ვარსკვლავების სამჭედლო – ლა მასია
ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მისმა 7 ფეხბურთელმა კი შარშან, სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთ ისტორიაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ყველა ჩემპიონი ბარსელონამ აღზარდა – ფაქტი, რომელსაც კომენტარი არ სჭირდება.
ლა მასია – რეზიდენცია. დაახლოებით ასე ითარგმნება კატალონიური კლუბის საფეხბურთო აკადემიის სახელი, რომელიც 1980 წელს XVIII საუკუნის შენობაში გაიხსნა.
იქ მოხვედრა ფეხბურთზე შეყვარებული ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა, თუმცა ლა მასიას კარი მხოლოდ რჩეულთათვის იღება – სამსართულიან შენობაში ის ბიჭები ცხოვრობენ, რომლებმაც უმკაცრესი შემოწმება გაიარეს და გარდა იმისა, რომ ბურთთან დამეგობრება სურდათ, არც სხვა სასკოლო საგნებში შეირცხვინეს თავი.
ლა მასიაში 10-დან 17-წლამდე ასაკის 24 ფეხბურთელი ცხოვრობს, მათი 36 თანატოლი კი იქვე, ორი წუთის სავალზე, პირდაპირ კამპ ნოუზე ემზადება დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. წლეულს საფეხბურთო აკადემიის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდება და ყველა ერთად მოიყრის თავს, მანამდე კი ცხოვრება ჩვეული რიტმით გრძელდება.
60 მოთამაშისთვის აკადემიაში იდეალური პირობებია შექმნილი, თუმცა დისკომფორტზე ვერც ის 500-მდე ბავშვი დაიწუწუნებს, ბარსელონის სხვადასხვა საფეხბურთო სკოლებში რომ ვარჯიშობს.
აკადემიას თავის წესები აქვს, რომელთა დაცვა ყველას ევალება – დირექტორით დაწყებული, დამწყები მოსწავლით დამთავრებული.
ერთ-ერთი უმთავრესი წესი სტუმრების მიწვევისგან თავის შეკავებაა: ბიჭებს ამხანაგების მიპატიჟება აკრძალული აქვთ. რაც შეეხებათ მშობლებს, მათ შვილების მონახულება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მაგრამ როგორც წესი, ისინი მწვრთნელ-პედაგოგების რჩევას ითვალისწინებენ და ძალიან არ აქტიურობენ. რაც შეეხება ლა მასიას არაესპანელ აღსაზრდელებს, პატარა ლეგიონერებს მშობლები წელიწადის მანძილზე 2-3-ჯერ თუ ინახულებენ – ყველა შემთხვევაში მათი მგზავრობის და ქალაქში ცხოვრების ხარჯებს კლუბი იხდის. ისიც სათქმელია, რომ მოზარდები ინტერნეტით სარგებლობაშიც შეზღუდულნი არიან: ელექტრონული ფოსტის, სკაიპის და სხვა საკონტაქტო საშუალების გამოყენების უფლება მხოლოდ მაშინ აქვთ, როცა შესაბამის საგანში უტარდებათ გაკვეთილი.
ლა მასიას საკუთრებაა 9 სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი, რომელთაგან 2 ხელოვნურსაფარიანია. რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს, მათში ყველაზე მთავარია საფეხბურთო აზროვნების განვითარება და ბურთით ვარჯიში. და ცხადია, ხშირი პრაქტიკა – თამაში.
ბარსელონის სპორტული დირექტორის მოადგილის და აკადემიის ერთ-ერთი კურატორის პაკო მარტინესის თქმით, მათი მოსწავლეებიდან უკლებლივ ყველა თამაშობს: „გამორიცხულია, რომ რომელიმე მუდმივად სათადარიგოთა სკამზე იჯდეს ან რამდენიმე წუთით გამოჩნდეს – ყველა ჩართული უნდა იყოს ფეხბურთში, ბურთთან ურთიერთობა რომ დახვეწოს და მწვრთნელების მითითებები მაქსიმალურად კარგად შეასრულოს“.
აკადემიის დაარსების დღიდანვე მკაცრადაა აკრძალული 15-წლამდეთა ფიზიკურად დატვირთვა – როგორც წესი, ამას შემდგომ წლებში ექცევა ყურადღება, როცა მოზარდის სხეული საამისოდ მზადაა.
