წერილები ამერიკიდან: 1 ივლისი
„მხოლოდ არგენტინას და ესპანეთს შეუძლიათ საფრანგეთის ამ ნაკრების შეჩერება. მათი დონის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვხედავ“. ეს სიტყვები საფრანგეთის და შვედეთის ნაკრებთა თამაშის დასრულებისთანავე განაცხადა ტიერი ანრიმ, რომელიც FOX Sports-ის ეთერში უძღვება მსოფლიო ჩემპიონატის მიმოხილვებს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და ამერიკის ნაკრების ყოფილ მცველთან, ალექსი ლალასთან ერთად.
შვედეთთან თამაშის მიმოხილვებს თუ გაეცნობით, ყველა სპეციალისტი დაახლოებით იგივეს ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა ფრანგია, ინგლისელი, ესპანელი თუ გერმანელი. დიდიე დეშამის ეს საფრანგეთი საუკეთესოა და ალბათ იმის თქმაც შეიძლება, რომ ოქროს თასის მოგების მთავარი კანდიდატია.
არავინ იცის როგორ ითამაშებენ ფრანგები მომდევნო მატჩში. მბაპეს და კომპანიას მორიგი გამოცდა – მერვედფინალი, 4 ივლისს ელით ფილადელფიაში პარაგვაის წინააღმდეგ. სამხრეთამერიკელებმა უკვე სძლიეს ერთ ევროპულ გრანდს, მაგრამ სულაც არაა საჭირო ფეხბურთის სპეციალისტობა იმის მისახვედრად, რომ საფრანგეთი გაცილებით მაღალი დონის გუნდია ვიდრე ნაგელსმანის გერმანია. ფრანგები მერვედფინალშიც ფავორიტები იქნებიან, ზუსტად ისე, როგორც შვედეთთან გუშინდელი მეთექვსმეტედფინალის წინ ითვლებოდნენ.
3:0 – ასეთი ანგარიშით გაიმარჯვეს დეშამის ბიჭებმა. გუნდის კაპიტანმა კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ლეო მესის დაეწია, ბრედლი ბარკოლამ კი მეორე ბურთი შეაგდო ამ მუნდიალზე. პირველიც ისტ რუზერფორდში გაიტანა, ორი კვირის წინ, როცა მისმა გუნდმა 3:1 სძლია სენეგალს.
საფრანგეთის ნაკრები ამ ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდია, შვედეთთან მატჩი კი მათთვის ფინალური ეტაპის მიჯრით მეხუთე თამაში იყო, როცა მინიმუმ სამი გოლი გაიტანეს. ეს საუკეთესო სერიაა ტურნირის ლამის საუკუნოვან ისტორიაში. ხოლო თუ მხოლოდ დეშამის მწვრთნელობის პერიოდს გავითვალისწინებთ – 2014 წლიდან დღემდე, ფრანგები გატანილი გოლების საერთო რაოდენობით უდიდესი უპირატესობით უსწრებენ მდევრებს: მათ აქტივში 53 გოლია, გერმანიამ და არგენტინამ კი 37-37 ბურთის გატანა მოახერხეს. ბრაზილია და ნიდერლანდები კიდევ უკან არიან 36 გოლით.
„ჩვენმა მწვრთნელმა მძიმე დღეები გადაიტანა და გვინდოდა, რომ შეძლებისდაგვარად გაგვეხარებინა“, – თქვა მადრიდის რეალში მოთამაშე ორელინ ჩუამენიმ, რომელმაც თამაშის მიწურულს კაპიტნის სამკლავური გადაიბარა კილიან მბაპესგან. თუ გავიხსენებთ, როგორ შეეგება დეშამი მინდვრიდან გასულ მბაპეს და როგორც მიუძღვნა ამ უკანასკნელმა პირველი გოლი მწვრთნელს, ადვილად მივხვდებით, რომ ბიჭებმა დამრიგებელი ძალიან გაახარეს.
დეშამმა მე-17 თამაში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატებზე და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა, ლეგენდარული გერმანელის, ჰელმუტ შიონის მიღწევა გააუმჯობესა, თუმცა დღის გმირი მაინც მბაპეა. იმიტომ, რომ მეშვიდედ შეასრულა დუბლი მუნდიალის თამაშში, რაც არავის გაუკეთებია. მადრიდის რეალის გოლეადორი ერთი ბურთით ჩამორჩება ყველა დროის ყველაზე შედეგიან ლეო მესის, მაგრამ აი ამ მაჩვენებლით შთამბეჭდავად უსწრებს მას: მბაპემ 18 გოლიდან 10 ფლეი ოფში გაიტანა, არგენტინელი კი ამ მხრივ მოწინავე სამეულშიც არ არის.
