ვლადიმერ ბარქაია – 1937-2022

2022 წელი როგორ მძიმედაც დაიწყო, ასევე მთავრდება – ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა, „ოქროს ბიჭი“. ის 85 წლის იყო. რამდენიმე საათის წინ პელეზე ვწერდი პატარა ჩანახატს და მეგობარმა შემატყობინა ეს ამბავი.
ჩვენი სპორტისთვის მართლა საშინელი წელია. 3 იანვარს ვიქტორ სანეევი წავიდა, რამდენიმე დღეში ჯანო ბაგრატიონი, კიდევ ცოტა ხანში კი ქეთევან ლოსაბერიძე. ზაფხულში გურამ პაპიტაშვილი გამოგვაკლდა, შემოდგომით მესამე ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი…

წლის დასაწყისში მივაბარეთ მიწას უფროსი კოლეგები და მეგობრები, გამორჩეულად კარგი ჟურნალისტები ზაალ გიგინეიშვილი და ბადრი კეთილაძე, 11 თებერვალს კი „ოქროს მატჩის“ ერთ-ერთი გმირი ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა.

დღეს სიომა ბარქაია. 1964 წლის დინამოდან სულ რამდენიმე კაცი დარჩა…

გაუგებარი მიზეზით გაუქმებული სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2014 წლის ნოემბერში თბილისსა და ტაშკენტში დინამოს პირველი საბჭოთა ტიტულის 50 წლის იუბილე აღინიშნა. ისე მოხდა, რომ უზბეკეთის დედაქალაქში ვეტერანებთან ერთად მეც მოვხვდი.

სამი დღე გავატარეთ ტაშკენტში, მასპინძლები თან გადაგვყვნენ, „ოქროს ბიჭები“ კი სულ ხელის გულზე ატარეს. ფოტოაპარატი თან მქონდა და რაც იმ დღეებში ფოტოები გადავიღე, ერთ კარგ სქელტანიან ალბომს ეყოფა.

ეს რამდენიმე ფოტოც მაშინდელია, როცა ფახთაქორის სტადიონს ვესტუმრეთ. ძალიან შეუცვლიათო, ეს თქვა პირველი ბატონმა ვლადიმერმა, როცა არენაზე შეაბიჯა. მინდორზე გასეირნების შემდეგ რამდენიმე წუთით სათადარიგოთა სკამზე ჩამოვჯექით და მხოლოდ ტორპედოსთან მოგებულ მატჩზე ვესაუბრებოდი…

2017 წელს იმავე სპორტის სამინისტროში თბილისის დინამოს საერთაშორისო თამაშებისადმი მიძღვნილი ჩემი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა და ბატონი სიომა საგანგებოდ დავპატიჟე. იმ წიგნის გარეკანს მიხეილ ზარგარიანის ცნობილი ფოტო ამშვენებს „ბარქაიას პლაჟი“ რომ ეწოდება.

ესაა და ეს, მეტი ჩვენ აღარ გვისაუბრია.

ღმერთმა აცხონოს! მეტს და საინტერესოს მისი მეგობრები და უფროსი თაობის ჟურნალისტები იტყვიან.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 30 დეკემბერი)

ka_GEGeorgian