ცხადია, ლა მასიას ყველა აღსაზრდელს ექიმები ამოწმებენ – სამედიცინო პერსონალი თითოეულ მოსწავლეს აკვირდება და მწვრთნელებიც მხოლოდ მათ რჩევებზე დაყრდნობით ადგენენ ვარჯიშებს.
ექიმების გარდა აკადემიაში ფსიქოლოგებიც მუშაობენ: როცა ბავშვი ოჯახურ გარემოს წყდება, მას პრობლემები ექმნება და არავის უკვირს, რომ ბიჭს ერთ-ორ კვირაში, შესაძლოა, მშობლები და მეგობრები მოენატროს, სწავლაზე გული აუცრუვდეს და…
კარლოს ფოლხერას, აკადემიის ხელმძღვანელს აღმზრდელობით დარგში, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ანდრეს ინიესტას მაგალითი მოჰყავს: „ის ალბასეტესთან ახლოს, პატარა სოფელში დაიბადა, ჩვენთან კი 12 წლისა მოხვდა. მკაცრ რეჟიმს მიჩვეული არ იყო და 14 წლამდე მშობლებს ლამის ყოველ კვირა ურეკავდა და წაყვანას სთხოვდა. ფსიქოლოგები დიდხანს მუშაობდნენ მასთან და საბოლოოდ, პრობლემა მოაგვარეს. არადა, ასე რომ არ მომხდარიყო, ინიესტას დავკარგავდით. და ხომ ხვდებით რაც მოხდებოდა – მერე ვინ გაიტანდა გოლს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში“?
დღეს აკადემიის მოსწავლეთა 35% უცხოელია. ლა მასიაში სწავლობენ კამერუნელი, სენეგალელი, ნიგერიელი, დომინიკელი, შვედი, უნგრელი, ბრაზილიელი და არგენტინელი ბიჭები.
ისინი ბარსელონაში მსოფლიოს მოდებული სელექციონერების რეკომენდაციით მოხვდნენ. როგორც წესი, გამორჩეულ ბავშვს თავდაპირველად კლუბის წარმომადგენელი ეცნობა, აკვირდება და შემდეგ უკავშირდება ლა მასიას ხელმძღვანელობას. არის მეორე ვარიანტიც, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიყენება: თუ მშობელი თვლის, რომ მის შვილს ტალანტი აქვს, ვიდეორგოლს და წერილს საფეხბურთო კლუბს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით უგზავნის. თუ ჩათვალეს, რომ ბიჭის საქმეში ნახვა ღირს, პასუხი არ დააყოვნებს.
უკანასკნელი ეტაპი მკაცრი შემოწმებაა და თუ კანდიდატი ამ ბარიერსაც გადალახავს, აკადემიაში ირიცხება.
ლეო მესი ყურადღებიანი სელექციონერის წყალობით მოხვდა ლა მასიაში. ეს თითქმის 10 წლის წინ მოხდა. ძალიან წარმატებულმა გარიგებამ ბარსელონას არგენტინაში საფეხბურთო სკოლის დაარსება გადააწყვეტინა: 2007 წელს, ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს, ბარსამ არგენტინული ატლეტიკო ლუხანისგან ლიცენზია შეიძინა და მის ბაზაზე მცირე ხანში ბარსელონა ხუნიორს დე ლუხან დააარსა. სკოლის ხუთმა აღსაზრდელმა უკვე ითამაშა არგენტინის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში, ერთ-ერთი მათგანი, მაქსი როლონი კი გასულ ზაფხულს ლა მასიაშიც ჩაირიცხა.
აკადემიის დაახლოებით რამდენმა აღსაზრდელმა ითამაშა დიდი ფეხბურთი?
ლა მასიას ხელმძღვანელები ყველაფერს აკონტროლებენ, ხოლო თუ განვლილ წლებს პროცენტებში გადავიყვანთ, ერთი შეხედვით მოულოდნელ სურათს მივიღებთ: საბოლოო ჯამში, ბიჭების მხოლოდ 10-15% რჩება ფეხბურთში და მათგან ნახევარი თუ ახერხებს პრიმერადივიზიონის კლუბებში დამკვიდრებას. დანარჩენები უცხოეთში ან სეგუნდადივიზიონში ნაწილდებიან.
