ვარსკვლავები: უეინ რუნი

დაიმახსოვრეთ ეს ბიჭიუეინ რუნი!
სწორედ ეს სიტყვები იყო პირველი, რაც კომენტატორმა კლაივ ტილდესლიმ თქვა არსენალის კარში შეგდებული ბურთის შემდეგ, ევერტონმა, რომლის თავდამსხმელიც გახლდათ რუნი იმხანად, 2:1 მოიგო და ლონდონელთა 30-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.
2002 წლის 18 ოქტომბერს უეინ რუნი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ეს რეკორდი სხვა ფეხბურთელებმა გააუმჯობესეს (და სწორედ ამიტომაც არსებობენ რეკორდები), მის თანატოლთაგან მსგავსი პოპულარობის მოპოვება ვერავინ შეძლო. დევიდ სიმენის კარის დალაშქვრის შემდეგ რუნი გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში მოექცა და ალბათ, სანამ კარიერას დაასრულებს, ამ მარწუხებს თავს ვერ დააღწევს.

ერთხელ ლურჯი – მარადიულად ლურჯი! ლივერპულის ევერტონის მაისურის ფერი ლურჯია, ზემოხსენებული სიტყვათწყობა კი თინეიჯერი ფეხბურთელის მაისურზე ქომაგებმა მას შემდეგ იხილეს, რაც ამ უკანასკნელმა პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა.

ევერტონის ქომაგები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ 16 წლის ბიჭი, რომელსაც კლუბთან ჯერ კიდევ სამოყვარულო კონტრაქტი აკავშირებდა და კვირაში მხოლოდ 80 გირვანქას იღებდა, გუნდს ოდინდელ დიდებას დაუბრუნებდა, თუმცა სულ ორი სეზონი აღმოჩნდა საკმარისი, რათა უეინი დიდი კლუბების თვალთახედვის არეში მოხვედრილიყო და უკეთესი ანაზღაურებაც მოეთხოვა.

2002-03 წლების სეზონში უეინ რუნიმ პრემიერლიგაში 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მომდევნო სეზონში კი 9 ბურთი შეაგდო 34 მატჩში. თავდამსხმელისთვის ეს მაჩვენებლები, შესაძლოა, არცთუ კარგი იყოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ 18 წლის ბიჭზეა საუბარი, კრიტიკისგან თავის შეკავება მოგვიწევს.

სწორედ ასაკი იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთელის აგენტს კლიენტი რამდენიმე ათეულ მილიონ გირვანქად შეეფასებინა. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ კარგად ჩატარებული საკლუბო სეზონის შემდეგ რუნიმ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე ჩინებულად ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა (ეს რეკორდიც მალევე გაუმჯობესდა).

რუნის ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ორი ჩინებული წარმომადგენელი – მანჩესტერ იუნაიტედი და ნიუკასლ იუნაიტედი იწვევდა, ლივერპულის ევერტონი კი არაფერს თმობდა – სატრანსფერო თანხას, 50 მილიონ გირვანქას ფეხს არ უცვლიდა.

საბოლოოდ სახელმა, ფინანსურმა სიძლიერემ და უმაღლეს დონეზე თამაშის პერსპექტივამ თავისი გაიტანა და ინგლისური ფეხბურთის თინეიჯერი ვარსკვლავი მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრება გახდა. გარიგება 2004 წლის 31 აგვისტოს შედგა, სატრანსფერო სეზონის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე.

23 მილიონს ლივერპულელები საწყის 2 სეზონში მიიღებდნენ, კონტრაქტის გათვალისწინებული დანარჩენი თანხის გამომუშავება კი, სულ 8 მილიონის, თავად რუნიზე იყო დამოკიდებული – თუ კარგად მოერგებოდა კლუბს, გოლებს გაიტანდა, ინგლისის ნაკრებში მოიკიდებდა ფეხს და ასე შემდეგ, ევერტონიც მეტ მოგებას ნახავდა…

2004 წლის 28 სექტემბერს, 19 წლის იუბილემდე თითქმის ერთი თვით ადრე, რუნიმ პირველად ითამაშა მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში და ყველა მიხვდა, რომ ევერტონმა სამართლიანად მოითხოვა ძალიან დიდი თანხა – სერ ალექს ფერგიუსონის კლუბმა ჩემპიონთა ლიგაში 6:2 გაანადგურა სტამბოლის ფენერბაჰჩე, დებიუტანტმა კი ჰეთ-თრიქი შეასრულა! ის გახდა იმ იშვიათთაგანი, რომლებმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ჩატარებულ პირველსავე მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.

