ვიქტორია რავა – ბაქო 2015ის ყველაზე ლამაზი კომენტატორი

ვიქტორია რავა ქალთა ფრენბურთის ლეგენდაა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის თბილისში დაბადებული და გაზრდილია, უბრალოდ, ვიქტორია მართლა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი ფრენბურთელია, ათიოდ წლის წინ კი საფრანგეთის რჩეულ სპორტსმენთა შორისაც ხვდებოდა.

დიდ ფრენბურთში მისი პირველი ნაბიჯები სწორედ იმ ქალაქს უკავშირდება, სადაც ამ დღეებში ევროპის პირველი თამაშები მიმდინარეობს – 1990-93 წლებში ვიკა ბაქოს ფრენბურთის კლუბ BZKBში თამაშობდა. 1993-95 წლებში თურქეთში, ანკარის ვაკიფბანკის ღირსებას იცავდა, 1995 წლის ზაფხულში კი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ზღვისპირა კანის ამავე სახელწოდების კლუბში გადაბარგდა და მას შემდეგ გუნდი აღარ შეუცვლია.

სამხრეთფრანგულ კლუბში გატარებული 20 სეზონის განმავლობაში ვიქტორია რავა 19ჯერ(!) გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, 18ჯერ(!) კი ქვეყნის თასს დაეუფლა!

ამას გარდა, 2002 და 2003 წლებში ფრენბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში იმარჯვა, 2006 და 2012 წლებში კი კიდევ 2ჯერ ითამაშა ფინალში. და თუ იმასაც დავამატებ, რომ 2003 და 2006 წლებში ვიკა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ, 2004 წელს კი საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს, ჩემი ნათქვამი, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი ფრენბურთელია, გადაჭარბებულად აღარ მოგეჩვენებათ.

კანის მშვენებას და ყველაზე ტიტულიან მოთამაშეს ბაქო 2015ის მედიასოფელში გუშინ შემთხვევით შევხვდი, დღეს დილით კი ვიკა კვლავ ჩვენ სასტუმროში ვნახე – საფრანგეთის ნაკრების წარმომადგენლებს უცდიდა. ვიქტორიასთან ხანმოკლე საუბარიც სწორედ ამ დროს შედგა:

…ბაქოში ტელეკომენტატორად ვმუშაობ – ფრანგულ არხთან TV21თან ვთანამშრომლობ. ჩვენ პირველი დღიდან ვაშუქებთ ევროპის I თამაშებს, თუმცა მე აქ 21ში ჩამოვედი. გუშინ ჩვენი ვაჟთა ნაკრების თამაში მიმყავდა – სამწუხაროდ, 1/4ფინალში რუსეთთან  0:3 დავმარცხდით.

…აქაურობა ძალიან შეცვლილია. წლების წინ ვთამაშობდი ბაქოში და მერეც რამდენჯერმე ვიყავი, მაგრად დღეს პროგრესი აშკარაა – ბაქო ძალიან განვითარებული და გალამაზებულია!

…კარიერა მაისში დავასრულე. კანში 20 წელი ვითამაშე, გაზაფხულზე მეცხრამეტედ გავხდი ჩემპიონი და ჩავთვალე, რომ გუნდთან გამოსათხოვებლად მშვენიერი მომენტი იყო. თანაც, უკვე პატარა აღარ ვარ, კლუბში კარგი გოგოები მოვიდნენ და მათთვის გზის დათმობაც აუცილებელი იყო.

…მე და ჩემი მეუღლე კვლავ კანში ვცხოვრობთ. ამირანმა (ამირან ჯიოშვილი, ვიქტორია რავას მეუღლე, საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების ექს-კაპიტანი – ლ.გ.) ჩემამდე რამდენიმე წლით ადრე დაასრულა კარიერა – მუხლი აწუხებდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. დღეს ის საოჯახო ბიზნესს უძღვება. ბავშვებიც ჩვენთან არიან – კანში ბედნიერად ვართ!

…ქართველი სპორტსმენები არ მინახავს, თუმცა დიდად არც ფრანგებს ვაწუხებ – ათლეტთა სოფელში სტუმრობას ვერიდები. მიხარია, რომ საქართელოს გუნდმა უკვე 10 მედალი მოიგო. გამიხარდება თუ ქართველი ჩემპიონიც გახდება. ყველა შემთხვევაში, საქართველოს წარმატებას ვუსურვებ!

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 25 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian