ვიტალი დარასელია 60 – წიგნის პრეზენტაცია მიხეილ მესხზე

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის – ვიტალი დარასელია 60 – პრეზენტაციას უმასპინძლა. წიგნის შემდგენელი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ლაშა გოდუაძეა.

„ვიტალი დარასელია 60“ ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების, ინტერვიუების, ჩანახატების და მოგონებების კრებულია. წიგნში თავმოყრილია ფოტოები ვიტალი დარასელიას არქივიდან.

პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

წელს 35 წელი სრულდება ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებიდან. თბილისის დინამოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი 1982 წლის 13 დეკემბერს, რიკოთზე, სოფელ უბისასთან მომხდარ ავტოავარიას შეეწირა.

„ეს წიგნი დიდი სიყვარულით იქმნებოდა. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვიქნებოდით 60 წლის იუბილე ბატონ ვიტალისთან ერთად რომ აღგვენიშნა, მაგრამ რა გაეწყობა, მომხდარს ვერ შევცვლით. ახლა ისღა დაგვრჩენია ასეთი ადამიანების ხსოვნას წიგნებით მივაგოთ პატივი. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გამოცემის მომზადებაში დაგვეხმარა: პირველ რიგში ვიტალი დარასელიას შვილს, ქრისტინას, რომელმაც უშურველად დაგვითმო ოჯახის არქივი, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელთა დახმარებითაც განხორციელდა ეს პროექტი“, – განაცხადა წიგნის შემდგენელმა ლაშა გოდუაძემ.

გამოცემის და ვიტალი დარასელიას შესახებ ისაუბრეს ტარიელ ხეჩიკაშვილმა, დავით მუჯირმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა, ლეგენდარული დინამოს კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ და ქრისტინე დარასელიამ.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 1 დეკემბერი)

ka_GEGeorgian