„ეს რომ ვიცით, სწორედ ამიტომ ვითხოვთ ბიჭებისგან კარგად თამაშის გარდა კარგად სწავლასაც. აკადემიის მთავარი მიზანი ძლიერი ფეხბურთელის აღზრდა კი არა, განათლებული ადამიანის ჩამოყალიბებაა. ამიტომაც, თუ ბიჭი ფეხბურთს კარგად თამაშობს, მაგრამ ვერ სწავლობს, მას ვსჯით – ვარჯიშებს ვუკრძალავთ და არც ტურნირებზე გაგვყავს. აკადემიის მოსწავლეთათვის გუნდის მიღმა დარჩენაზე დიდი სასჯელი არ არსებობს! არ გვინდა, რომ ჩვენგან ვინმე უცოდინარი წავიდეს – ცხოვრება ხომ მხოლოდ ფეხბურთი არაა“, – ამბობს კარლოს ფოლხერა.
ვერ გეტყვით, რას მიაღწიეს მათ, რომლებმაც ფეხბურთელობას სხვა პროფესია არჩიეს, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლას ლა მასიაში 6 წლის მანძილზე სწავლა და ფეხბურთში დარჩენა რომ არ უნანია, ნათელია: ის აკადემიის 1989 წლის გამოშვებიდანაა. მალევე იქცა იოჰან კრუიფის დიდი გუნდის ნახევარდაცვის ბურჯად, უამრავი ტიტული მოიგო, 2008 წლის ზაფხულში კი უკვე მთავარი მწვრთნელის ამპლუაშიც მოგვევლინა. ამას რაც მოჰყვა, ყველა კარგად ვხედავთ. ახლახანს გვარდიოლამ, რომელმაც არასრულ 3 სეზონში 8 ტიტული მოუტანა ბარსას, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა…
ასევე ლა მაისიას კურსდამთავრებულია გვარდიოლას თანაშემწე ტიტო ვილიანოვა. იგივე ითქმის ბარსელონის ფიზმომზადების მწვრთნელზეც. ლა მასიას დღევანდელი ხელმძღვანელი გილერმო ამორიც კლუბის აღზრდილია – 1984 წლის გამოშვებაა…
ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებზე აღარაფერს ვამბობთ: ვიქტორ ვალდესი, ჟერარ პიკე, კარლეს პუიოლი, ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ლეო მესი, პედრო როდრიგესი, ბოიან კრკიჩი – ეს ბიჭები ლა მასიადან მოდიან.
* * *
…2007 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება და მოთამაშეთა კატალოგიზაცია დაიწყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ, ეს პროცესი დროებით შეჩერდა.
დღესდღეობით სფფ-ში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ბავშვთა ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება და ამ სფეროს განვითარება ევალება. კომისიას ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა ხელმძღვანელობს.
ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს პირველი ეტაპი, რის შემდეგაც ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება დაიწყება: იმ სასწავლებლებს, რომლებიც სფფ-ს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ბავშვების მიღების უფლება აღარ ექნებათ და რაც მთავარია, ვერც ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში იასპარეზებენ.
ლიცენზიის მოსაპოვებლად არაერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო: სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედნის ქონით დაწყებული, მსაჯთა ოთახის კეთილმოწყობით დასრულებული. ცხადია, არაფერს ვამბობთ გასახდელებზე, საშხაპეებზე, საფეხბურთო ინვენტარიზაციაზე და რა თქმა უნდა, კვალიფიციურ მწვრთნელებზე.
ამ წერილის მიზანი არაა ქართული საფეხბურთო სკოლების და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის საფეხბურთო აკადემიის შედარება. ამაზე საუბარი არც ღირს: ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა.
უბრალოდ, იმის თქმა გვინდა, რომ სწორი მიდგომით სასურველი შედეგი ჩვენთანაც აუცილებლად დადგება. შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ზეგ – აუცილებლად.
მთავარი იმ ადამიანების კეთილი ნებაა, რომლებსაც ბავშვთა ფეხბურთი აბარიათ. თუ ამ სფეროს აქედანვე არ მიექცა ყურადღება, 15-20 წლის შემდეგაც იგივე სიტუაცია იქნება – ერთი-ორი გამართული სკოლის გარდა უამრავი ფსევდო-საფეხბურთო სექცია, ვარჯიში ყანაში, დროგამოშვებით მსუბუქად შეზარხოშებული მწვრთნელები და გულისმომკვლელი სიტყვები: ფული კიდევ არ მოგიტანია? ათი კრუგი. მალე!
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011)