წერილები ამერიკიდან: 10 ივლისი

ზუსტად ერთი თვე გავიდა, რაც ამერიკაში ვარ. პირველად ვესწრები მსოფლიო ჩემპიონატს და პირველად ვწერ ჩანახატებს მასპინძელი ქვეყნიდან, დღევანდელი წერილი რიგით ოცდამეათეა. ხუთი დღის წინ, 4 ივლისს, პირველად დავესწარი მსოფლიო ჩემპიონატის თამაშს…

ჟურნალისტის აკრედიტაცია არ მაქვს, თორემ გაცილებით მეტ მატჩს ვნახავდი უშუალოდ ტრიბუნიდან. ამის გამო გული არ მწყდება, მთავარია რომ კვლავ მიხარია დიდ საფეხბურთო ზეიმში მონაწილეობა. ასეთ დროს ფეხბურთი ტელევიზორშიც ძალიან გემრიელია და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის ლამაზ პარკში გაშლილ დიდ ეკრანზეც.

8 ივლისს გუნდებმა დაისვენეს, მეც ამით ვისარგებლე და ფილადელფიაში გატარებული ორი კვირის შემდეგ ნიუ იორკში დავბრუნდი. დღეს დილით, თამაშამდე, როკფელერის ცენტრთან მივედი. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ეს გულშემატკივართა ფავორიტი ადგილია. იმიტომ, რომ ერთ-ერთ ცათამბჯენში ფიფას ოფიციალური მუზეუმის ათეულობით ექსპონატია გამოფენილი, მსოფლიო ჩემპიონატის ორი, ყველაზე დიდი ოფიციალური მაღაზიაც იქვეა მოწყობილი, შადრევნის გარშემო კი ის გულშემატკივრები იკრიბებიან, პანინის ალბომის შევსება რომ სურთ და ზედმეტ სტიკერებს მხარზე გადაკიდებული ჩანთებით დაატარებენ.

სიახლეც შევნიშნე: ლეგომ მსოფლიო ჩემპიონატს სპეციალური მოდელები მიუძღვნა და უნდა ნახოთ რა ხდება მათი მაღაზიის წინ! ბავშვები კი არა, დიდებიც დიდი სიამოვნებით აწყობენ ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუს და სხვა ვარსკვლავების ფიგურებს. ყვითელი კუბიკებით აწყობილი უშველებელი მსოფლიო თასი კი კვირაზე მეტია, რაც როკფელერის ცენტრის მთავარ შესასვლელთან დაუდგამთ.

რაც შეეხება ჩემ სატკივარს, ჯერ ვერსად მივაგენი მუნდიალის ოფიციალურ პროგრამას. ვერც ფილადელფიის სტადიონზე ვნახე და ფიფას ოფიციალური მაღაზიიდანაც უარით გამომისტუმრეს, მსგავსი არაფერი გვქონიაო.

სამაგიეროდ, როგორც იქნა ვიყიდე ტურნირის ოფიციალური პლაკატი. ყველა მასპინძელი ქალაქისთვის დაიხატა პოსტერი და მათი ფოტოები ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავრცელდა. რამდენიმე ძალიან მომეწონა, მათ შორის ნიუ იორკისა, რომელზეც თავისუფლების ქანდაკებაა გამოსახული. პირველ ჯერზე არ გამიმართლა, გაგვითავდაო, მითხრა გამყიდველმა, სამაგიეროდ დღეს გავიხარე.

პლაკატი 22 დოლარი ღირს. ბევრს ეგებ ეძვიროს, მაგრამ დამიჯერეთ, აქ ისეთი ფასებია, განსაკუთრებით ოფიციალურ, ფიფას სავაჭრო ნიშნით ბრენდირებულ პროდუქციებზე რომ 22 დოლარი არაფერია. შედარებისთვის: ლეგოს მიერ დამზადებული ფიფას ოქროს თასის კომპლექტი 200 დოლარად იყიდება.