დეშამთან, მბაპესთან და ბარკოლასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენო მაიკლ ოლისე. ერთ მომენტში მას არ გაუმართლა, თორემ ყველა დროის ერთ-ერთ ულამაზეს გოლს გაიტანდა. მეორე მხრივ კი ორი საგოლე გადაცემა შეასრულა: 53-ე წუთზე ბრედლი ბარკოლას დაეხმარა, 74-ე წუთზე მბაპეს. მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავს უკვე 5 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა მექსიკა-ამერიკა-კანადაში, ეს კი მეორე საუკეთესო შედეგია ერთ ჩემპიონატზე. ასევე 5 საგოლე გადაცემა შეასრულეს რობერტ გადოხამ (პოლონეთი; 1974), პიერ ლიტბარსკიმ (გერმანია; 1982), დიეგო მარადონამ (არგენტინა; 1986) და თომას ჰესლერმა (გერმანია; 1994). მათზე წინ მხოლოდ ფეხბურთის მეფე პელე დგას, რომელმაც 1970 წელს მექსიკაში 6-ჯერ გაახარა თანაგუნდელები.
„სამი ბურთის სხვაობით დავმარცხდით, მაგრამ საერთოდ არ მრცხვენია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს“, – ამ სიტყვებით დაასრულა პრესკონფერენცია შვედეთის ნაკრების ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა გრემ პოტერმა.
ნორვეგია-კოტ დივუარის მეთექვსმეტედფინალი საფრანგეთისა და შვედეთის მატჩამდე გაიმართა და ჩემი შეხედულებით ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი თამაში გამოდგა. სტალე სოლბაკენის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა, თუმცა დიდი შანსი იყო, რომ მატჩი დამატებით დრომდე მისულიყო. 85-ე წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო: ანტონიო ნუსას მიერ 39-ე წუთზე გატანილი შესანიშნავი გოლი ამად დიალომ 74-ე წუთზე გაქვითა.
მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე ოთხი წუთით ადრე კოტდივუარელთა კარში მეორედ შევარდა ბურთი. პატრიკ ბერგის მიერ მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა ტერფის მსუბუქი და ზუსტი მოქნევით დაასრულა ერლინგ ჰოლანდმა – 2:1. ნორვეგიამ პირველად მოიგო ფლეი ოფის შეხვედრა, მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა კი ეროვნული გუნდის მაისურით გამართულ 53-ე თამაშში მე-60(!) გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მაინც ანტონიო ნუსას გადაეცა.
„ეს ფანტასტიკური გამარჯვებაა, უზომოდ გახარებული ვარ და მჯერა, რომ თქვენც გაგახარეთ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა“, – ჰოლანდმა თამაშის შემდეგ გულშემატკივრებს ამ სიტყვებით მიმართა.
მერვედფინალში, რომელიც 5 ივლისს გაიმართება ისტ რუზერფორდში, ნორვეგიის ნაკრები ბრაზილიას შეხვდება. მათი მეტოქეობის შესახებ კი ფეხბურთის მოყვარულებმა შესანიშნავად იციან: ნორვეგია 4-ჯერ შეხვდა სელესაოს და არასდროს დამარცხებულა. ოთხი თამაშიდან ერთ-ერთი 1998 წელს გაიმართა საფრანგეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე. ჯგუფური ეტაპის მატჩი ნორვეგიელებმა 2:1 მოიგეს.
საშეჯიბრო დღე მექსიკელების და ეკვადორელების ჭიდილით დასრულდა. ხავიერ აგირეს გაწვრთნილმა თანამასპინძლებმა კვლავ გოლის გაუშვებლად გაიმარჯვეს – 2:0, მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგეს, ფლეი ოფის პირველი წრე კი პირველად დაძლიეს 1986 წლის შემდეგ. ორმოცი წლის წინ მექსიკამ 2:0 სძლიეს ბულგარეთს.
მექსიკა მერვედფინალსაც მეხიკოში ჩაატარებს 5 ივლისს, მეტოქე კი რამდენიმე საათში გამოვლინდება ატლანტაში, ინგლისისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთა მატჩში.
მეთექვსმეტედფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში მარცხს ყველა გერმანული სპორტული გამოცემა გამოეხმაურა. მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს არასწორი სათამაშო ტაქტიკის შერჩევაში ადანაშაულებენ. ბუნდესგუნდის ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა კი იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ნაგელსმანი არასდროს ყოფილა ფეხბურთელი. ცნობილია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი წლების წინ ჰოკეის თამაშობდა.
„ბოლო ორმოცი-ორმოცდაათი წლის განმავლობაში ის პირველი მწვრთნელია, ვისაც არასდროს უთამაშია ფეხბურთი. მას წარმოდგენა არ აქვს როგორც უნდა მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციაში, საერთოდ არ ესმის ფეხბურთელების და გადამწყვეტ მომენტში თამაშში გარდატეხის შეტანა რომ ვერ მოახერხა, სწორედ გამოუცდელობის ბრალია“, – განაცხადა გერმანია 2006-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა.
პარაგვაისთან მარცხის შემდეგ ნაგელსმანმა თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ჟურნალისტებისთვის მისი პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა და ამიტომაც დაუკავშირდნენ საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს. ბერნდ ნოიენდორფმა თქვა, რომ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ნაკრების გამოსვლა დაწვრილებით შეფასდება. ეს კი, სავარაუდოდ, ივლისის მიწურულს ან აგვისტოს დასაწყისში მოხდება.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 1 ივლისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com
