ვენეციაში (I ნაწილი)

ჯერ ის, თუ როდის შევიტყვე ვენეციის შესახებ.
80იანი წლების მიწურულს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით
რევაზ თაბუკაშვილის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებდნენ ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელ ნივთებზე, მათ შორის ხატებზე და სხვადასხვა საეკლესიო სიწმინდეებზე.
ბატონი რეზო ბევრ ქვეყანაში ეძებდა საუკუნეების მანძილზე გაფანტულდატაცებულ საგანძურს. მათ კვალზე დამდგარი იტალიასაც ესტუმრა და რამდენიმე საათით ვენეციაშიც ჩავიდა.

წყალზე გაშენებული ამ კოხტა ქალაქის შესახებ პირველად სწორედ მისი ერთ-ერთი ფილმიდან შევიტყვე. 10 ან 11 წლის ვიქნებოდი, მაგრამ მახსოვს, ძალიან გამიკვირდა და კარგა ხანს ვფიქრობდი ნეტავ როგორია ქალაქი, სადაც სახლები წყალზე დგას და ხალხიც მხოლოდ ნავებით დადის-მეთქი. არც მანქანები, არც ტრამვაი-ტროლეიბუსები… მოკლედ, დიდ გასაჭირში ვიყავი.

მერე უფროსებსაც ვკითხე და ერთმა პასუხმა საერთოდ გამაოგნა: ვენეცია ნელ-ნელა იძირებაო. ეუფ! საფიქრალი გამიათმაგდა: თუ იმ დალოცვილებმა იციან რომ ქალაქს მალე წყალი დაფარავს, ისევ იქ როგორ ცხოვრობენ, რატომ სასწრაფოდ არ გარბიან-მეთქი. ჩემი ბავშვური წარმოდგენით, ვენეცია თვალწინ ჩადიოდა წყალში… მოკლედ, ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდი და ის ფიქრები ლამის მთელ ზაფხულს გამყვა, სკოლის დაწყებამდე…

იმ სატელევიზიო ფილმიდან კიდევ ის დამამახსოვრდა, რომ ქართველმა მომღერლებმა (თუ არ ვცდები ანსამბლი რუსთავი იყო აწ განსვენებული ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით) ვენეციის მთავარ მოედანზე, პიაცა სან მარკოზე (ეს სახელი მოგვიანებით გავიგე) სახელდახელო კონცერტი მოაწყვეს. ფილმის ავტორის ხავერდოვანი ხმით ნათქვამიც მახსოვს: ასეთი რამ, როგორც წესი, არ ხდება, მაგრამ ვენეციის მერის, ჩვენი დიდი მეგობრის, პატივცემული სენიორის, ამის და ამის საგანგებო უფლებით ქართულ ანსამბლს სიმღერის უფლება დართესო…

უცხოეთის შესახებ გამოცემული წიგნები და მომზადებული გადაცემები ბავშვობიდან მიზიდავდა და ბატონი რეზოს ფილმიც ამიტომ დამამახსოვრდა ასე მკაფიოდ.

წლების შემდეგ ვენეციის შესახებ სხვა ვიდეორგოლები და ტურისტებზე გათვლილი ტელეჟურნალები ვნახე, წიგნებიც წავიკითხე, ბუკლეტები და რუკები ხომ თავზესაყრელად დამიგროვდა.

ნანახით და წაკითხულით ერთ რამეს მივხვდი: იტალიის ეს ულამაზესი ქალაქი, ადრიატიკის ზღვის დედოფლად რომ მოიხსენიებენ, სხვები კი ხიდების ქალაქს, არხების ქალაქს ან ნიღბების ქალაქს უწოდებენ, აუცილებლად უნდა მენახა.

იტალიაზე ხომ თინეიჯერობიდან გადავირიე (ეს ამბავი ფეხბურთის დამსახურებაცაა და მათ შორის 1990 წელს აპენინებზე გამართული მსოფლიო ჩემპიონატის) და ვენეციაც მთავარ სამიზნეთა შორის ჩაჯდა.

ჩემს საყვარელ ქვეყანაში პირველი სტუმრობისას ჩრდილოეთისთვის ვერ მოვიცალე: მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ტოსკანა და ამ ულამაზესი მხარის ზღაპარ-ქალაქები მოვიარე. მერე სხვა ქვეყნების ჯერი დადგა, ახლო წარსულში კი, კოვიდამდელი ცხოვრების მიწურულს, ოცნება ამიხდა და ბოლოს და ბოლოს ვენეციაც მოვინახულე.

იტალიას კვლავ მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ვესტუმრე ზედმიწევნით ზუსტად გაწერილი გრაფიკით.

