონდება: მწვრთნელი გვერდში დამიდგა, არაერთხელ პირისპირ მესაუბრა და საკუთარი თავის რწმენა ჩამინერგა. მალე პირველი გოლი გავიტანე, შემდეგ მეორე… სეზონი კი არსენალის საუკეთესო ბომბარდირად დავასრულე“… – ტიერი ანრი.
ლონდონელთა ფრანგმა ახალწვეულმა ინგლისში პირველ სეზონში 26 გოლი შეაგდო, არსენალი კი პრემიერლიგაში II ადგილზე გავიდა, უეფას თასის ფინალში კი მოულოდნელად დამარცხდა სტამბოლის გალათასარაისთან.
2000 წლის ზაფხულში საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ მე2 დიდი საერთაშორისო ტურნირი – ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ანრი კი კვლავ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა: ისევე როგორც 2 წლით ადრე, ამჯერადაც 3 გოლი გაიტანა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ბურთი ნახევარფინალში პორტუგალიასთან.
„ეს ფანტასტიკური იყო, 2 დიდი თასი ერთი წლის ინტერვალით! ამაზე ხომ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს! 22 წლისა უკვე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ვიყავი“! – ტიერი ანრი 2000 წელს პირველად დასახელდა საფრანგეთის საუკეთესო მოთამაშედ.
2001-02 წლების სეზონში თავდამსხმელმა, როგორც იქნა, არსენალთან ერთად პირველი მედლები მოიპოვა: ვენგერის კლუბმა პრემიერლიგაც მოიგო და ინგლისის თასიც! ჩემპიონატის 33 მატჩში გატანილი 24 გოლით ანრი ბომბარდირის პრიზს დაეუფლა, საერთო ჯამში კი 32 ბურთი შეაგდო და კვლავ გახდა არსენალის საუკეთესო მეგოლე.
„ჩემპიონატის მოგების შემდეგ გულშემატკივართა უდიდესი სიყვარული ვიგრძენი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი შესანიშნავი თამაშია! მეეჭვება, რომ სპორტის სხვა სახეობა ამდენს ითხოვდეს შენგან და გაღებულს ათმაგად გიბრუნებდეს“, – 2002 წელს ტიერი ანრი ზედიზედ მეორედ მოხვდა პრემიერლიგის და უეფას სიმბოლურ ნაკრებ გუნდებში.
2002-03 წლების სეზონში არსენალმა ჩემპიონის ტიტული დათმო, თუმცა ასოციაციის თასი შეინარჩუნა. ლონდონელთა ფრანგმა სუპერფორვარდმა პრემიერლიგაში კვლავ 24 გოლი გაიტანა, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედის ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რუუდ ვან ნისტელროიმ ერთით მეტი შეაგდო და ბომბარდირის ტიტული აართვა.
ერთი შეხედვით უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ დასკვნების გამოტანისას აჩქარება არაა საჭირო: 2003 წელს ტიერიმ ზედიზედ მეორედ მოიგო საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ონზ მონდიალმა ზინედინ ზიდანს და დევიდ ბექემს ამჯობინა და ევროპის უძლიერესი მოთამაშის პრიზი გადასცა, ინგლისის პრემიერლიგის რჩეულის სახელი კი ფრანგმა 2 ვერსიით მოიპოვა: ჯერ ჟურნალისტებმა დაასახელეს საუკეთესოდ, მცირე ხანში კი ფეხბურთელებმაც. აქვე იმის თქმაც აუცილებელია, რომ 2003 წელს პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები შედგა განვლილი 10 წლის შედეგებით და ანრი რჩეულთა შორის მოხვდა!
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფრანგმა ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში კიდევ ერთი დიდი ტურნირი მოიგო – ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებას საფრანგეთმა უმასპინძლა და ის სამფეროვნების ტრიუმფით დასრულდა.
ჟაკ სანტინის გუნდმა 5 მატჩი ითამაშა, არსენალის ბომბრდირი კი 3ჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს! ფინალში ფრანგებმა კამერუნელებს 1:0 სძლიეს. ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ ვინ გაიტანა ის ბურთი.
ფიფამ ანრი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ბომბარდირის პრიზიც გადასცა.
„საფრანგეთის ნაკრები დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ეს დიდწილად განპირობებულია ისეთი ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაშით, როგორიც ტიერი ანრია“, – ეს სიტყვები გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ კიკერში დაიბეჭდა კონფედერაციათა თასის გათამაშების შემდეგ.
იმ დროს ტიერი ანრი უკვე მარტო აღარ იყო: 2003 წლის 5 ივლისს, ნისლიან ალბიონზე, ჰაიკლერის სასახლეში ინგლისელ მოდელ კლერ მერიზე იქორწინა.
2003-04 წლების სეზონში თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს კიდევ უფრო დიდი აღიარება ელოდა წინ: არსენალთან ერთად მეორედ მოიგო პრემიერლიგა და რაც მთავარია, მისმა კლუბმა მთელი პირველობა დაუმარცხებლად განვლო!
გუნდის და ფეხბურთელის წარმატებულ სვლას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური პრიზი მოჰყვა: კვლავ დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ, ისევ მოიგო ბომბარდირის პრიზი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპის საუკეთესო გოლეადორისთვის განკუთვნილი ოქროს ბუციც მიიღო!
2004 წლის გაზაფხულზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია ფიფამ საუკუნოვანი იუბილე აღნიშნა, ფეხბურთის მეფედ შერაცხულმა პელემ კი 125 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელის რჩეულთა შორის ფრანგი გოლეადორიც მოხვდა.
კლუბში ჩატარებულ შესანიშნავ სეზონს, ისევე როგორც 2002 წელს, ლონდონელთა ბომბარდირმა ნაკრებში არადამაჯერებელი თამაში შეუთავსა: ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე, პორტუგალიაში რომ შედგა, ჟაკ სანტინის გუნდი 1/4ფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ საბერძნეთთან – 0:1.
„მეორე დიდ ტურნირზე მოგვეცარა ხელი, ეს კი ჩემთვის სრულიად უცნობი რამ იყო. ტურნირამდე ვინმეს რომ ეთქვა, საფრანგეთი საბერძნეთთან დამარცხდებაო, სასაცილოდ არ მეყოფოდა, რეალურად კი იმ გუნდთან წავაგეთ, ვისაც სათვალავში არავინ აგდებდა“, – ანრიმ პორტუგალიაში ნაკრების ყველა, ოთხივე მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
2004-05 წლების სეზონში არსენალი კვლავ II ადგილზე გავიდა, თუმცა ასოციაციის თასის მოგება მაინც შეძლო. ანრიმ კვლავ მოიგო პრემიერლიგის ბომბარდირის ტიტული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროპის ოქროს ბუციც შეინარჩუნა.
და ანრი გახდა პირველი, რომელმაც ევროპის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოგება ზედიზედ შეძლო! სათქმელია ისიც, რომ 2005 წელს ოქროს ბუცი მასთან ერთად მოიგო ესპანეთის ვილიარეალის ურუგვაელმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა.
2005-06 წლების სეზონი ფრანგი ბომბარდირის კარიერის პიკად იქცა: 2005 წლის 17 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში პრაღის სპარტას 2 გოლი გაუტანა და არსენალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორ იან რაიტს გადაასწრო; 2006 წლის 1 თებერვალს, პრემიერლიგაში ვესტ ჰემ იუნაიტედის კარი დალაშქრა და 151 გოლით მეთოფეთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ინგლისის ელიტარულ ლიგაში; მალე კლუბის მშობლიურ სტადიონზე საიუბილეო, მე100 გოლი გაიტანა და ამ მხრივაც პირველი შეიქნა…
„ის შეუდარებელია და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ საუკეთესოა პრემიერლიგის ისტორიაში. ტიერი ანრიმ ინგლისის ჩემპიონატში გამორჩეული კვალი დატოვა“, – ეს სიტყვები საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დონოვან ჯეინიმ რჩეულთა დაჯილდოვების ცერემონიალზე განაცხადა, როცა ლონდონელთა ფრანგ თავდამსხმელს მესამედ გადასცა საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო.
ანრი ამ მხრივაც პირველი შეიქნა და ასევე გახდა პირველი (მერამდენედ!), რომელმაც 4ჯერ მოიგო პრემიერლიგის ბომბარდირის პრიზი: იმ სეზონში 27 გოლი შეაგდო!
რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს ინდივიდუალური ჯილდოები, გუნდურს მაინც სხვა ფასი აქვს, ამ მხრივ კი 2006 წელს ფრანგს ძალიან არ გაუმართლა: გაზაფხულზე კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში მოეცარა ხელი, ორიოდ თვეში კი, უკვე ქვეყნის პირველ გუნდში ასპარეზობისას, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
„ის თამაშები, განსაკუთრებით კი ლიგის ფინალი, ძალიან ცუდად მახსენდება. პირადად მე 2ჯერ შემეძლო ბარსელონის კარში გოლი გატანა და თამაშის ნაადრევად დასრულება, მაგრამ უპატიებელი შეცდომები დავუშვი… ფინალში მარცხი ვერაფერი მიღწევაა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ“, – ტიერი ანრი.
იმ ზაფხულს პირველად გავრცელდა ცნობები ფრანგის ბარსელონაში გადასვლის თაობაზე. რამდენიმე გაზეთმა ტრანსფერის სავარაუდო თანხა – 50 მილიონი გირვანქაც დაასახელა, თუმცა ფეხბურთელმა ლონდონში დარჩენა არჩია და არსენალთან ახალი, 4წლიანი კონტრაქტი გააფორმა: „აქ თავს დიდებულად ვგრძნობ და ვიცი, რომ კლუბსაც ვჭირდები“.
