უელსი მსოფლიოს ჩემპიონია!
1-3 ოქტომბერს ტოკიოში ვეტერან ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატები გამართულა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, სადაც უელსელებს ნამეტანი უყოჩაღიათ. ამ უცნაური შეჯიბრების შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატები 70-ს და 75-ს გადაცილებულთა შორის. ჰოდა, მოხუცი უელსელების გუნდი უძლიერესი ყოფილა!
უელსის ვეტერან ფეხბურთელთა ლიგის ონლაინ-ჟურნალი წერს, რომ 70-ს გადაცილებულთა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება გოლის გაუშვებლად შეინარჩუნა: ჯგუფში სამიდან ორი მეტოქე დაამარცხა (3:0, 4:0), მათ შორის მასპინძელი იაპონია, ერთხელ 0:0 ითამაშა, ნახევარფინალში 3:0 მოუგო გერმანიას, ფინალში კი 2:0 აჯობა იმ ამერიკას, რომლის შემადგენლობაში MLS-ის ვეტერანები თამაშობდნენ. „უმცროსებისგან“ განსხვავებით 75-ს გადაცილებულთა გუნდი მხოლოდ ფინალში დამარცხებულა.
ჩვენი წარმატებები არ მიკვირს, რადგან უელსის ვეტერანთა ლიგაში ორმოცს გადაცილებული ორ ათასამდე ფეხბურთელი გვყავსო, უთქვამს მსოფლიოს ჩემპიონთა მთავარ მწვრთნელს და უელსის ვეტერან ფეხბურთელთა ლიგის ფინანსურ მხარდამჭერ ჯონ როსს, რომელმაც ისიც დაამატა, გაისად თასის ზედიზედ მესამედ მოგებას და მის სამუდამოდ შენარჩუნებას ვეცდებითო.
სულ ამის თქმა მინდოდა. ვიღაცები „გარყვნილი“ და „გადაგვარებული“ ევროპით კი „გვაშინებენ“, მაგრამ როგორც ჩანს, არც ისე ცუდია იქ. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვიხსენებ, რომ ჩვენ ვეტერანებს, არათუ 70-ს, თუნდაც 50-ს გადაცილებულებს, სადმე, რომელიმე ტურნირში სტაბილურად ეთამაშოთ…
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 7 ოქტომბერი
ფოტო: უელსის ვეტერან ფეხბურთელთა ლიგა