ოღონდ: თუ სხვები ერთი დღით გაჩერდნენ ვენეციაში, ჩვენ ორი დავამატეთ. და ამ სამი, ულამაზესი და დაუვიწყარი დღის განმავლობაში ეს ქალაქი, ასევე ვენეციის კუნძულები მურანო და ბურანო ფეხით მოვიარეთ და სამუდამოდ შეგვიყვარდა! მე – განსაკუთრებით (რაც შეეხება ათასფერ მურანო-ბურანოს, ამ ორზე ცოტა მოგვიანებით დავწერ).

ჩვენი სასტუმრო ვენეციაში იდგა, ოღონდ ქალაქის იმ ნაწილში, ხმელეთზე რომ მდებარეობს. და ჩვენც ყოველ დილით ცალრელსიანი ტრამვაით ვმგზავრობდით ტურისტებით სავსე ქალაქის გულში, საღამოს კი სასიამოვნოდ დაღლილები ვბრუნდებოდით.

პირველ დილას, სასტუმროდან რომ გამოვედი, ჟინჟლავდა და ვიფიქრე, იქ თუ იწვიმა, სეირნობა ჩამშხამდება-მეთქი. ბოლო გაჩერებამდე დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ და ტრამვაიდან გადმოსულს და პირველ ხიდზე დამდგართ, უკვე თაკარა მზე გვაცხუნებდა. გაგვიმართლა!

ხიდი რომ გადავიარეთ და ქალაქში აღმართული ათობით ტაძრიდან ერთ-ერთის ღია მწვანე-ცისფერმა გუმბათმა შემომანათა, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა – პირველი შთაბეჭდილება ძალიან მძაფრი და ეფექტური იყო!

იქვე, ხიდთანვე ავიღეთ სამგზავრო ბილეთები –  48საათიანი და ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურეთ.

ბილეთზე აქვე დავწერ: ის ყველა ტრანსპორტით მგზავრობის საშუალებას იძლევა – ვენეციის არხებში ავტობუსის მსგავსად სხვადასხვა მარშრუტზე მოძრავი კატერით – ვაპორეტოთი, მურანო-ბურანოს ხაზზე მოარული გემით, ასევე ჩვენს სასტუმრომდე მიმავალი მონორელსიანი ტრამვაით. ბილეთის გააქტიურებიდან 48 საათის განმავლობაში ყველა ზემოხსენებული ტრანსპორტით სარგებლობა შეგიძლია.

და გონდოლები? ცხადია არა. ვენეციის ერთ-ერთი სიმბოლო ტურისტებზეა გათვლილი და თუ მასზე გასეირნება გსურს, სხვა ფასს იხდი, გაცილებით მეტს. ისევე როგორც ოთხი-ხუთ კაცზე გათვლილი კატერების (ვაპორე) დაქირავებისას…

ახლა გემრიელობები: ნაყინი და შოკოლადი თუ გიყვართ, იტალია ზედგამოჭრილია! ქალაქის მთავარი არხის დასაწყისში, ერთ-ერთ პირველივე გელატერიაში ცხელშოკოლადმოსხმული კარგა მოზრდილი ნაყინი ვიყიდე და რამდენიმე წამით ვიფიქრე სიზმარში ვარ-მეთქი: დიდებული ამინდი, პატარა გემები და კატერები, ტურისტებით სავსე სანაპიროები, ხიდები, ულამაზესი შენობები… იქვე მე განუყრელი ფოტოაპარატით და… გელატო-ჩოკოლატოთი!

ამ ამბავში საუკეთესო ის იყო, რომ ეს ყველაფერი სიზმარი კი არა, ცხადი იყო!

თუ არ გეჩქარებათ და ვენეციას რამდენიმე დღით სტუმრობთ, რკინიგზის სადგურიდან სან მარკოს მოედნამდე ფეხითაც მშვენივრად მიხვალთ. გზის დაკარგვის და 160(!) არხის არ შეგეშინდეთ – გრანდ კანალის გარდა სხვა, ვიწრო არხებშიც ბლომადაა ხიდები და გზას ადვილად გაიკვლევთ.

ჩვენ მცირე ხანში ვაპორეტოზე ავედით და იმ ვენეციისკენ გავეშურეთ, სატელევიზიო გადაცემებიდან და ჟურნალებიდან რომ ვიცნობდი – პიაცა სან მარკო ულამაზესია და არცაა გასაკვირი, რომ არაერთ ფილმშია აღბეჭდილი, მათ შორის ჩემს ფავორიტ ჯეიმს ბონდის, ანუ ბონდიანის რამდენიმე სერიაში.