მეოთხედფინალის დაწყებამდე ერთ დიდებულ წიგნის მაღაზიასაც მივაგენი მეხუთე ავენიუზე. Barnes & Noble-ში პირველად ჩემმა მასპინძელმა წამიყვანა ფილადელფიაში, ნიუ იორკში კი Barnes & Noble-ს იმხელა ფართობი უჭირავს, რომ წიგნის მოყვარული, თუ არსად ეჩქარება, იქ რამდენიმე საათს თავისუფლად გაატარებს. თან, მეორე სართულზე ისეთი დიდებული კაფეა გემრიელი ყავით და შოკოლადის ნამცხვრებით, რომ…

წიგნები და ჟურნალები კი ყველა თემაზეა. მაგრამ Barnes & Noble-მა მხოლოდ გამოცემებით არ მომხიბლა, გვარიანად დიდი ადგილი უჭირავს მუსიკალურ განყოფილებას. იქ კი რამდენიმე ისეთ ფირფიტას, ანუ ვინილს მივაგენი, რომელზეც ნიუ იორკში მოხვედრამდე მხოლოდ ვოცნებობდი. ჰოდა, როგორც იტყვიან ხოლმე: ღმერთო დალოცე ამერიკა!

ნიუ იორკის ერთ-ერთი მშვენება ბრაიანტის პარკიც იქვეა, მეხუთე ავენიუზე და ერთი კარგი წიგნით ხელდამშვენებულმა მისკენ გავწიე. სულ მალე ღია პაბი ვიპოვე, საფრანგეთის და მაროკოს ნაკრებთა მეოთხედფინალის წინ კი მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი, მიშელობი შევუკვეთე. ლუდის დიდი მოყვარული არ ვარ და მიშელობს გაცილებით მირჩევნია ბელგიური ლეფე, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ჰქონდათ.

ჯერ კიდევ თბილისში, როცა მეგობრები ჩემპიონატის ფავორიტებზე ვკამათობდით, ორ ნაკრებს გამოვარჩევდი, საფრანგეთს და ესპანეთს. პირველს იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ყველა პოზიციაზე ვარსკვლავია, თავდასხმა კი უნაკლოა. რაც შეეხება ესპანეთს, ამ გუნდით ევრო 2024-ზე მოვიხიბლე, მას შემდეგ კი ფურია როხას არც ტემპი დაუგდია და არც თამასა.

მუნდიალი ორივემ ძლიერად დაიწყო, თუმცა ლუის დე ლა ფუენტეს გუნდისგან განსხვავებით, რომელმაც ნელ-ნელა მოუმატა, დიდიე დეშამის ბიჭები პირველი ტურიდან ყველას უშანსოდ უგებენ, არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე აზიიდანაა, სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან თუ აფრიკიდან.

საფრანგეთის ნაკრების რიგით მეექვსე მოწინააღმდეგე მაროკომ ჯგუფშიც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ფლეი ოფშიც, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაეყარა დეშამის გუნდს და კვლავ ვერაფერს გახდა. ისინი კატარშიც შეხვდნენ ერთმანეთს, ნახევარფინალში, რომელიც ფრანგებმა ასევე 2:0 მოიგეს.

პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. მაროკოს ნაკრების გულშემატკივარი რომ ვიყო, ვიტყოდი 0:0 მეკარე იასინ ბონოს დამსახურება იყო-მეთქი. მან ხომ კილიან მბაპეს, დაიო უპამეკანოს და დეზირე დუეს ძალიან სახიფათო დარტყმები მოიგერია, ერთხელაც ხარიხა დაეხმარა.

აი ფრანგი რომ ვიყო, უგოლობას მხოლოდ მბაპეს დავაბრალებდი, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა. 28-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მოხდენილად გასცდა ნუსეირ მაზრაუის, ამ უკანასკნელმა ფეხი დაუდო და წააქცია, ხოლო მსაჯმა სამართლიანად დანიშნა პენალტი. ყველა მბაპეს მორიგ გოლს ელოდა, მათ შორის მეც, მაგრამ მან ისე ცუდად შეასრულა თერთმეტმეტრიანი, რომ ბონოს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია.

