ველოტრაგედია პოლონეთში

პოლონეთის ტურის III ეტაპზე შუადღით დაშავებული ბიორგ ლამბრეხტი ახლახანს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს საშინელი ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს საინფორმაციო საშუალებებმა.

ლოტო-სუდალის 22 წლის ველომრბოლი ერთ-ერთ მოსახვევში დიდი სიჩქარით მოსრიალდა, წყალგამტარ არხში გადავარდა და მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

„წარმოუდგენელი ტრაგედიის წუთებში ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და ველოსპორტის ყველა გულშემატკივარს. მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია“, – ნათქვამია ლოტო-სუდალის ოფიციალურ განცხადებაში.

ბიორგ ლამბრეხტი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ბელგიელ ველომრბოლად ითვლებოდა. მან რამდენიმე ასაკობრივი ტიტული მოიგო, შარშან კი 23-წლამდელთა საგზატკეცილო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლს დაეუფლა.

პოლონეთის ტური 3 აგვისტოს დაიწყო კრაკოვში და 9 აგვისტოს, VII, სამთო ეტაპით დასრულდება ბუკოვინა ტატრზანსკაში.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 აგვისტო)

ka_GEGeorgian