დოჟების სასახლის გვერდით მდგარი წმინდა მარკოზის (სან მარკო) ტაძარი კი, სხვისი არ ვიცი და ჩემთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებაა: გამორჩეული არქიტექტურა, ულამაზესი მოზაიკები და მოოქროვილი გუმბათი! გული დამწყდა, რომ მისი გადაღების საშუალება არ მომცეს – ტაძარში რომ შევედით, მკაცრად გაგვაფრთხილეს ფოტოაპარატით სარგებლობა აკრძალულიაო. მობილურის კადრები კი, არ დავმალავ, ნაკლებად მიზიდავს.

სან მარკოს მნახველთა გვარიანად დიდ რიგში ჩადგომამდე პირადი ნივთები საგანგებო დარბაზში შეგვანახინეს – ტაძარში ხომ აუარება საგანძური ინახება, უმეტესობა ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლიდან გაზიდული! ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები და თვალ-მარგალიტით შემკული სინები და თასები ხელის გაწვდენაზე კია, მაგრამ თითოეულს ყურადღებით დარაჯობენ, მათ შორის ვიდეოკამერით, და ამიტომ ხელმრუდობა გამორიცხულია.

ყველაზე შთამბეჭდავი და ძვირფასი კი საკურთხეველთან დავანებული გრანდიოზული მთავარი ხატი იყო. სამი მეტრი სიგანის და ორი მეტრი სიმაღლის პალა დორო ასობით ძვირფასი ქვითაა დამშვენებული – ლალით, ძოწით, მარგალიტით, ფირუზით, ტოპაზით… ხატი მინანქარშია შესრულებული, ხოლო მთლიანად ოქროს და ვერცხლის ფურცლებითაა დაფარული.

ვენეციისთვის არც წყალდიდობებია უცხო. ზამთარში და ადრიან გაზაფხულზე, როცა წყლის დონე საგრძნობლად, იშვიათად კი რამდენიმე მეტრით იწევს, ფეხით გავლა შეუძლებელი ხდება და ასეთ დროს ქალაქში ტურისტული ცხოვრება კვდება. ამასთან დაკავშირებით გიდმა გვითხრა: იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა მარკოზის ტაძარში უამრავი ძვირფასეულობაა, წყალდიდობის დროს ყველა შესასვლელი დამატებითი, წყალგაუმტარი კარებით იკეტება. ეს მოწყობილობა რამდენიმე ათეული წლის წინ დაუმონტაჟებიათ, მანამდე ტაძრის მცველებს სტიქიის დროს გვარიანი შრომა უწევდათო.

ეს დიდებული ნაგებობა წმინდა მარკოზის სახელობის მოედნის ერთადერთი ხიბლი არ არის: დოჟების სასახლე, სამრეკლო (XVI საუკუნის შენობა 1902 წელს ჩამოინგრა და ის, რაც ახლა გადმოჰყურებს მოედანს, 1912 წელსაა აგებული), ღია რესტორნები ცოცხალი მუსიკით, მურანოს და ბურანოს სახელოვან შუშის საამქროთა საოცარი ნაკეთობებით და ულამაზესი სუვენირებით გამოვსებული პატარ-პატარა მაღაზიები და… მტრედები! მათ საკენკს კონკრეტული ჯგუფი ყიდდა. რამდენიმე ევროს სანაცვლოდ კარგა მოზრდილ შეკვრას გაძლევდნენ და მერე შენს მარიფათსა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენ და როგორ ფოტოებს გადაიღებდი მტრედებთან  გარემოცვაში.

ერთიც სან მარკოზე და სხვაგან გავეშუროთ: წმინდა მარკოზი იესოს ერთ-ერთი მოწაფე გახლდათ, სამოცდაათთაგანნი და ჩვენამდე მოღწეული ოთხიდან ერთი სახარების ავტორია. ვენეციის მფარველად კი იმიტომ ითვლება, რომ მოწამეობრივ აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე იქ იქადაგა, IV საუკუნეში მისი წმინდა ნაწილები ქალაქში დაკრძალეს, სადაც შემდეგ ეს დიდებული ტაძარი ააგეს.

წმინდა მარკოზს ლომის სახითაც გამოსახავენ, რაც ქრისტეს ძლიერებასა და სამეფო ღირსებაზე მიანიშნებს და ამიტომაა, რომ პიაცა სან მარკოს ყველა ნაგებობას ლომის ქანდაკება ამშვენებს. ვენეციის პრესტიჟული კინოფესტივალის გრან პრიც სწორედ ამიტომაა ოქროს ლომი…

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე
ჩემივე ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ვენეცია, იტალია; 2019 წლის 3-5 ოქტომბერი

ka_GEGeorgian