ის კარგი ბიჭია, ძლიერია და ძალიან უყვარს თამაში. დასაწყისისთვის ეს თვისებები ყველაზე მნიშვნელოვანია, – სერ ალექს ფერგიუსონის მატჩისშემდგომი კომენტარიდან.

2004-05 წლების სეზონში რუნიმ პრემიერლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 11-ჯერ გამოიჩინა თავი და გაზაფხულზე 3 ინდივიდუალური ჯილდოც მოიპოვა: პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, გადაცემამ „დღის მატჩი“ სეზონის საუკეთესო გოლისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცა, პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ კი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარა.

აქ გამარჯვებისთვის მოვედი. მანჩესტერ იუნაიტედი დიდი კლუბია და დარწმუნებული ვარ, მალე ტიტულებსაც მოვიგებ, – უეინ რუნი.

თავდამსხმელს პირველსავე სეზონში შეეძლო ჯილდო მოგება, მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში რუნის მანჩესტერ იუნაიტედი ლონდონის არსენალთან დამარცხდა და უეინიც მხოლოდ ფინალისტის მედალს დასჯერდა.

2005-06 წლების სეზონში ოლდტრაფორდული კლუბი შედარებით ძლიერდება და რუნის პირადი მაჩვენებლებიც უფრო შთამბეჭდავი ხდება: პრემიერლიგაში 36 მატჩი და 16 გოლი, ინგლისის თასზე კი 7 თამაში და 2 ბურთი.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის უძლიერესი კლუბის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო ლონდონის ჩელსიმ, ლიგის თასი მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრება გახდა: „წითელმა ეშმაკებმა“ ფინალში უიგან ატლეტიკი 4:0 გაანადგურეს. რუნიმ დუბლი შეასრულა, მატჩის შემდეგ კი ფინალის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც გადაეცა.

2006 წლის გაზაფხულზე რუნის პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ასახელებენ; მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრების გამოკითხვის შემდეგ მას სერ მატ ბასბის სახელობის პრიზი გადაეცა – კლუბის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს; პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ზედიზედ მეორედ დაასახელა სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ, აი გულშემატკივრებმა კი პირველად აღიარეს წლის რჩეულად.

მალე ის მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში კი რუნის შეძენა ერთერთი საუკეთესო ტრანსფერი იქნება, – სერ ალექს ფერგიუსონის ინტერვიუდან.

მწვრთნელის ეს სიტყვები იმის მომასწავებელიც იყო, რომ კლუბი ფეხბურთელთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებდა და მალე ასეც მოხდა: მხარეები 2012 წლის ჩათვლით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

რუნის პოპულარობა იზრდებოდა და მსოფლიოში ცნობილმა საგამომცემლო სახლმა ჰარპერ & კოლინსმა ფეხბურთელს ზღაპრული ხელშეკრულება შესთავაზა, რომელსაც დათანხმდა კიდეც: 5 მილიონი გირვანქა მიიღო და გამომცემლობას 12 წელიწადში 5 წიგნის დაწერაში დახმარება აღუთქვა. რუნის შესახებ გამოცემული პირველი წიგნი – ჩემი ამბავი, რომლის ავტორიც ჰანტერ დევისი გახლავთ, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ გამოიცა. ჰარპერ & კოლინსის ავტორები პოპულარული ფეხბურთელის შესახებ უკვე მეორე წიგნს ამზადებენ.

მიყვარს ფანები, რადგან მათგან მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ. ევერტონის ქომაგების მესმის, მათ სურდათ, რომ მხოლოდ ამ კლუბში მეთამაშა, მაგრამ მგონი, ჩემ წასვლას როგორმე გადაიტანენ, – უეინ რუნი.