2006-07 წლების სეზონში თავდამსხმელი ტრავმებმა გატანჯა და არსენალში ასპარეზობის მანძილზე ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა – ყველა ტურნირში მხოლოდ 12 გოლის გატანა შეძლო. სანამ ტრავმებს მკურნალობდა, კლუბი ვიცე-თავმჯდომარე დევიდ დინმა დატოვა, რამაც დიდწილად განაპირობა ფრანგის ლონდონიდან აბარგება – ტიერი ანრიმ არსენალი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის რანგში დატოვა.
„ესპანეთი ახალი გამოწვევაა, ძალიან მიმზიდველი და საინტერესო. ბარსელონა მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბია და ყველანაირად ვეცდები, ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. სიმართლე გითხრათ, ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ესაა“, – ეს სიტყვები ფრანგმა ესპანეთში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე თქვა.
მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. დღეს ბარსელონა ჩემპიონატსაც ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. საოცნებო მწვერვალამდე არცთუ შორია.
იცოდით?
…ანრიმ არსენალის ისტორიაში ყველაზე მეტი – 174 გოლი გაიტანა ინგლისის ჩემპიონატში. ის ასევე კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ევროპის საკლუბო ტურნირებში – ჩემპიონთა ლიგასა და უეფას თასზე 42 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი მეთოფეთა მაისურით 226 გოლი აქვს შეგდებული.
…არსენალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შარშან კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად, რეფერენდუმი ჩატარდა. 50 ათასმა ქომაგმა საუკეთესო მეთოფედ სწორედ ანრი აღიარა.
…პრემიერლიგის ისტორიაში გატანილი გოლებით ანრი მხოლოდ ორს, ალან შირერს და ენდი კოულს ჩამორჩება.
…2001 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ფრანგი პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ხვდებოდა. ეს ინგლისის ჩემპიონატების რეკორდია.
…2007 წელს ჟურნალმა TIME ტიერი ანრი წლის 100 მნიშვნელოვან ადამიანთა შორის დაასახელა.
…2000 წელს ანრი ევროპის, ხოლო 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებებში მოხვდა.
…2004 წელს ანრიმ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია ნაიკთან გააფორმა კონტრაქტი, რის მიხედვით სეზონში 4 მილიონ ევროს იღებს. ფრანგი მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშეთა შორისაა: კლუბთან გაფორმებული კონტრაქტით და სხვა სარეკლამო შემოსავლებით წლის მანძილზე დაახლოებით 25 მილიონი ევროთი მდიდრდება.
…შარშან თავდამსხმელი მეუღლეს გაეყარა. განქორწინების შემდეგ კლერ მერიმ ფეხბურთელისგან 10 მილიონი გირვანქა მიიღო. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, ქალიშვილი ტეა, რომელიც 2005 წლის 27 მაისს დაიბადა.
…ტიერი ანრი ამერიკული საკალათბურთო ლიგის კლუბ სან ანტონიო სფერზის ერთ-ერთი ლიდერის, თანამემამულე ტონი პარკერის ახლო მეგობარია. ფეხბურთელი 2001 და 2007 წლებში საკალათბურთო ლიგის ფინალებს დაესწრო.
…2007 წლის 17 ოქტომბერს, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ლიტვასთან მატჩში ანრიმ დუბლი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიშელ პლატინის რეკორდი – 41 გოლი – გააუმჯობესა.
…2008 წლის 3 ივნისს, კოლუმბიასთან ამხანაგურ მატჩში თავდამსხმელმა ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში საიუბილეო, მე100 შეხვედრა ჩაატარა. ის მე6 ფრანგია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია.
…ტიერი ანრი ერთადერთია პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 5 სეზონში მოახერხა 20 და მეტი გოლის გატანა. 2002 წელს 24 გოლი, 2003 – 24, 2004 – 30, 2005 – 25, 2006 – 27.
ტიერი ანრი
დაიბადა 1977 წლის 17 აგვისტოს საფრანგეთის დაბა ლე ულისში
თავდამსხმელი
კლუბები: მონაკო (საფრანგეთი; 1994-98), იუვენტუსი (ტურინი, იტალია; 1999); არსენალი (ლონდონი, ინგლისი; 1999-07); ბარსელონა (ესპანეთი; 2007 წლიდან)
გუნდური ტიტულები: საფრანგეთის ჩემპიონი – 1997; ინგლისის ჩემპიონი – 2002, 2004; ინგლისის თასი – 2002, 2003, 2005; საფრანგეთის სუპერთასი – 1997; ინგლისის სუპერთასი – 2002, 2004; მსოფლიოს ჩემპიონი – 1998; ევროპის ჩემპიონი – 2000; ფიფას კონფედერაციათა თასი – 2003
ინდივიდუალური ტიტულები: საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 1996; საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი – 2000, 2003, 2004, 2005, 2006; ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია) – 2003, 2004; ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაცია) – 2003, 2004, 2006; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ონზ მონდიალი, საფრანგეთი) – 2003, 2006; ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 2002 (24 გოლი), 2004 (30), 2005 (25), 2006 (27); ევროპის საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი) – 2004 (30 გოლი, 60 ქულა), 2005 (25, 50)
საფრანგეთის ნაკრებში: 109 მატჩი, 48 გოლი (1997 წლიდან)
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2009)