Veni Vidi Vici

ლუჩანო სპალეტის ეს მშვენიერი ნაპოლი მეორედ ეწვია რომს და შინ კვლავ გამარჯვებული დაბრუნდა – 1:0 ვიქტორ ოსიმენის მშვენიერი გოლის წყალობით.
ნეაპოლელთა ნიგერიელმა შემტევმა ლამის ყველა ბეჭდური თუ ონლაინ გამოცემისგან უმაღლესი შეფასება მიიღო და ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან გუშინ მან ჩინებულად ითამაშა, საგოლე ეპიზოდში კი უბრალოდ უნაკლო იყო: ბოლომდე იბრძოლა და თავდასხმა ფანტასტიკური დარტყმითაც დააგვირგვინა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, რომში ნაპოლის პირველი სტუმრობისას, ლაციოსთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში, ის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, გუშინ კი ასე არ მოხდა. საგანგაშო არაფერია, ყველა მატჩს უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ. მე ის უფრო გამეხარდა, რომ მწვრთნელი ხვიჩას კვლავ ბოლომდე ენდო.

5,5 ქულა და მოკლე შეფასება: ჩვეულად ვერ აენთო, თუმცა კრეშენდო დასასრულით მაინც გადაფარა არცთუ კარგი თამაში პირველ ტაიმში“. ეს Goal.com-ის იტალიური ვერსიის აზრია, კრეშენდო კი, გეცოდინებათ, მუსიკალური ტერმინია და ხმის თანდათან გაძლიერებას ნიშნავს. წლების წინ შემხვდა სანოტო რვეულში და დამამახსოვრდა…

დღეს ნაპოლი ევროპის ყველაზე ლამაზი გუნდია. თუ ასე გააგრძელა, ბევრს მიაღწევ“, – ეს უკვე დიდებული ნიდერლანდელი ფეხბურთელის რუუდ კროლის სიტყვებია. ის იოჰან კრუიფის თანაგუნდელი გახლდათ 70-იანი წლების დასაწყისის ლეგენდარულ აიაქსში, 1980 წელს კი ნეაპოლურ კლუბს შეუერთდა და მარადონას მისვლამდე იტალიური გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახლდათ. ორმოცი წლის წინ, 1982 წლის სექტემბერში, როცა დინამო უეფას თასის პირველ წრეში ნაპოლის დაუპირისპირდა (2:1 თბილისში, 0:1 ნეაპოლში), კროლმა ორივე შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

მისი ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა გაძეტა დელო სპორტში, ეს ფოტოკოლაჟი კი ამავე გამოცემის ვებ-გვერდზე, ოღონდ შაბათს, რომა-ნაპოლის თამაშამდე. მომეწონა და ამიტომ შევინახე. მგონი ნათელია, რა დამოკიდებულება აქვს იტალიის ყველაზე პოპულარულ სპორტულ გამოცემას ამ ნაპოლისადმი.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 24 ოქტომბერი)
ფოტო:
gazzetta.it

ka_GEGeorgian