2006 წლის ივლისში რუნიმ საკუთარი ინტერნეტ-გვერდის შექმნა გადაწყვიტა და ოფიციალური მისამართის რეგისტრაცია მოინდომა, თუმცა აღმოჩნდა, რომ waynerooney.com და waynerooren.co.uk უელსელ მსახიობ ჰიუ მარშალს ჯერ კიდევ 2002 წელს შეეძინა. პრობლემა გაერთიანებული ერების მსოფლიო ინტელექტუალური რეზერვის დაცვის კომიტეტში სარჩელის შეტანის შემდეგ გადაწყდა – ინტერნეტ-მისამართი waynerooney.com ფეხბურთელს დაუმტკიცდა.

შემოდგომა ორი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა: 17 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში, დანიის კოპენჰაგენის წინააღმდეგ რუნიმ პირველად მოირგო კაპიტნის სამკლავური და მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდისთავი გახდა ევროტურნირებზე, თვის მიწურულს კი კომპანია კოკა-კოლასთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ფოტოები ქილებზე გამოისახება, ფეხბურთელის საბანკო ანგარიში კი ხსენებულ პერიოდში 25 მილიონი გირვანქით შეივსება. სხვათა შორის, რუნის გამოსახულებიანი კოკა-კოლას ქილები მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის დღეებშიც იყიდებოდა გერმანიაში, კოკა-კოლას მარკეტინგის სამსახურის კვლევით კი დადგინდა, რომ ევროპაში დაახლოებით 500 მილიონზე მეტი ასეთი ქილა გაიყიდა…

2006-07 წლების სეზონი რუნიმ ცუდად დაიწყო – პრემიერლიგაში ზედიზედ 10 მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა, თუმცა თებერვლისთვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო ინგლისელთა შორის.

2007 წლის 4 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში რომში წაგებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. ეს იყო რუნის პირველი გოლი ევროპის საკლუბო ტურნირებში ორწლინახევრის მანძილზე! უეინმა რომას კარი შინ, 7:1 მოგებულ მატჩშიც დალაშქრა, ნახევარფინალში მილანსაც გაუტანა ერთი გოლი, სეზონი კი 23 ბურთით დაასრულა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად კლუბის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი შეიქნა.

და რაც ყველაზე მთავარია, უეინ რუნი პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი – 3-წლიანი შესვენების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერლიგის პირველ საფეხურს დაუბრუნდა.

ჩემი ოცნება ყოველთვის ჩემპიონობა იყო და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ! ეს დღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოა! – ინგლისის 2007 წლის ჩემპიონი უეინ რუნი. ოლდტრაფორდელებს დუბლის შესრულებაც შეეძლოთ, მაგრამ ასოციაციის თასის ფინალში ჩელსიმ დიდიე დროგბას გოლით გაიმარჯვა და მანჩესტერელებიც 3 სეზონში მეორედ დაკმაყოფილდნენ ფინალისტობით.

2007 წლის 30 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა მანჩესტერ იუნაიტედის ნიდერლანდელი თავდამსხმელის რუუდ ვან ნისტელროის ტრანსფერი მადრიდის რეალში, რამდენიმე დღეში კი მანჩესტერელთა ლეგენდამ, დენის ლოუმ რუნის საზეიმო ვითარებაში გადასცა 10-ნომრიანი მაისური, რომელსაც სხვათა შორის, თავის დროზე თავად ატარებდა.

მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს უძლიერესი კლუბია და ეს მხოლოდ მახარებს. კარგი შემადგენლობა გვყავს და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გულშემატკივრებს დიდი გამარჯვებებით გავახარებთ, – უეინ რუნი.

სეზონის დასრულებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი, რუნის კლუბს კი კარგი შანსი აქვს გაზაფხული ორი ბრწყინვალე გამარჯვებით გაილამაზოს: მანჩესტერ იუნაიტედსა და ტიტულებს შორის სამად სამი მატჩია.

