ვარსკვლავები: ზვონიმირ ბობანი

ის 90-იანი წლების ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, რომლის თამაშის ცქერაც არ მოგბეზრდებოდა. ნიჭიერმა მოთამაშემ 9 წელი გაატარა მილანში და 4 სკუდეტო მოიგო, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა.
1998-99 წლების სეზონში, როცა მილანი ყველასთვის მოულოდნელად გახდა სერია ა-ს ჩემპიონი, ბობანი თამაშის ცქერა ერთ რამედ ღირდა: შავწითელთა შორის ხორვატი საუკეთესო იყო.
დღეს ის ფეხბურთს ჩამოშორებულია, თუმცა საყვარელი თამაშის გარეშე არ ცხოვრობს.
ზვონიმირ ბობანი ცხოვრებაშიც ისეთივე პირდაპირი და გულღიაა, როგორც ფეხბურთელობის დროს იყო.
ერთხელ, ხორვატიის და იტალიის ნაკრებთა მატჩის წინ ჟურნალისტმა ჰკითხა, ფავორიტი იტალიაა და როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მეტოქის ძლევასო. იცით რა პასუხი გასცა? ხორვატია იტალიას ხელოვნებაში რომ შეეჯიბროს, ნაღდად დამარცხდება, აი ფეხბურთში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
ზვონიმირ ბობანი, რომელმაც 34 წლის ასაკში დაასრულა სპორტული კარიერა, დღეს ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორია და დროგამოშვებით ლექციებსაც კითხულობს.

ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვართან, ხორვატიის პატარა ქალაქ იმოტსკში 1968 წელს დაბადებული ბობანი მალევე იქცა ლიდერად: 18 წლისა ზაგრების დინამოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი შეიქნა (2001 წელს მისი რეკორდი 17 წლის ნიკო კრანჩარმა გააუმჯობესა) და გუნდის ხელმძღვანელობით დაწყებული, ბაზის დარაჯით დასრულებული, უკლებლივ ყველას გული მოიგო.

ის თავიდანვე გამოკვეთილი 10 ნომერი იყო. ხორვატ ჟურნალისტთაგან ზოგი ეთანხმება ამ მოსაზრებას, სხვები – არა. მაგალითად, ბობანის პირველი მწვრთნელი, იუგოსლავიის ნაკრების ექს-ფორვარდი და ზაგრებელთა თავკაცი იოსიპ სკობლარი ახალგაზრდასთან მუშაობის პირველივე თვეს მიხვდა, რომ ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელთან ჰქონდა საქმე. მან თინეიჯერს საოცნებო პოზიციაზე მიუჩინა ადგილი და 10-ნომრიანი მაისურიც მოარგო: ის ნაღდი ათიანი იყო და დრომ ჩემი მოსაზრება განამტკიცა. სადაც კი წავიდა, ყველა გუნდში ჩინებულად ითამაშა“.

ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხორვატი არ იყო გამოკვეთილი „შემქმნელი“, ამ მოსაზრების დასტურად ბობანის მილანში დებიუტს იშველიებენ – ბალკანელს იტალიაში ფეხის მოკიდება გაუჭირდა.

ფაბიო კაპელოს ხშირად ვეკამათებოდი. მილანი 4-4-2 სისტემით თამაშობდა და მწვრთნელს არჩევანის შეცვლა არ სურდა. მან მხოლოდ და მხოლოდ ნახევარდაცვაში თამაში მომთხოვა და 10 ნომრის მოვალეობისგან გამათავისუფლამე რომ გამოკვეთილი გამთამაშებელი ვყოფილიყავი მილანში, ალბათ, გაცილებით მეტ ინდივიდუალურ ჯილდოს მოვიგებდი“, – ამბობს ბობანი.

სან სიროზე მისი ასპარეზობის პერიოდში სილვიო ბერლუსკონის გუნდმა 5-ჯერ გამოიცვალა მწვრთნელი, თუმცა ხორვატის სათამაშო პოზიციაზე ეს არ ასახულა.

ძაკერონისაც ვთხოვე გამთამაშებლად გამწესება, მაგრამ უარი მითხრა, – ბობანი.