დაიწყო მეორე ნახევარი და დეშამის გუნდმა ზეწოლა გააძლიერა, შემდეგ კი ექვს წუთში ორი გოლიც გაიტანა. თამაშის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში მბაპემ მაინც შეაგდო „თავის“ გოლი – შორეულ კუთხეში გაახვია ბურთი, შემდეგ კი უსმან დემბელემ დააწყებინა მეტოქეს ცენტრიდან თამაში – 2:0.

საფრანგეთის ნაკრებმა მიჯრით მეექვსე მატჩი მოიგო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ტურნირის ისტორიაში კი 45-ე გამარჯვება იზეიმა და ბედკრულ იტალიის ნაკრებს გაუთანაბრდა. მათზე წინ მხოლოდ არგენტინა (52 მოგება), გერმანია (70) და ბრაზილია (79) არიან.

აუცილებლად უნდა ვახსენო დიდიე დეშამიც. მისი ხელმძღვანელობით ფრანგებმა მე-20 თამაში მოიგეს ფინალურ ეტაპზე, ეს კი ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ ბრაზილიის 2002 წლის ნაკრების შემდეგ ეს საფრანგეთი პირველია, რომლის ორმა წევრმა გაიტანა მინიმუმ 5 გოლი. კორეა-იაპონიაში სელესაოს თავდასხმის ლიდერები ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდო (8 ბურთი) და ვიტორ ბორბა ფერეირა რივალდო (5) იყვნენ, მბაპემ და დემბელემ კი მათი შედეგები მეოთხედფინალშივე გაიმეორეს.

მბაპე, რომლისთვისაც ბონოს კარში შეგდებული ბურთი საიუბილეო, მეოცეა მსოფლიო ჩემპიონატებზე, პირველი მოთამაშე გახდა ორ ჩემპიონატზე 8 გოლის გატანა რომ მოახერხა. კატარში ის ბომბარდირი იყო 8 გოლით, მექსიკა-ამერიკა-კანადაში კი ანალოგიური შედეგით თანაბომბარდირია, ლეო მესის გაუთანაბრდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთი მიმაჩნია უძლიერეს გუნდად, ვივარაუდებ: ფრანგების მე-10 ნომერი ზედიზედ მეორედ გახდება „ოქროს ბუცის“ მფლობელი.

ამ წუთისთვის კილიანი ბომბარდირთა ჩამონათვალში პირველია, რადგან 8 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა. თუ ასე გააგრძელა, 2025-2026 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ფინალის დასრულებისთანავე გვეცოდინება. რა თქმა უნდა ჯერ ძალიან ადრეა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მბაპემ და მისმა თანაგუნდელებმა მხოლოდ მე ხომ არ მომხიბლეს? მათი თამაშით გაცილებით მრავლისმნახველი ხალხია აღფრთოვანებული, ვეტერანი ჟურნალისტებით დაწყებული და თვით გარი ლინეკერით დასრულებული.

გულით ვგულშემატკივრობ ხვიჩა კვარაცხელიას, მაგრამ მუნდიალი მაინც სხვა სიმაღლეა, ბოლოს და ბოლოს, ოთხწლეულის მთავარი შეჯიბრებაა. მსოფლიო სცენაზე ფრანგი სუპერვარსკვლავის ასე დამაჯერებლად ასპარეზობა კი აუცილებლად დიდ როლს ითამაშებს ფრანგული ჟურნალის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში.

დეშამის გუნდი, რომელიც 16 გოლით ყველაზე შედეგიანია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, მეტოქეს რამდენიმე საათში შეიტყობს. ზედიზედ 35 შეხვედრაში დაუმარცხებელი და ჯერაც გოლგაუშვებელი ესპანელები ბელგიელებს გამოცდიან. დღევანდელი მეოთხედფინალი კალიფორნიაში, ინგლვუდში გაიმართება.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 10 ივლისი
ნიუ იორკი
ფოტო: FIFA

ka_GEGeorgian