იცოდით?
…მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი ტომას უეინ რუნის და ჯენეტ მერი რუნის ოჯახში პირველი შვილია. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს – გრემი (დაიბადა 1987 წელს) და ჯონი (1990).

…ევერტონთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მომავალი ვარსკვლავი ლივერპულ სქულბოიზში და დინამო ბრაუნინგზში თამაშობდა.

…ბავშვობიდან გულშემატკივრობდა ლივერპულის ევერტონს, მისი საყვარელი ფეხბურთელი კი შოტლანდიელი ფორვარდი დანკან ფერგიუსონი იყო.

…უეინ რუნი BBC-მ 2002 წელს ბრიტანეთის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა, ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა სპონსორმა Barcley-მ კი თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა 2005 წლის თებერვალსა და დეკემბერში, 2006 წლის მარტში და 2007 წლის ნოემბერში.

…2003 წლის 12 თებერვალს, 17 წლის და 111 დღის უეინ რუნიმ პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ქვეყნის პირველი გუნდის მაისური მოირგო. მანამდე რეკორდი ჯეიმს პრინსეპს ეკუთვნოდა, რომელმაც ინგლისის ნაკრებში 1879 წლის 5 აპრილს 17 წლის და 253 დღის ასაკში ითამაშა.

…2006 წლის 4 აგვისტოს, ამსტერდამის ოთხთა ტურნირში პორტუსთან მატჩის დროს რუნიმ პორტუგალიელთა მცველ პეპეს სახეში იდაყვი ჩაარტყა. ამ ფაქტის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა რუნი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

…ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მაკედონიასთან 2:1 მოგებულ მატჩში რუნიმ გოლი გაიტანა. 17 წლისა და 317 დღის, ის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.

…ნაკრებში ასპარეზობის მანძილზე რუნიმ 3-ჯერ შეასრულა დუბლი და ყველა შემთხვევაში 2004 წლის ივნისში: 5 ივნისს, მანჩესტერში ისლანდიელებთან 6:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში; 17 და 21 ივნისს კი პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონატზე, შესაბამისად, შვეიცარიასთან (3:0) და ხორვატიასთან (4:2). აქვე გეტყვით, რომ რუნი ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

…უეინის საცოლე კოლინ მაკლაფლინი ხშირად ხვდება ბრიტანული ყვითელი პრესის ფურცლებზე – ფეხბურთელი-საქმრო ხომ ხშირად ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით. დღეს წყვილი ჩეშირის საგრაფოში, დაბა პრესტბერში ცხოვრობს 4,25 მილიონ გირვანქად შეძენილ სასახლეში. ამას გარდა, რუნის საკუთრებაშია მდიდრული ვილები ესპანეთში, მარბელიაში და ამერიკაში, ფლორიდის შტატში.

…ფეხბურთელს ძვირადღირებული კონტრაქტები აკავშირებს კომპანია Nike-თან, Nokia-თან, Ford-თან, გარდა ამისა, არის კომპიუტერული თამაშების ფიფა 06, ფიფა 07 და ფიფა 08-ის ოფიციალური სახე ბრიტანეთში. სხვათა შორის, რუნის საყვარელი კომპიუტერული თამაში ფიფა 07-ია. ის ხშირად ერთობა თანაკლუბელებთან, უესლი ბრაუნთან, ჯონ ოშისთან და რიო ფერდინანდთან ერთად.

უეინ მარკ რუნი
დაიბადა 1985 წლის 24 ოქტომბერს ინგლისის ქალაქ ლივერპულში
2002-04 წლებში ლივერპულის ევერტონის, 2004 წლიდან კი მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი
ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 2007; ინგლისის ლიგის თასი – 2006; ინგლისის სუპერთასი – 2007
ინდივიდუალური ტიტულები: ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (PFA) – 2005, 2006; ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (PFA, ფანები) – 2006; მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (FIFpro) – 2005; ბრიტანეთის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (BBC) – 2002
ინგლისის ნაკრებში: 42 მატჩი, 14 გოლი (2003 წლიდან)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian