ვიტალი

ძნელია იმ ფეხბურთელზე წერა, რომლის თამაში მხოლოდ ვიდეოჩანაწერებით გინახავს. მაგრამ თუ კაცი გიყვარს და აფასებ, შეუძლებელი არაფერია. ერთმა პატივცემულმა ფრანგმაც ხომ ზუსტად შენიშნა, გული გულობდეს და მთავარს თვალზე უკეთ გულით დაინახავო.
ვინ იყო ჩემთვის ვიტალი დარასელია? რას ვგრძნობ, როცა ორმოცი წლის წინ, 1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში გარდაცვლილი ფეხბურთელის თამაშს ვუყურებ და მის ფოტოებს ვათვალიერებ?

ვგრძნობ გულისტკივილს, ფიქრით კი ერთადერთი აზრი მიტრიალებს გონებაში: ზამთრის იმ ნაცრისფერ საღამოს, სოფელ უბისასთან მომხდარი ავტოავარია რომ არა, 80-იანი წლების თბილისის დინამო, ალბათ სულ სხვა, ძლიერი და კარგი გუნდი იქნებოდა, ვიტალი დარასელია კი არათუ საბჭოთა კავშირის, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. რატომღაც ასე მჯერა.

ხოლო ვინ იყო ჩემთვის ვიტალი დარასელია, მოკლედ ასე შეიძლება ითქვას: თბილისის დინამოსთან ერთად პირველი საფეხბურთო სიყვარული.

ცოტა შორიდან დავიწყებ: პირველი გამოცემა, რაც მახსოვს, დემიკო ლოლაძის მიერ შედგენილი ფოტოალბომი „ვიტალი დარასელია“ იყო.

ორმოცი წლის წინ, 80-იანი წლების დასაწყისში გადავინაცვლოთ: ხუთი ან ექვსი წლის ვარ და შინ მარტო დარჩენილი, წიგნებს ვათვალიერებ. იმ გამოცემამ ერთადერთი მიზეზით დამაინტერესა: მასში ბევრი საფეხბურთო ფოტო იყო, მათ შორის გუნდურიც. ფეხბურთი უკვე მაინტერესებდა, შავ-თეთრი ადიდას-ტანგოთი მეგობრებთან თამაში ყველაფერს მერჩივნა, თუმცა ვიტალი დარასელია ვინ იყო, სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ არ ვიცოდი.

ის ფოტოალბომი ჩემი პატარა მაკრატლით კარგა გვარიანად მივჭერ-მოვჭერი – ფეხბურთელების ფოტოები სახატავ რვეულში დიდი მონდომებით ჩავაწებე. კარგა ხნის მერე, როცა საფეხბურთო წიგნებში გადავეშვი და ჩემი ბიბლიოთეკის შევსებაც დავიწყე, იმ გამოცემას დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ბუკინისტებისგან შინ ხელმოცარული ვბრუნდებოდი. დღეს, როცა ბატონი დემიკოს მიერ შედგენილ ფოტოალბომს ვათვალიერებ, სულ ის დღე მახსენდება – მე და ჩემი მაკრატელი.

წლების შემდეგ სპორტულ, უფრო კონკრეტულად კი საფეხბურთო ჟურნალისტიკაში მოვხვდი. 90-იანი წლების მიწურულს ბედმა გამიღიმა და რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ქართულ გაზეთში, სარბიელშიც ვიმუშავე. უცხოური ფეხბურთის განყოფილება – ასე ერქვა იმ ოთახს, სადაც რამდენიმე ჟურნალისტი მსოფლიო ფეხბურთის ამბებს ვუმზადებდით მკითხველს.

რატომ გავიხსენე სარბიელი? ვიტალი დარასელიას ის ფოტო, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავად მიმაჩნია და გამორჩეულად მომწონს, სწორედ სარბიელში აღმოვაჩინე.

1997 წლის 25 დეკემბერს, ვიტალის გარდაცვალების თხუთმეტი წლისთავთან დაკავშირებით, გაზეთში გიო ახვლედიანის მშვენიერი წერილი „ქართული ფეხბურთის უკვდავი ლეგენდა“ გამოქვეყნდა. რედაქტორმა ჩემი ფავორიტი ფოტო დაურთო წერილს. ფოტოს ავტორი გურამ დოლენჯაშვილია (ბატონი გურამი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა – საქართველოს ნაკრების თამაშის გადასაღებად დინამო არენაზე მისული, საკონფერენციო დარბაზში შეუძლოდ შეიქნა, ექიმებმა კი ვეღარ უშველეს). დინამოს ქათქათა ფორმაში გამოწყობილი დარასელიას ის ფოტო კარგა ხანს სამუშაო მაგიდაზე, შუშის ქვეშ მედო.

შემართული ტანი, დაკუნთული ფეხები, მოხდენილი მხარ-ბეჭი… სამაგალითო ათლეტი!

ახლაც, მეგობრებთან ერთად ფეხბურთელების აღნაგობაზე როცა ვსაუბრობ, ამ ფოტოს მოვიშველიებ ხოლმე. უკეთესი მაგალითი სად მოვძებნო?

ბატონი გურამის მიერ გადაღებული ის კადრი პირველად რომ ვნახე, უნებურად წამოვიძახე: დარასელიას რობერტო კარლოსივით ფეხები ჰქონია-მეთქი. ერთ-ერთმა უფროსმა თანამშრომელმა, ვიტალიც და მისი წინამორბედი თაობაც მშვენივრად რომ ახსოვდა, შედარება მოიწონა, თუმცა ისიც შენიშნა, რობერტო კარლოსს აქვს ვიტალივით ფეხები და არა პირიქითო. ცხადია, ასეც იყო. რაც შეეხება ყველაფრის მომგებ რობერტო კარლოსს, XX და XXI საუკუნეების შესაყარზე ეს საოცარი ბრაზილიელი მცველი თავის პოზიციაზე ნაკრებშიც საუკეთესო და შეუცვლელი იყო და მადრიდის რეალშიც.

ჩემ პირველ წიგნზე გითხარით, გამორჩეულ ფოტოზეც, აი, იმდროინდელი დინამოს

თამაშის ჩანაწერები კი, სამწუხაროდ, იშვიათობაა, განსაკუთრებით ამა თუ იმ ფეხბურთელის საუკეთესო მომენტების კოლაჟი. მოკლედ რომ ვთქვა, არჩევანი არცთუ დიდია.

1981 წლის 13 მაისის გადამწყვეტ შეხვედრაზე, დიუსელდორფში კარლ ცაისთან 2:1 მოგებულ ფინალში დარასელიას გოლზე შეგნებულად არაფერს ვიტყვი. რამდენი კაციც უყურებდა იმ თამაშს, იმდენი ფიქრი და განცდაა დაკავშირებული ლეგენდარულ გამარჯვებასთან და საუკუნის გოლთან.

მე ვიტალის სხვა თამაშს გავიხსენებ, რომლის სრული ჩანაწერი, მგონი, ასევე არ არსებობს. თუმცა, დაილოცოს ინტერნეტი: Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლით მაინც ადვილად მიხვდებით რა გაქანების და შესაძლებლობების მოთამაშე იყო დინამოს მეექვსე ნომერი.

1981 წლის 4 ნოემბერს თბილისში გამართულ თასების თასის საპასუხო მერვედფინალს ვგულისხმობ, საფრანგეთის ბასტიასთან 3:1 მოგებულ მატჩს. იმ შეხვედრაში ვიტალის გოლი არ გაუტანია, მაგრამ დინამოს გოლეადორმა რამაზ შენგელიამ ორივე ბურთი დარასელიას პასებით შეაგდო.

განსაკუთრებით პირველი გოლის მომენტი მიყვარს: მარცხენა ფლანგზე გაჭრილმა ვლადიმერ გუცაევმა საჯარიმოს კუთხესთან დარასელია მოძებნა, ვიტალიმ კი ერთი შეხებით აიგდო ბურთი და ისე, რომ არც გაუხედავს, კარისკენ ჩააწოდა. იქ შენგელიამ დასწრებაზე ითამაშა და ანგარიშიც გაიხსნა.

რატომღაც მჯერა, რომ იმ წამებში დარასელიამ იგრძნო (და მსგავსი საფეხბურთო ალღოთი მხოლოდ მისნაირი დიდოსტატები გამოირჩევიან) – ცენტრფორვარდი საჭირო ადგილზე იქნებოდა! ისიც ვიცი, რომ შენგელიაც ელოდა თანაგუნდელის გადაცემას, რადგან თავადაც არანაკლები დიდოსტატი იყო, მათ ხომ ჩინებულად ესმოდათ ერთმანეთის.

იმ თამაშის მეორე ტაიმშიც თითქმის იგივე მეორდება: კუთხურის შემდეგ, საჯარიმოს კიდესთან მდგარი დარასელია ბურთს აიგდებს და კვლავ ნახევარბრუნში, კარისკენ ზურგით მდგომი აწვდის მეკარის საჯარიმოში. იმ შემთხვევაში ბასტიას მცველმა კი იყოჩაღა, მაგრამ რამდენიმე წუთში ფრანგებმა დარასელია-შენგელიას წყვილისგან მეორე გოლი მაინც მიიღეს.

წაკითხული ან გაგებული გექნებათ: დინამოს მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი თასების თასის შემდგომი, ახალი გუნდის შენებას ვიტალი დარასელიას გარშემო აპირებდა. ამას ყველა ხვდებოდა: მწვრთნელები, ფეხბურთელები და გულშემატკივრებიც.

დიდი დინამოს თამაშის წარმმართველი დავით ყიფიანი 1982-ის შემოდგომით გამოეთხოვა ფეხბურთს. მალე დუბლშემადგენლობიდან რამდენიმე მართლა მაგარი ბიჭი დაწინაურდა, მოედნის გულში კი ლიდერის ტვირთი 25 წლის ვიტალის უნდა გაეწია. მინიმუმ ოთხი-ხუთი წლით მაინც. ის საამისოდ მზად იყო: ტრაგედიამდე ოთხი სეზონით ადრე დარასელია დინამოს შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. ჩახედეთ მის სტატისტიკას და მიხვდებით რასაც ვამბობ. ვიტალი შეუცვლელი იყო არა მხოლოდ კლუბისთვის, დარასელია საბჭოთა კავშირის პირველი გუნდის ძირითადშიც მყარად იდგა იმ დაკუნთული ფეხებით.

თბილისელთა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ ერთ ძველ ინტერვიუში თქვა, როცა ვიტალი გარდაიცვალა, 80-იანი წლების დიდ დინამოზე ოცნებაც მაშინ დასრულდაო. მოგვიანებით კაპიტანს იმ დიდი გუნდის სხვა ლიდერებიც დაეთანხმნენ. რამდენიმე უფროს კოლეგასაც იგივე უთქვამს ჩემთვის და არაერთ მრავლისმნახველ გულშემატკივარსაც.

80-იანი წლების თბილისის დინამო ვიტალი დარასელიას გუნდი უნდა ყოფილიყო. დასაწყისში რომ ვთქვი, ჩემს წარმოდგენაში ის დინამო კარგი და ძლიერი იქნებოდა-მეთქი, მარტო ვიტალის გამო არა. ძირითადის ბირთვზე, ნაცად ვარსკვლავებზე არაფერს ვიტყვი, მხოლოდ დუბლებიდან დაწინაურებულ სამ ბიჭს შეგახსენებთ: გრიგოლ ცაავას, ვინც ყიფიანის შემცვლელად მოიაზრებოდა; ვაჟა ჟვანიას, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის ბომბარდირს და საუკეთესო მოთამაშეს და უმცროს მიხეილ მესხს, მამამისივით ნიჭიერს და ლაღ მოთამაშეს.

ახლა ყველანი ერთად წარმოიდგინეთ მწვანე მინდორზე, გამოცდილი ლიდერები და იმედისმომცემი ბიჭები: ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი, თამაზ კოსტავა, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია, ზაურ სვანაძე, გრიგოლ ცაავა, ვაჟა ჟვანია, მიხეილ მესხი უმცროსი, ნუკრი კაკილაშვილი, დავით მუჯირი… ამათ დამატებული დუბლების ამომავალი ვარსკვლავები გია გურული და მალხაზ არზიანი – ისინი პირველ გუნდს უახლოვდებოდნენ…

რა გასაკვირია, რომ ამ შემადგენლობის შემხედვარე, თასებს და მედლებს მიჩვეულ გულშემატკივრებს კვლავ წარმატების იმედი ჰქონდათ, რეალობამ კი ყველას სილა გააწნა. 1983 წლიდან საბჭოთა კავშირის აღსასრულამდე ჩვენი დინამოს თამაშს ერთი დიდი იმედგაცრუება თუ ეთქმის, მეტი არაფერი.

ვიტალი დარასელია, ჩვენი ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი, ხვალის იმედი და უდიდესი გულისტკივილი.

1982 წლის დეკემბრის იმ ღამით მარტო ერთი 25 წლის ბიჭის სიცოცხლე არ დასრულდა. მასთან ერთად ქართული ფეხბურთის ყველაზე შთამბეჭდავი გუნდის მშვენიერი დროებაც დამთავრდა.

თითქოს გუშინ იყო ყველაფერი, მაგრამ მოიხედავ და, უკვე ორმოცი წელი გავიდა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 13 დეკემბერი)
ფოტო:
ვიტალი დარასელიას არქივი; sport.gov.ge

ka_GEGeorgian