…ფეხბურთზე მსჯელობისას ყველას უყვარს თქმა: ასე რომ არ ყოფილიყო, ეს რომ არ მომხდარიყო… ასეთი საუბარი განსაკუთრებით ხშირია იუგოსლავიის 20-წლამდელთა იმ გუნდის გახსენებისას, რომელმაც 1987 წელს ჩილეში გამართული ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

იუგოსლავიის სოციალისტურმა ფედერალურმა რესპუბლიკამ რამდენიმე ერის შვილები გააერთიანა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის აუხსნელი გადაწყვეტილებით, ნაკრების ხელმძღვანელობამ მომავალში სახელგანთქმულ რამდენიმე მოთამაშეზე თქვა უარი: სლავენ ბილიჩზე, ალენ ბოკშიჩზე, სინიშა მიხაილოვიჩზე… მიუხედავად ამისა, სამხრეთ ამერიკაში მაინც შესანიშნავი შემადგენლობა გაემგზავრა, სადაც ბობანის გარდა იგორ შტიმაცი, დავორ შუკერი, რობერტ იარნი, პრედრაგ მიატოვიჩი და რობერტ პროსინეჩკი ბრწყინავდნენ.

იუგოსლავიელებმა შემტევი ფეხბურთით ზედიზედ გაიმარჯვეს: ჯერ მასპინძლებს აჯობეს, შემდეგ ფავორიტ ბრაზილიას სძლიეს, ნახევარფინალში მათიას ზამერის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები დაამარცხეს, ფინალში კი დასავლეთგერმანელებს აჯობეს, რომელთა ლიდერი ანდრეას მიოლერი გახლდათ. იმ ფინალის 85-ე წუთზე ბობანმა გახსნა ანგარიში, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქემ მაინც გაათანაბრა. პენალტების სერიაში ზვონიმირმა გადამწყვეტი დარტყმა შეაგდო და იუგოსლავიაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

რამდენიმე წელიწადში ის გუნდი გაიზარდა, დაღვინდა და ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დიდებული თამაშით მოიგო: ერთ მატჩში საშუალოდ 3 გოლს იტანდა!

მაგრამ მალე იუგოსლავიაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა და ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. მის ნაცვლად შვედეთში, კონტინენტის პირველობაზე დანიამ იასპარეზა და მოიგო კიდეც თასი.

ზვონიმირ ბობანი: გავხდებოდით თუ არა ჩემპიონები? ძნელია ამის თქმა, ახლა უაზრობაა ამაზე ფიქრიუზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ მალე ხორვატიის ნაკრებში ასპარეზობის საშუალება მომეცაიუგოსლავიელთა შორის თამაში კარგი იყო, მაგრამ იმ გუნდში მხოლოდ იმიტომ ვირიცხებოდი, რომ სხვა გზა არ იყო.

ბობანი

„ის წიხლი“ – ზვონიმირ ბობანი ამ ინციდენტის შემდეგ ხორვატი გულშემატკივრების კერპი გახდა

…1990 წლის მიწურულს იუგოსლავიაში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან დაიძაბა: ხორვატები, ბოსნიელები, სერბები, სლოვენიელები – ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ბევრი თვლის, რომ იუგოსლავიიდან ხორვატიის გამოსვლას ზვონიმირ ბობანის ერთმა დარტყმამ დიდი ბიძგი მისცა. და ამ შემთხვევაში საფეხბურთო დარტყმაზე არაა საუბარი: სერბეთ-ხორვატული დერბის დროს, ბელგრადის ცრვენა ზვეზდას და ზაგრების დინამოს მატჩისას ტრიბუნაზე ჩხუბი ატყდა, მალე კი არეულობამ მოედანზეც გადაინაცვლა. ბობანის გარდა დინამოს ყველა მოთამაშე გასახდელისკენ გაიქცა, მოედანზე დარჩენილმა ერთადერთმა ხორვატმა ფეხბურთელმა კი სწორედ იმ პოლიციელს ამოარტყა ფეხი, რომელიც ზაგრებელ ფანს ხელკეტით სცემდა!

ბობანი: მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ რეალურად იმ დღეს მთელი ჩემი ცხოვრება სასწორზე შევაგდე: ის რეჟიმი რომ არ დამხობილიყო და იუგოსლავია არ დაშლილიყო, ალბათ, დიდხანს მომიწევდა ციხეში ყურყუტირატომ მოვიქეცი ასე? მხოლოდ ერთი მიზეზის გამო და მას ხორვატია ჰქვიასამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას!

წლების შემდეგ, როცა იუგოსლავია დაიშალა, ფეხბურთელი კი მილანში ბრწყინავდა, ერთ-ერთმა ხორვატმა ჟურნალისტმა ის პოლიციელი მოძებნა, ვისაც ბობანის წიხლი მოხვდა – ბოსნიელი აღმოჩნდა, რომელმაც არც ვინაობის გამხელა ისურვა და არც იმ ამბების გახსენება.

პატარა ბიჭი ვიყავი, სისხლი მიდუღდა, – ამბობს ხორვატთა შორის ერთ-ერთი უდიდესი ათიანი.

ბობანი იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბ მილანში 1991 წელს გადავიდა, ცრვენა ზვეზდა-დინამოს იმ ისტორიული მატჩიდან მალევე, მაგრამ სერია ა-ში არსებული ლეგიონერთა ლიმიტის გამო, მილანმა ერთი სეზონით ბარიში გაანათხოვრა. 1992 წლის ზაფხულში ზვონიმირი მილანს დაუბრუნდა, კლუბმა კი ამჯერად საფრანგეთის მარსელში განათხოვრება დაუპირა.

გაბრაზებულმა პრეზიდენტთან, სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრა ვითხოვე. გენერალური მენეჯერი არიედო ბრაიდა შემხვდა და მას ვკითხე, საბოლოოდ მიშვებთ, თუ ბოლოს და ბოლოს დამტოვებთმეთქი. რამდენიმე დღეში გიპასუხებო დაფრანგებთან გარიგება ჩაშალეს1992 წლის ზაფხულიდან მილანის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, – იხსენებს ფეხბურთელი.

1993 წლის შემოდგომით მილანი კვლავ ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩაერთო, თუმცა ზაფხულში მომხდარი რამდენიმე ცვლილებების გამო (გუნდი დატოვეს რუუდ გულიტმა და ფრენკ რაიკაარდმა, მარკო ვან ბასტენი კი კოჭის მორიგი ტრავმის გამო გაურკვეველი ვადით დააკლდა კლუბს) იმ სეზონში ფავორიტად არ ითვლებოდა. ასეთად იოჰან კრუიფის საოცნებო ბარსელონა სახელდებოდა.

ფინალში ბარსელონას სწორედ მილანი დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში იტალიელებს ფრანკო ბარეზი და ალესანდრო კოსტაკურტა დისკვალიფიკაციის გამო დააკლდათ, ბრაიან ლაუდრუპი და ჟან-პიერ პაპენი კი ტრავმირებულნი იყვნენ.

მთავარ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს ტრადიციული ტაქტიკური სქემის შეცვლა მოუხდა და ეს იძულებითი ნაბიჯი მილანს მხოლოდ წაადგა – ნახევარდაცვის ცენტრში გამწესებულმა დეიან სავიჩევიჩმა და ზვონიმირ ბობანმა დაუვიწყარი გამარჯვება გამოჭედეს – მილანმა 4:0 მოიგო! ესპანელთა მეკარე ანდონი სუბისარეტამ იტალიელთა თამაში ერთადერთი სიტყვით შეაფასა – უნაკლო.

ბედის ირონიაა, რომ ფეხბურთელმა, ვინც ყოველ მატჩში ამტკიცებდა ქვეყნის სიყვარულს, გუნდი ძალიან მნიშვნელოვან მომენტში დააღალატა: მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატია ტურნირის მასპინძელ საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა.

და რით იყო ის ნახევარფინალი დასამახსოვრებელი? სლავენ ბილიჩის და ლორან ბლანის ჩხუბით, ხორვატთა დაწინაურებით და… ლილიან ტურამის დუბლით: მცველმა, რომელმაც საერთო ჯამში 142-ჯერ ითამაშა საფრანგეთის ნაკრებში, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ორივე ხორვატებთან იმ დღეს!

თამაშის შემდეგ დამარცხებულთა ნაკრების თავკაცმა მიროსლავ ბლაჟევიჩმა თქვა: გადამწყვეტი ის 2 წამი გამოდგა, როცა ბობანმა კონცენტრაცია დაკარგა.

ხორვატები დავორ შუკერის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა რამდენიმე წუთში ანგარიში გათანაბრდა: ბობანმა საკუთარ საჯარიმოსთან, ტურამთან ჭიდილში დაკარგა ბურთი და რამდენიმე წამში ტაბლოზე უკვე 1:1 ენთო. მერე მცველმა მეორე გოლიც გაიტანა… საფრანგეთი – 2, ხორვატია – 1…

მილანი

ზვონიმირ ბობანი, მარკო ვან ბასტენი და დემეტრიო ალბერტინი 1994 წელს, ათენში, ბარსელონასთან მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ

ზვონიმირ ბობანი: ის მომენტი ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომაა. იმ წუთებს რომ ვიხსენებ, ახლაც მიფუჭდება გუნებაკიდევ კარგი მესამე ადგილისთვის თამაში მოვიგეთ. ასე რომ არ მომხდარიყო, ტვირთი გაცილებით დამიმძიმდებოდა. ჩემთვის, როგორც ხორვატისთვის, საფრანგეთში მოპოვებული ბრინჯაო გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მილანის შემადგენლობაში მოგებული 4 სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა.

2001-02 წლების სეზონის დასაწყისში ზვონიმირ ბობანმა მილანი დატოვა და ესპანეთში, ვიგოს სელტაში გადავიდა, თუმცა პრიმერადივიზიონში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა და კარიერაც დაასრულა.

სელტაში გადასვლა უკანგადადგმული ნაბიჯი იყო და ამას ძალიან მალე მივხვდი, – ზვონიმირ ბობანი.

2002 წლის ზაფხულში, ზაგრებში, სტადიონ მაქსიმირზე ბობანის გამოსათხოვარ მატჩში ხორვატიის ნაკრები ვარსკვლავთა გუნდს შეხვდა. ფეხბურთელის ახლო მეგობარი, ჩოგბურთელი გორან ივანიშევიჩი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და მალე გოლიც გაიტანა. მატჩის მთელი შემოსავალი ბობანმა იმ ბავშვთა სახლს გადაურიცხა, საიდანაც მან და მისმა იტალიელმა მეგობარმა ლეონარდამ პატარა მარიჯა იშვილეს.

ერთი წლით ადრე, უიმბლდონის ფინალის წინ, ბობანმა ივანიშევიჩს მისწერა: „რაფტერზე უკეთესი ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მომიგებ“. ის ფინალი ხორვატის ტრიუმფით დასრულდა…

გორან ივანიშევიჩი და ზვონიმირ ბობანი დროგამოშვებით თამაშობენ ჩოგბურთს, დაღლილები კი ზაგრებში, ფეხბურთელის კუთვნილ „ბობან ბარს“ სტუმრობენ. რამდენიმე წლის წინ, როცა დიეგო მარადონა ხორვატიაში ჩავიდა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დიად არგენტინელს სწორედ ბობანთან უმასპინძლა.

მწვანე მინდორთან განშორების შემდეგ ბობანის ცხოვრებაში არანაკლებ საინტერესო პერიოდი დაიწყო – ზაგრების უნივერსიტეტში ჩააბარა, 4 წლის შემდეგ კი დისერტაცია დაიცვა თემაზე „ქრისტიანული რელიგია რომის იმპერიაში“.

ბევრი თვლიდა, რომ ექს-ფეხბურთელის მომდევნო ნაბიჯი პოლიტიკა იქნებოდა, თუმცა მან სხვანაირად გადაწყვიტა: ხორვატიის ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემის სპორტსკე ნოვოსტის მესვეტე გახდა, პარალელურად კი იტალიურ გაძეტა დელო სპორტში აქვეყნებდა წერილებს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორვატიის სპორტული მედია პროფესიულ დონეზე აშუქებდეს საფეხბურთო მოვლენებს და მხოლოდ ფეხბურთელების შესახებ გავრცელებული ჭორებით არ შემოიფარგლებოდეს“, – ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი.

ხორვატიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეათე ნომერს კლასიკოსი მწერლებიც ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი ორი დიდი რუსის, ფიოდორ დოსტოევსკის და ანტონ ჩეხოვის შემოქმედება მოსწონს.

მომავალი?

დღეს ის ხორვატიის სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ეხმარება და თუ მის თანამემამულე ჟურნალისტებს ვენდობით, მალე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც გახდება. თუ ასე მოხდა, ხორვატიის ნაკრები ალბათ, კიდევ ერთხელ გააოცებს საფეხბურო სამყაროს.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2009)

ka_GEGeorgian